ნინო ანანიაშვილი - ბედნიერი ვარ, ჩემი მეუღლე რომ დამიბრუნდა - კვირის პალიტრა

ნინო ანანიაშვილი - ბედნიერი ვარ, ჩემი მეუღლე რომ დამიბრუნდა

ახლახან საქართველოს ყველაზე დიდ თეატრებში ცვლილებები განხორციელდა და ხელმძღვანელობა შეიცვალა. გავრცელდა ხმები, რომ შესაძლო იყო შეცვლილიყო თბილისის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელიც - ნინო ანანიაშვილი... თანაც, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა მისი მეუღლე - გრიგოლ ვაშაძე. მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე, ქართველი პრიმაბალერინას მისამართით წლების განმავლობაში არაერთი საყვედური ისმოდა... ნინო ანანიაშვილმა დაძაბული გრაფიკის მიუხედავად (საპრემიერო სპექტაკლების წინ) ჩვენს შეკითხვებს უპასუხა:

- ქალბატონო ნინო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცვლილებები განხორციელდა, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- დიახ... ახლახან დაინიშნა ბატონი გიორგი ჟორდანია და ჩვენ უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა. ალბათ ერთად ბევრ რამეს გავაკეთებთ და შედეგიც გვექნება.

- გქონიათ დღემდე შემოქმედებითი თანამშრომლობა გიორგი ჟორდანიასთან?

- როგორ არა. სპექტაკლ ”მაკნატუნაში” ვცეკვავდი, როდესაც იგი დირიჟორობდა... მე მაშინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში როგორც სტუმარი ჩამოვდიოდი და ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. კარგი პროფესიონალია და რა თქმა უნდა, ერთმანეთთან არანაირი პრობლემები არ გვქონია. ახლა სულ სხვა სახის ურთიერთობა გვექნება. როგორც თეატრის ხელმძღვანელებს ბევრი საქმე გვექნება ერთად მოსაგვარებელი.

- თეატრებში დიდი ცვლილებები განხორციელდა. ცოტა რთული წარმოსადგენია თქვენი შემცვლელის პოვნა, მაგრამ დადგა თუ არა ეს საკითხი საერთოდ?

- ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დამდგარა. თუმცა შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს... რაც შეეხება ცვლილებებს, ეს ბუნებრივია. როდესაც მთავრობა იცვლება, თეატრებშიც იცვლება ხელმძღვანელობა და ამაშიც დიდ კატასტროფას ვერ ვხედავ... მთავარია თუ კონტრაქტების სისტემა არსებობს, კონტრაქტები არ დაირღვეს. პროცესი არ უნდა შეწყდეს და არ უნდა შეეხოს უბრალო ხალხს, რომლებიც თეატრში მუშაობენ. ანუ არ უნდა იყოს მასიური ცვლილებები. ხელმძღვანელების შეცვლა კი ის მოვლენაა, რომელიც მთავრობის შეცვლასთან ერთად არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან ხდება.

- ასეთი ბრალდებაც ისმის თქვენი მისამართით: თქვენ არ წყალობთ ქართულ დადგმებს...

- ჯერ ერთი ქართული დადგმა ”საგალობელი” დავდგით, რომელიც უზარმაზარი წარმატებით გადის მთელ მსოფლიოში.. ქართულ სპექტაკლებს ვახტანგ ჭაბუკიანი დგამდა და დღეს არავინ მეგულება, რომელიც მასზე უკეთესად დადგამს. ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლების აღდგენა ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან არ მინდა იმის გაფუჭება რაც ხალხს ახსოვს. დღემდე ვეძებ ვინ შეიძლება ”ოტელო” შეასრულოს, ისე რომ ვისაც უნახავს ვახტანგ ჭაბუკიანის შესრულებით, მან არ გაგვკიცხოს. ვახტანგ ჭაბუკიანი იმდენად ძლიერი იყო მისი ცეკვის გამეორება შეუძლებელია. მე ვფიქრობ ახალი ქართული სპექტაკლები დავდგათ, მაგრამ ამასაც დრო და მომწიფება ჭირდება. აქამდე იმას ვაკეთებდი, რასაც დღევანდელობა და ბაზარი გვთხოვდა.

- და ბოლოს თუ შეიძლება თქვენს მეუღლეზე - გრიგოლ ვაშაძეზეც გკითხოთ?

- ჩემი მეუღლე ჯერჯერობით სახლშია. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დამიბრუნდა და ბევრი დრო აქვს ჩემთვის და ჩემი ქალიშვილისთვის.

- არ აპირებს პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს?

- ჯერჯერობით არა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს დიდხას გაგრძელდება. ასე მინდა ნამდვილად. ძალიან რთულია პოლიტიკა და ამიტომაც არ მიყვარს. ყოველთვის განვიცდი როცა საქმე პოლიტიკას ეხება.

- მეუღლის მინისტრობა დისკომფორტს გიქმნიდათ?

- ჩემთვის რთული იყო, იმიტომ რომ ყოველთვის განებივრებული ვიყავი მისი ყურადღებით, ერთად ყოფნით და ძალიან მეხმარებოდა ჩემს საქმეში. ვიცი მისთვის რას ნიშნავს ხელოვნება და რომ ჩამოშორდა ამ ყველაფერს მისთვისაც რთული იყო.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

- კიდევ შევთავაზებთ პრემიერებს მაყურებელს, ივნისში სეზონს დავხურავთ და ასე შემდეგ..

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)