მიიღო თუ არა "პა ზასლუგამ" იური ბაშმეტმა? - კვირის პალიტრა

მიიღო თუ არა "პა ზასლუგამ" იური ბაშმეტმა?

ცნობილი რუსი ალტისტის, იური ბაშმეტის საქართველოში ვიზიტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და არცთუ უსაფუძვლოდ, - მან დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონცერტები ჩაატარა, რაც ძალიან "საინტერესოდ" ახსნა, - ასეთი კონცერტებით საქართველოს მხრიდან დაბომბილ ცხინვალში ფული შევიდოდა და ქალაქის აღდგენას წაადგებოდაო...

თავის დროზე ბაშმეტმა სხვა რუს "ინტელიგენტებთან" ერთად ხელი მოაწერა პუტინის მიმართ წერილს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მარიონეტულმა რეჟიმმა გააჩაღა ომი, რომ საქართველომ საშინელი წამება მოუწყო ოს ქალებსა და ბავშვებს, მოხუცებს, გაანადგურა 2000-მდე მშვიდობიანი მოსახლე.

"ამერიკა ცდილობს, იყოს მთავარი და მართალი, რუსეთს კი არ სურს ამასთან შეგუება, რადგან ის დიდი "დერჟავაა". ამერიკელებს არ მოსწონთ რუსეთის სიძლიერე. ჩვენ კი გვსურს, ვიყოთ ძლიერები და მე ვამაყობ ჩვენი ხელისუფლებით!" - ეს განცხადება ბაშმეტმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

ასეთი წარსულის მიუხედავად, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მუსიკოსად აღიარებული ხელოვანი საქართველოში ჩამოვიდა და კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუკრა... კონსერვატორიის წინ საზოგადოების ნაწილი მის ჩამოსვლას აპროტესტებდა. კონცერტის შემდეგ დარბაზში ვიღაცამ პროტესტის ნიშნად დაუსტვინა კიდეც...…"რაც დავიმსახურე, მივიღე" - განუცხადებია იური ბაშმეტს და მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე აღარ წასულა.

ეს ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა და დაამატა: "აღიარა, რომ მიჰქარა და ეს კარგი მაგალითია სხვებისთვის. ამას ჭკუასელს ვერ ათქმევინებ, ვერაფრით".

საინტერესო იქნებოდა კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, გურამ ოდიშარიას პოზიციაც, თუნდაც იმიტომ, რომ რატომღაც არავის აქვს პასუხი კითხვაზე, თუ ვისი მოწვევით ჩამოვიდა იური ბაშმეტი საქართველოში, მინისტრი კი მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა იმის თაობაზე, რომ კულტურამ უნდა დაგვაახლოვოს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მინისტრთან დაკავშირება არ მოხერხდა. სამთავრობო პოზიციის არქონის ფონზე, აზრი საზოგადოებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ვკითხეთ.

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

- თავდაპირველად იმით დავიწყებ, რომ მე იმ ხალხის უფრო გამკვირვებია, ვინც ის საქართველოში მოიწვია და მას უსმენდა, ვიდრე თავად ბაშმეტის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მან ორჯერ დაარღვია კანონი, რომელიც თურმე ცალმხრივად ყოფილა შესასრულებელი... ახლა კი "ერისიონის" ტურნესაც შევეხოთ. მართალია, ბატონი ჯემალ ჭკუასელი და მისი ანსამბლი ქართველებმა მიიწვიეს (თუმცა გაუგებარია, რანაირად - უკანასკნელი ქართველი, ვისაც კრემლში შეეძლო ვინმეს მიწვევა ზუსტად 60 წლის წინ გარდაიცვალა), მაგრამ მას მაინც რუსი პოლიტიკოსების გულის მოსალბობად უნდა გაეშალა ხელები, თავზე "ბორჯომი" გადაესხა (რათა დაემტკიცებინა, რომ გოგირდმჟავასავით არ წვავს), თანაც კარგი იქნებოდა, თუკი ამას სოლო-ხორუმის ცეკვისას გააკეთებდა; ღვინის კასრშიც უნდა ჩაეცურა (კოლხური წესით, რათა რუსები დარწმუნდნენ, რომ ჩვენ კისრამდე შეგვიძლია მათთვისვე გაგზავნილ "ფეკალიებში" ჩაწოლა) და რუსული აქცენტით ემღერა მრავალჟამიერის ერთი სტროფი მაინც: "მრავალდჟამიარ"... რათა ეჩვენებინა, რომ ქართველობას ვინარჩუნებთ, მაგრამ თან მთლად გამომწვევადაც არ გამოვთქვამთ იდენტობის ხაზგამსმელ ჟ-ს.

პრინციპში, ანსამბლის ხელმძღვანელის ადგილზე მე ქართულად სიმღერისგანაც შევიკავებდი თავს... რა საჭიროა ამ ხალხის გაღიზიანება? რა მოვიგეთ, როცა ვაღიზიანებდით? ვუცეკვოთ უსიტყვოდ, მრავალმნიშვნელოვანი და საყვედურიანი გამომეტყველებით (ოღონდ არა ბოღმიანი და დაჟინებული მზერით).

გოგი ჭიჭინაძე, დირიჟორი:

- საოცარია, იცით?! ვერ მოვთვლი, რამდენჯერ დამირეკეს რუსეთიდან და მთხოვეს, საერთაშორისო ფესტივალი დამეხურა, მაგრამ უარი ვუთხარი. სანამ არსებული რეალობა არ შეიცვლება, სამთავრობო დონეზე მიწვეულ ყველა კონცერტზე უარს ვიტყვი. "ერისიონს" არაფერი დაუშავებია იმით, რომ რუსულ მაყურებელს უცეკვა, რადგან ჩვეულებრივ ადამიანებთან საჭიროა ურთიერთობა. იური ბაშმეტი კი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა, არის ნაძირალა, ჩვენი მტერი, ლოთი და ის კატეგორია, რომლისთვისაც ყველაფერი ადამიანური უცხოა. თუმცა, უდავოდ ნიჭიერი მუსიკოსია. ჩემთვის ძნელი გასაგებია, რატომ მოიპატიჟეს საქართველოში. მართალია, პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ ბაშმეტი თავად გასცდა კულტურის საზღვრებს, როდესაც სოხუმსა და ცხინვალში დაუკრა... ის სისხლიანი, საშინელი პუტინის აპოლოგეტი გახდა და ამ ყველაფრის შემდეგ გაბედა და თბილისში ჩამობრძანდა. ჩამოსვლამდე ბოდიში რომ მოეხადა, კიდევ - ჰო, მაგრამ ახლა მისი სიტყვები, "რაც დავიმსახურე, მივიღე" - ვერაფერს ცვლის... როდესაც ქართველმა ხალხმა ლენინის ძეგლი გადმოაგდო, იქვე პუშკინის ძეგლიც იდგა, მაგრამ მისთვის ხელი არავის უხლია, რადგან ჩვენ ლენინსა და პუშკინს შორის განსხვავებას ვხედავთ.

დათო ბუხრიკიძე, მუსიკათმოცდნე:

- არავინ დავობს იმაზე, რომ იური ბაშმეტი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი და მსოფლიო დონის მევიოლინეა. კონცერტის შემდეგ, მას უთქვამს, რაც დავიმსახურე, ის მივიღეო და ბანკეტზე არ წასულა. ეს არის ჭკუის სასწავლებელი მაგალითი ჯემალ ჭკუასელისთვის და კარგი იქნებოდა, ეს მას საპირწონედ გამოეყებინა. რაღაცნაირად დროში ერთმანეთს დაემთხვა რუსეთში მისი და საქართველოში ბაშმეტის ვიზიტი. ძალიან მაინტერესებს, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ამბავი იცოდა, რატომ არ აამოქმედა კანონი ოკუპაციის შესახებ და რატომ არ მისცა შესაბამისი შეფასება?! ეს ყველაფერი იმის დასტური ხომ არ არის, რომ ჩვენ ბევრად უპასუხისმგებლოდ ვექცევით საკუთარ ისტორიას, ვიდრე სხვა ქვეყნები. შესაძლოა, ისიც ვიფიქროთ, რომ ბაშმეტი მიხვდა - აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის შემდეგ, თბილისში არ უნდა ჩამოსულიყო კონცერტის ჩასატარებლად და ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ჩვენ რას ვიგებთ ამით?!

როდესაც ამბობენ, რომ კულტურა პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ, ეს შესაძლოა ისეთ ქვეყნებზე ითქვას, რომელსაც ტერიტორიული დავა არ აქვს. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ღია ჭრილობის გაღიზიანება და არა დიპლომატია.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)