რატომ გაანადგურა ნიკოლოზ რურუამ გია ბუღაძის ნახატები - კვირის პალიტრა

რატომ გაანადგურა ნიკოლოზ რურუამ გია ბუღაძის ნახატები

"ნიკა რურუასგან ეს არ მიკვირს. ვირი და წყენა ხომ გახსოვთ?"

"როგორც ზვიად გამსახურდიას მოაკლდა მერაბ კოსტავა, ასევე და უფრო მეტადაც მოაკლდა ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილს."

"როგორც კი ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წავიდა, მე თვითონ მივედი და ნახატები ჩამოვხსენი."

"მახსოვს მიშას მოღიმარი სახე და დიდი ფეხსაცმელები..."

"გადაგვაყოლებენ ამ ღვინოებს"

"თუ ივანიშვილი მართლაც ფიქრობს, რომ სომხეთის მოდელი ჩვენთვის იდეალურია, ეს უკვე კატასტროფაა"

ცნობილი მხატვარი - გია ბუღაძე 9 წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო და სულ რამდენიმე თვეა, რაც თანამდებობა დატოვა. გია ბუღაძე წლების მანძილზე წინა ხელისუფლების ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, დღეს იგი დუმილს არღვევს და სრულიად მოულოდნელ განცხადებებს აკეთებს.

- სამხატვრო აკადემიის რექტორი 9 წლის განმავლობაში იყავით. შემდეგ თანამდებობა მოულოდნელად დატოვეთ…

- სამხატვრო აკადემია სერიოზული ორგანიზაციაა, მას მოვლა-პატრონობა სჭირდება და იმედი მაქვს, ახლანდელი მთავრობა უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენს, ვიდრე წინა მთავრობა იჩენდა.

- თქვენ ყოველთვის ითვლებოდით წინა მთავრობის ფავორიტად...

- ალბათ იმიტომ, რომ თავიდან მხარი დავუჭირე მათ მოსვლას. ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ზურაბ ჟვანიასთან. ზურას შემდეგ მმართველობის სტილი ძალიან შეიცვალა... რომ გავიცანი, 18 წლის იყო. კარლო კაჭარავამ მოიყვანა ჩემთან სახელოსნოში. მახსოვს, როგორ გამაოცა ზურას საოცარმა ნიჭმა, ზუსტი ანალიზის უნარმა. ბიოლოგი ბიჭი მოვიდა ჩემთან, დახეული "კედებით" (მაშინ მოდაში არ იყო, უბრალოდ მეტის საშუალება არ ჰქონდა). როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მიხაროდა, ზურა რომ ჩაერთო. სწორედ იმ პერიოდში გავიცანი მიხეილ სააკაშვილი. იგი ჩემთან სახლში მოიყვანა პირველი მოწვევის პარლამენტის ყოფილმა პარლამენტარმა - გელა ჩორგოლაშვილმა. მახსოვს მიშას მოღიმარი სახე და დიდი ფეხსაცმელები... როდესაც ზურა ჟვანია პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა, შემომთავაზა, დიდი გამოფენა გამეკეთებინა პარლამენტის ისტორიულ შენობაში. მთელი ორი წელი იყო ნამუშევრები გამოფენილი. როგორც კი ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარეობიდან წავიდა, მე თვითონ მივედი და ნახატები ჩამოვხსენი. ერთი ამბავი ატყდა, ჟურნალისტები მოცვივდნენ და უამრავ შეკითხვას მისვამდნენ. მე ახლაც ვამბობ, რომ ის გამოფენა ზურასთვის გავაკეთე, მას შემდეგ ის ნახატები სარდაფში ყრია. ზურაბ ჟვანიას პარლამენტის ხელმძღვანელობისას გავაკეთე მეფეთა დარბაზის მოხატულობა პარლამენტის შენობაში. ეს დარბაზი სპეციალური შეხვედრებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი და ძალიან ამაყი ვიყავი... როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს და კოლინ პაუელი ჩამოვიდა, პრესკონფერენცია სწორედ ამ ჩემს მოხატულ დარბაზში მოეწყო. სამახსოვრო ფოტოც მაქვს... აი, რატომ მიაჩნდათ, რომ მთავრობის საყვარელი პერსონა ვიყავი... ეს დარბაზი ისტორიულია, იქ თავის დროზე ბერია იჯდა; ამ დარბაზში იდგა მაგიდა, რომელთანაც ზვიად გამსახურდია მუშაობდა. მაგიდას ნატყვიარებიც ამჩნევია. ზვიად გამსახურდიასაც კარგად ვიცნობდი, რადგან 1978-1979 წლებში პატრიარქის სტიქაროსანი გახლდით. ბატონი ზვიადი ეკლესიაში მარცხენა სვეტთან იდგა ხოლმე და ერთმანეთს ვესაუბრებოდით.

- ზურაბ ჟვანიას საეჭვო გარდაცვალების შემდეგ ბევრი დაუპირისპირდა წინა მთავრობას... თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ძალიან განვიცადე. როგორც ზვიად გამსახურდიას მოაკლდა მერაბ კოსტავა, ასევე და უფრო მეტადაც მოაკლდა ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, მაინც იმედი მქონდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვითარების დარეგულირებას შეძლებდა. ესენი უკიდეგანოდ ნიჭიერი ბიჭები არიან, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. ჩემთვის სამაგალითოა ზნეობრივ-მორალისტური რეფლექსები, რომელსაც თავის დროზე ჰაველი აწარმოებდა. ერთხელ წყლის მოსატანად მდივანს რომ დაუძახა, აღმოაჩინა, შინაგანად ირყვნებოდა... საუბარია ოთხჯერ არჩეულ პრეზიდენტზე.

- ყოფილ კულტურის მინისტრთან, ნიკა რურუასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

- ნიკა რურუაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ჩვენ შორის პირველივე დღიდან ძალიან რთული ურთიერთობა იყო და ასე დარჩა ბოლომდე.. თუკი რამეს ვთხოვდი რურუას აკადემიისთვის, არაფერს აკეთებდა. როგორც კი წამოვედი, მაშინვე გადასცა მილიონამდე ლარი. მე რა, კუბოში ჩავიტანდი ფულს?!... როცა რექტორად დავინიშნე, კონცეფციით მოვედი, ხედვა მქონდა და ვიცოდი, ბოლონიის პროცესი რომ გვიახლოვდებოდა. ვფიქრობდი, რომ გია ჭანტურია დამეხმარებოდა (ნავთობკორპორაციაში მუშაობდა) და შენობას მივხედავდი. როგორც კი რექტორად დავინიშნე, ვითარება შეიცვალა და გია ჭანტურია საქართველოდან საერთოდ წავიდა. დღემდე არსად მითქვამს, მე და რეზო ესაძე რომ მივედით ზურაბ ჟვანიასთან და ვთხოვეთ, გია ჭანტურიას ხელისუფლება ცუდად არ მოპყრობოდა... ზურაბმა დიდი სიმპათიები გამოთქვა ჭანტურიას მიმართ, მაგრამ ეტყობა, ვერაფრის შეცვლა შეძლო და გია საქართველოდან წავიდა... შემდეგ დავუკავშირდი "ქართუ ჯგუფს" და გარკვეული ტერიტორიის გაცვლის შედეგად გაგვირემონტეს მაღლივი, 11 სართულიანი კორპუსი. მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც ფონდი არ ჩამოვაყალიბე სწორედ იმიტომ, რომ გამოყოფილი ფული ვირთხებს არ მოეპარათ... წარმოუდგენლად დიდი ენერგიის ფასად გადავარჩინე ისტორიული დარბაზი. ძალიან სერიოზული პროექტი მქონდა. ნიკა რურუას ვთხოვე, ერთხელ მაინც შეეხედა ჩემი პროექტისთვის. მან არც ისურვა, რადგან აკადემია არ აინტერესებდა. ამის გამო ძალიან ნაწყენი ვარ. თანაც, მისი მინისტრობის პერიოდში სამინისტროს შესასვლელიდან ჩემი ნახატები ჩამოხსნეს, დახიეს და გადაყარეს.

- ეს ვანდალიზმი არ არის?

- ჩემთის ძალიან დიდი დარტყმა იყო, შოკი... ეს ჯერ არსად მითქვამს და არც ახლა ვაპირებდი გამხელას. ნამუშევრები დაფლეთილია, მაგრამ შევეცდებით რაღაც გადავარჩინოთ. ნიკა რურუასგან ეს არ მიკვირს. ვირი და წყენა ხომ გახსოვთ? მიზეზი ალბათ მისი აგდებული დამოკიდებულება იყო.

- იურიდიული უფლება ჰქონდა?

- ეს ნახატები იურიდიულად ნავთობის კორპორაციას ეკუთვნოდა. იურიდიულად ვერ დავსჯით. თუნდაც ჯოკონდა დახიო, ჩვენი კანონმდებლობით არ დაისჯები თუ კი შენ ის არ გეკუთვნის და შენს ტერიტორიაზეა.

- თქვენ მიმართ ერთ-ერთი კომპრომატი ის იყო, რომ წინა ხელისუფლებამ ერთი ნახატის შესრულებაში ორასი ათასი გადაგიხადათ..

- ის ნახატი კი არა ინსტალაცია იყო. 170 ათასი დაჯდა და მხოლოდ მასალა 140 ათასის იყო. 30 კაცი მუშაობდა. ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროექტი იყო. ძველი თბილისი იყო გამოსახული, შემდეგ ისიც ჩამოხსნეს და სად გადააგდეს, არავინ იცის.

- რობერტ სტურუასა და წინა ხელისუფლების დაპირისპირება ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის შემდეგ დაიწყო... თქვენზეც ხომ არ გადმოვიდა აგრესია?

- იმ სპექტაკლში ლაშასი აღარაფერი იყო, იმდენად შეცვლილი იყო. რობიკო თვისუფალი ინტერპრეტაციის დიდოსტატია და ისე დადგა, როგორც საჭიროდ მიიჩნია. ლაშამ პიესა 24 წლის ასაკში დაწერა, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ იყო მაშინ მთავრობაში. არ ვიცი, ჩემ მიმართ გაჩნდა თუ არა აგრესია... ბევრი მინახავს ყოფილი მინისტრი, ყოფილი ჩინოვნიკი, მაგრამ არ მინახავს ყოფილი ხელოვანი. თუ ურთიერთობა გაიფუჭეს, ისევ თავის თავს დაუშავეს.

- ახლანდელი ხელისუფლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- არანაირი დამოკიდებულება არ მაქვს. მხოლოდ ერთი რამ ვიცი - არ მინდა რუსეთი. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ რუსეთი რამეს გაგვიკეთებს. რუსეთს საქართველოს გაძლიერება არასოდეს მოეწონება. გადაგვაყოლებენ ამ ღვინოებს, ეს ღვინოც ბერკეტია იმისთვის, როგორ ეთამაშონ ჩვენს საზოგადოებას. სრულიად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იმ საკითხში, რომ რუსეთი არ უნდა. თუმცა, არ მგონია რესპუბლიკელებს, ან თუნდაც ირაკლი ალასანიასაც მოსწონდეთ რუსეთი. მახსოვს, გაეროში რა საამაყო გამოსვლები ჰქონდა ირაკლი ალასანიას.

- სომხეთს რომ უნდა მივბაძოთ, არც ეს მოგწონთ?

- მგონი, ბიძინა ივანიშვილს ეს ნამეტანი იმერულად მოუვიდა. მეც იმერელი ვარ, თანაც საჩხერელი და ამიტომ ვხვდები. თუ ივანიშვილი მართლაც ფიქრობს, რომ სომხეთის მოდელი ჩვენთვის იდეალურია, ეს უკვე კატასტროფაა. საქართველო მაშინ აღარ იარსებებს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)