ორშაბათს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ "კვირის პალიტრის" საშუალებით ვრცელი ნარკვევი გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებზე მსჯელობისას, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრესასა და სოციალურ ქსელებში სიწმინდის, ნებისმიერი რელიგიისა და მათი ლიდერების დაცინვა, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა კანონით უნდა დაისაჯოს. შევეცადეთ გაგვერკვია რას ფიქრობენ ამ ინიციატივაზე საზოგადოებაში ცნობილი პირები და რამდენად რეალურია ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხორციელება.მეუფე სერაფიმე, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი:- პირველ რიგში გეტყვით, რომ მე წავიკითხე "კვირის პალიტრაში" ვასაძის წერილი და ძალიან მომეწონა. ეს არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის ნაფიქრალი, რომელიც მართლაც რომ დროულია. ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ ძალიან მოზომილი, დინჯი, განათლებული და პატრიოტი პიროვნებაა...…რაც შეეხება კონკრეტულად ამ მიმართვას, კარგი იქნებოდა, რომ ასეთი კანონი ადრეც მიეღოთ. დასავლეთში სახელმწიფოს ლიდერების მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები აკრძალულია. ამერიკაში ცოლ-ქმარი დააპატიმრეს, შემდეგ კი საკმაოდ დიდი ჯარიმა გადაახდევინეს, რადგან მათ პრეზიდენტ ობამას დაცინვისა და მუქარის წერილი გაუგზავნეს. თუ საერო ადამიანის მიმართ არის ასეთი კანონი, რატომ არ შეიძლება სასულიერო პირებისა და ზოგადად რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმების შემთხვევაშიც იყოს გამოყენებული?!. განსაკუთრებით მაღალი იერარქიის მიმართ, მით უმეტეს, რომ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა...…მუსლიმანურ ქვეყნებში, საუდის არაბეთში ან თურქეთში, ვერავინ გაბედავს ადგილობრივი მორწმუნე ცინიკურად მოიხსენიოს.- ლევან ვასაძე რელიგიური სექტების აკრძალვაზე საუბრობს და ამბობს, რომ განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა ცხინვალის, პერევისა და ენგურის მიმდებარე სოფლებში...- სრულიად ვეთანხმები, რადგან საქართველოში ისტორიულად არსებობს ეს რელიგია, რომელიც ქართველი საზოგადოების სულიერი ფასეულობაა და არ შეიძლება, სადღაც რომელიღაც ქვეყანაში, ვიღაცის მიერ ფულის გასაკეთებლად ჩამოყალიბებულმა ორგანიზიციამ საზოგადოებას გონება აურიოს. ეს ქართული ეკლესიის შეურაცხყოფა და ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა... ასე რომ, ბატონ ლევანს ამაზეც სწორი პოზიცია აქვს. ისე კი, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის თქვენმა კოლეგებმა, მაგალითად, დავით პაიჭაძემ და სხვებმაც, თუნდაც გიგა ბოკერიამ, ლევან რამიშვილმა და აკაკი მინაშვილმა არ იციან, რომ ევროპაში ასეთი რამ, რასაც ისინი საუბრის დროს ხშირად იყენებენ და რითაც ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკნინებენ, კანონით აკრძალულია. მათ ჰგონიათ, რომ ევროპაში ყველაფერი ნებადართულია, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მე ეს ადამიანები შემთხვევით არ მიხსენებია, როდესაც ისინი ასე გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ეს სხვებისთვისაც ცუდი მაგალითია.მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნეობის დოქტორი, ყოფილი მოსამართლე:- ბატონი ვასაძის მიერ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში წერია, სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსში არ არის გათვალისწინებული... ის, რომ რომელიმე რელიგიურ მრწამსს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ეს ადამიანს ზნეობაში უნდა ედოს.- სხვების, განსაკუთრებით კი, რელიგიური ლიდერების მიმართ აგდებული დამოკიდებულებით ისეთი ადამიანებიც გამოირჩეოდნენ, ვისაც მაღალ ზნეობაზე აქვთ პრეტენზია...- დიახ, გეთანხმებით, მაგრამ ადამიანს, რომელსაც განსწავლულობაზე აქვს პრეტენზია, არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ რელიგიური პირის, სიწმინდის, ან ტრადიციის მიმართ აგდებული ტონით არ ილაპარაკოს. ამას მას ზნეობა უნდა კარნახობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს... ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული რეჟიმი იყო, რომელიც ფაშისტურს არაფრით ჩამოუვარდებოდა. . მოდი, ცოტა ხნით შევეშვათ რელიგიურ ლიდერებს, თქვენ გახსოვთ, სააკაშვილმა როგორ მიმართა ირინა სარიშვილს, "პოლიტიკური პრასტიტუტკა" უწოდა და ეს თურმე შეიძლებოდა, მაგრამ პირიქით, მათთვის რომ გეთქვა მსგავსი რამ - ეს კანონდარღვევა იქნებოდა... არადა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელშიც წერია, რომ ადამიანს აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ეს დაკავშირებულია სერიოზულ პასუხისმგებლობასთან და მეორე ნაწილში ჩამოთვლილია, თუ რა არ შეიძლება. ანუ პირდაპირ გეუბნება - რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი არ უნდა თქვაო... ბატონი ლევან ვასაძე ადამიანური ენით მიმართავს საზოგადოებას და მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი მკაცრად იყოს, რასაც მივესალმები, რადგან ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი კანონის შერჩევით შესრულებას არის ჩვეული.შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი:- ჩვენს კანონმდებლობაში უკვე წერია, რომ ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვა არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა განსაკუთრებით დასჯადი ეს საკითხი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცნობს პრაქტიკას, როდესაც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში აკრძალეს პროვოკაციული მხატვრული ფილმის აფიშების გაკვრა. ფილმის რეჟისორმა ბიბლიური სიუჟეტი გამოიყენა, რომელშიც პორნოგრაფიული ელემენტებიც იყო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბალანსის დაცვა, - ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და რომელიმე რელიგიური მრწამსის მიმდევარს შორის. მაგალითად, პირადად მე ვერ მივესალმები ვერანაირ სიახლეს, რომელიც სოციალურ ქსელში აზრის თავისუფალ გამოხატვას შეზღუდავს, ასეთ შემთხვევაში რაიმე პასუხისმგებლობაში მიცემის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მე, ამ ფორმულირებას ზოგადად ვაკეთებ, საერთოდ ადამიანს, აზრის გამოხატვის უფლება არ შეუზღუდო, ვინაიდან ვიღაც ეთანხმება ცხოვრების იმ წესს, რომლითაც ცხოვრობს და ვიღაც არ ეთანხმება, და მგონი, მაქვს უფლება ვთქვა ის, რასაც არ ვეთანხმები. ისევე, როგორც ამა თუ იმ რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები აკეთებენ ამას. - აზრის გამოხატვის ფორმაზეა საუბარი, ბატონო შალვა... - დიახ, მესმის, მაგრამ ახალი ველოსიპედი არ უნდა გამოიგონონ. ეს პრობლემა ჩვენთანაც ისე უნდა იყოს მოგვარებული, როგორც ევროპის ქვეყნებში, რომლისკენაც გამალებული ვისწრაფით. რაღაცის ასე ხელაღებით აკრძალვა, ძალიან მძიმე ნაბიჯია და ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. ნებისმერი ორგანიზაცია და პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, თუ ის თესავს რელიგიურ შუღლს, ერთა შორის უთანმხოებასა და შეუწყნარებლობას...…ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)