პანტომიმის თეატრმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. თეატრში ძალიან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დაიდგა სპექტაკლები "წმინდა გიორგი", ქრისტე"... ამჯერად პანტომიმის თეატრი შენობის გარეშე დარჩა.. ამ საკითხთან დაკავშირებით პანტომიმის თეატრის დამაარსებელი – ამირან შალიკაშვილი გვესაუბრა.- ვირს პიტნა არ უყვარდა და ცხვირში ატენიდნენო... ასე გამოვედი ვირი მეც... საქართველოს პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილს თეატრის შენობა ერთ ლარად გამიყიდა. მას მხარს რომ ვუჭერდი, ამას ნუ წამომძახებენ. იგი პრეზიდენტია დღესაც და სამწუხაროდ არსად არ წავა. - პანტომიმის თეატრი ისედაც მიუხედავ შენობაში იყო...- ამ ბოლო დროს შენობა კარგი შესახედავი გახდა. თანდათანობით, ჩვენი სახსრებით ვალამაზებდით. დღეს არსებობს ერთი პიროვნება, რომელსაც პლეხანოველები "ზარალას" ეძახიან. მას ეკუთვნის სასტუმრო ყოფილი "ივერია" და რაც კი რამ არის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე. ასეთი ცხოვრება აუწყვია "თავისი შრომით"... ეს შენობაც მან იყიდა და მიამატა საკუთარ "ნაშრომს". პრეზიდენტს რომ უთხრეს თეატრს რა ბედი ელისო, უთქვამს ვინც მთლიანად შენობა იყიდა თეატრსაც ის მიხედავსო... შენობა ერთ ლარად არის გაყიდული და ორი მილიონი ინვესტიცია უნდა ჩადოს ვინც იყიდა. მე კი ჩემ თეატრს მილიარდად ვყიდი. მე ასე მიღირს და თუ ვინმეს ყიდვა უნდა, კიდეც უნდა გადაიხადოს.- გასულ წლებში საქართველოს ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა უამრავი თეატრი გაარემონტა...- ეგ შეკითხვა მე არ მეკუთვნის და პასუხს არ გაგცემთ. რა თქმა უნდა იმედი არსებობდა, მაგრამ არავითარი შემოხმიანება მისგან არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილის დახმარებას ვიღებ, როგორც სახალხო არტისტი და პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი. მე იმ ფულს მთლიანად თეატრს ვახმარ... 2000 ლარიდან ბოლო თეთრამდე თეატრისთვის ვდებ. ერთ ბუტერბროდი და ყავა მყოფნის დილით, საღამოს შეიძლება ასი გრამი "კონიაკი" დავლიო. ეს შენობა ჯადოა, რომელშიც სამწუხაროდ მე გავეჩხირე. რა აღარ მიაშენეს თეატრს – სახინკლე, სუპერმარკეტი.. ამ სუპერმარკეტისთვის 260 ათასი კრედიტად გასცა სახელმწიფომ. მთავრობასთან მეც მივედი ფულის სასესხებლად, მაგრამ უარი მითხრეს შენ ვერ გადაიხდიო. იქნებ გადავიხდიდი?!- დღეს არ არის გარკვეული რა ბედი ეწევა თეატრს, რომელ შენობაში გადახვალთ?- არაფერი არ ვიცი. ჯერჯერობით აქ ვარ. მე არ გავალ შენობიდან. თუ გამასვენებენ აქედან, როგორც ფილმშია "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", თორემ სხვა ვარიანტი არ არსებობს... მომცეს ასი ათასი და მათი აზრით უნდა გავეთრიო სადღაც.- პასუხი ვის მოეთხოვება თეატრის ბედზე?- თეატრი ქალაქის მერიას ეკუთვნის, რომელიც ამ წუთში თავს იკავებს და არაფერზე საუბარი არ სურს. დუმილი ამ დროს ნიჭიერების ტოლფასია, მე დუმილის დიდოსტატი ვარ და ვიცი მისი ფასი, მაგრამ 30 წელია ვწვალობ და ჩემი გაგდება უნდათ? - ვიცი გამაგდებენ, რადგან ეტყობა შალიკაშვილების გვარს ვეღარ იტანენ. პრეზიდენტმა გაყიდა ეს შენობა ერთ ლარად, მე გადავუხდიდი ხუთ ლარს აუცილებლად. მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)