ნინი ბადურაშვილი - მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი მყავს - კვირის პალიტრა

ნინი ბადურაშვილი - მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი მყავს

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ფეხმძიმედ არის, მუშაობას მაინც სიამოვნებით განაგრძობს, ოღონდ - ამჯერად არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც ჟიურის წევრი - ის ზაზა შენგელიასთან და მიშა მშვილდაძესთან ერთად "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს შეაფასებს. "შემოთავაზება ტელევიზია "რუსთავი 2"-ისგან მივიღე და არ მესმის, ამ წინადადებაზე უარი რატომ უნდა მეთქვა? ეს ამბავი ირაკლის რომ ვუთხარი, ერთი დღე კი იფიქრა, მაგრამ მერე დამთანხმდა. მე მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი მყავს", - გვითხრა მომღერალმა.

- ეს პროექტი ივნისის ბოლოს მთავრდება, - ანუ ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში უნდა იყო. შენი მეუღლე ამ ამბავს როგორ ეგუება?

- ირაკლი მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარია. ალბათ, ბევრი მამაკაცი მასავით არ მოიქცეოდა. მან იცის, ეს საქმე ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ამიტომაც დამთანხმდა...

- მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?

- კარგად. გათხოვებას ვფიქრობ, ყველა ქალი ეჩვევა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე ძალიან მომთხოვნია. ირაკლის ხასიათმა ბევრი რამ გამიადვილა. ის დაკავებულია, მთელი დღე სახლიდან გასულია და ჩემგან სადილის ან საუზმის მომზადებას არ მოითხოვს. მთავარია, სახლში წესრიგი და სისუფთავე იყოს.

- მოსკოვში ახალი მეგობრები შეიძინე?

- იქ საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ცხადია, რუსებზე მეტად, ქართველებთან ვმეგობრობ. ქეთა თოფურიას თუ სცალია, ვნახულობ. მას ყოველთვის ბევრი საქმე აქვს, სულ მუშაობს. დეკემბერში 2-3 ჯერ ძლივს ვნახე. თან, ქეთაც გაგვითხოვდა... ბევრი ქართველი იქ წლების მანძილზე ცხოვრობს. ჩვენ საღამოობით ვიკრიბებით და დრო ასე გადის.

- როგორც მომღერალი, არ აქტიურობ?

- გამოსვლა მქონდა ერთ-ერთ კლუბში. ასევე, ვმონაწილეობდი პროექტში - "აისოლ". ამ პროექტში უმეტესად, უცნობი შემსრულებლები მონაწილეობენ. იმართება კონცერტი ბენდთან ერთად და უამრავი მაყურებელი ესწრება. იმ საღამოს, როცა მე გამოვედი, აჩი ფურცელაძემაც იმღერა. მოსკოვში შევნიშნე, რომ იქაური მსმენელები საქართველოდან ყოველთვის ნიჭიერ ადამიანს ელოდებიან. იქ დღეისთვის ყველაზე ცნობილი მომღერალი - გრიგორი ლეფსი (ლეფსტვერიძე) ქართველია, რომ აღარაფერი ვთქვა მელაძეზე, გვერდწითელზე, პავლიაშვილზე... ამ ადამიანების მოსმენის შემდეგ ცხადია, რომ რუს მაყურებელში არის ასეთი მოლოდინი და განცდა: ქართველი თუა, - ნიჭიერი იქნება.

- ირაკლი რას გეუბნება?

- ის არასდროს ყოფილა იმის წინააღმდეგი, რომ მემღერა. მგულშემატკივრობს და მაქსიმალურად მიწყობს ხელს. სხვათა შორის, პროექტი - "აისოლ" მის მეგობარს ეკუთვნის და ჩემი გამოსვლის ინიციატორი სწორედ ირაკლი იყო. მისი მადლობელი ვარ.

- ბავშვს როდისთვის ელოდებით?

- ჩვენი პატარა ივლისის ბოლოს დაიბადება. ძალიან ბედნიერები ვართ.

- ბავშვის სქესი იცი?

- კი, გოგოს ველოდებით. თავიდან ირაკლი იძახდა, - ბიჭი იქნებაო, მაგრამ შეცდა... პირველი შვილიშვილის დაბადებას ბებია-ბაბუებიც მოუთმენლად ელოდებიან.

- ალბათ, მშობიარობა თბილისში მოგიწევს.

- "საქართველოს ვარსკვლავი"-ს დასრულებამდე აქედან ვერ წავალ, მერე კი, ვინაიდან უკვე 8 თვის ფეხმძიმე ვიქნები, მოსკოვში გაფრენას ვეღარ მოვახერხებ. ასე რომ, ჩემი შვილი საქართველოში დაიბადება.