განძად ქცეული განძანი და რუსული პასპორტები ჯავახეთში
ალბათ მხოლოდ მე არ ვფიქრობ, რომ ისტორიულ პრობლემაზე წერა გენეტიკურ ცნობიერებაზე ზეწოლას იწვევს. თუმცა სწორედ ასეთ ზეწოლას უძლებს მუდმივად ჩვენის ქვეყნის იმ ტერიტორიების მოსახლეობა, სადაც ისტორიული პრობლემები მუდმივად განახლებადია. სწორედ ამიტომაც არის საჭირო გააზრებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება არა მხოლოდ ასეთი რეგიონების, არამედ თავად ამ რეგიონების მოსახლეობის მიმართაც, - ეს ჩემი პირადი აზრია და ვიცი, რომ ამით ახალს არაფერს ვამბობ, თუმც ახალი, რუსული პასპორტის თემით სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის დაშინებამ, ამის გამეორება კიდევ ერთხელ მაიძულა.
საქმე ეხება ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ინფორმაციის ავტორი, მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში წააწყდა რუსული პასპორტების დედანს, რომლებიც მომავალში სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას უნდა დაურიგდეს. მართალია ინფორმაციის წყარომ უცნობად დარჩენა ირჩია, მაგრამ პრობლემა მტკივნეულად ნაცნობია, - წლების წინ სწორედ ასე დაიწყო სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიორიაზე რუსული პასპორტების დარიგება, რასაც ლოგიკურად მოჰყვა რუსეთის განცხადებები, რომ ის თავის მოქალაქეების ინტერესებს ნებისმიერ ტერიორიაზე დაიცავდა. შედეგად მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, რომელთა დაბრუნების
ძალაც, საუბედუროდ, დიდხანს არ აღმოგვაჩნდება. ყოველშემთხვევაში, - უახლოეს მომავალში. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვცადეთ, საიდანაც ეს ამბავი თავად მოსახლეობამ შეგვატყობინა. მათვე შეგვატყობინეს სოფელ "განძანის" ტრაფარეტის შესახებ, რომელზეც სოფლის სახელწოდების ქართულ და ინგლისურ ვარიანტებში საგანგებოდ არის ამოფხეკილი ბოლო ასო-ნიშნები.
რაიმე სიახლეს რასაკვირველია, არც ეს "ისტორიული შედევრი" შეიცავს, - სამცხე-ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის გარკვეული კატეგორია იმდენად არის დახელოვნებული ასეთ "შემოქმედებაში", რომ ქართული კვალის განადგურებას საუკუნოვან ტაძრებზეც ცდილობენ, - პირდაპირ თუ ვიტყვით, იბრძვიან ქართული კვალის წაშლისთვის. ჩვენ კი იმისთვის კი რომ ეს ბრძოლაც წაგებით არ დავამთავროთ, ერთადერთი შანსი გვაქვს დარჩენილი, - ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და თანაც, დაუღალავად!
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ბერიძე ამ მოვლენებს ასე აფასებს:
- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვინმე ქართულ ძირძველ ქართულ ტოპონიმიკაში ბოლო, სახელობითი ბრუნვის ნიშნის წაშლას ცდილობს, ესე იგი, ის ამ დასახელებაში ქართულ კვალსაც სრულიად ფხეკს, რადგან სწორედ ქართული ტოპონომიკისთვის არის დამახასიათებელი სახელობითი ასო-ნიშნით დასრულება. მსგავსი ბარბაროსობა ამ ისტორიულ კუთხეში საეკლესო სიწმინდეებთან დაკავშირებითაც ხდება, რისი მოწმე პირადადაც არაერთხელ გახლდით. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში არის მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული სოფელი "სათხე". რომლის ტოპონიმიკა იმდენად ქართულია შინაარსით, რომ როგორც კი რიგითმა ავისმოქმედმა ტრაფარეტზე სახელობითი ბრუნვის ნიშანი "ე" გადაფხიკა და მის ნაცვლად "ა" ჩაწერა, ხმაური ატყდა. ამის მიუხედავად, ამ კატეგორიამ მაინც მოასწრო, რომ სათხეს XIII-XIV საუკუნის ტაძარში ნახევარზე მეტი ქართული წარწერები გადაეფხიკა. ეს ამბები დღესაც გრძელდება, იმის მიხედვით, ვისაც რაზე გასწვდება "ინტელექტი". სახელდობრ, სოფელ "განძანის" ტრაფარეტზე ასო-ნიშნების ამოფხეკა სწორედ ამის მოქმედის მწირ ინტელექტზე მეტყველებს. მან იცოდა მხოლოდ ის, რომ ტოპონიმიკის დაბოლოება უნდა წაეშალა, მაგრამ აზრზეც არ იყო, რომ ეს დაბოლოება მრავლობითი ბრუნვის ნიშანი იყო, ზოგადად ქართული ტოპონიმი "განძა" კი უცვლელი რჩებოდა. ასეთი რამ ხშირად ხდება ამ ისტორიულ კუთხეში. თუმცა დაკავშირებით ერთსაც ვიტყვი, აქ ხალხი ასეთ ტრაფარეტებზე საკუთარ სახელებსაც წერს და ერთხელაც რომ მოეძებნათ სამართალდამცველებს ამის მოქმედი და დაესაჯათ, ბევრი მსგავსი დანაშაული აღარ მოხდებოდა. ისიც მინდა ვთქვა, რომ ბრალში სომხებთან ერთად ქართველებიც ვართ გარეული.
- რას გულისხმობთ?
- ქართული ცნობიერების წაშლას ჩვენი უცოდინრობით. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში არსებობს ისტორიული სოფელი თავფარავანი. ამ სოფელში მდებარე ტბას ჰქვია თავფარავნის ტბა, ხოლო მდინარეს თავფარავნის წყალი. მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცას სახელი "ფარავანი" უფრო მოსწონდა, "თავფარავანთან" შედარებით სოფლის ტრაფარეტს "ფარავანი" დააწერა. ამგვარი ფაქტი აქ მრავალია, მაგალითად სოფელ "ოთას" "ოთასწყალი" დაარქვეს და ა.შ. არადა, ეს რომ არ მომხდარიყო სულ ცოტა რამ იყო საჭირო, - მეცნიერებთან კონსულტაცია.
- სამცხე-ჯავახეთში რუსული პასპორტების დარიგების შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? უკავშირდება თუ არა ეს ციხიდან ვაჰადან ჩახალიანის გამოშვებას?
- პასპორტების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვერც ვაჰაგნ ჩახალიანის ციხიდან გამოშვებაში ვხედავ ტრაგედიას. პრობლემები დარეგულირდება, თუკი ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთის მიმართ გააზრებულ პოლიტიკას გაატარებს და არა ემოციურს, სწორედ ამ უკანასკნელს მივყავართ დიდ შეცდომებამდე.
ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსს ართიკ საღოიანს ვესაუბრეთ, რომელმაც ასევე უარყო სამცხე-ჯავახეთში რუსული პასპაორტების გავრცელებასთან დაკავშირებული ხმები. ტრაფარეტებთან დაკავშირებით კი სამართალდამცველები დაადანაშაულა. რაშიც ალბათ უნდა დავეთანხმოთ კიდეც.
თუმცა კი თავად ფაქტებში ამით არაფერი იცვლება, - დამოკლეს მახვილი, რომელიც ჩვენს თავზე ჰკიდია იმდენად ძველი, მყარია და საშიში, თუკი ოდნავ ჭკუა შეგვრჩა, მის ქვეშ თვალის მოხუჭვა არ შეიძლება.
ვითომ ჩვენ ამას ვაკეთებთ?