"ბაღანა დიდი ხანია ავად მყავდა... ერთი წლის ბავშვი მოხუცივით იყო დანაოჭებული" - კვირის პალიტრა

"ბაღანა დიდი ხანია ავად მყავდა... ერთი წლის ბავშვი მოხუცივით იყო დანაოჭებული"

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში ერთი წლის ბავშვი შიმშილისაგან გარდაიცვალა, - პატარა გოგიტა აბაშიძეს სხეულს ყველა სასიცოცხლო ძალა იმდენად ჰქონდა გამოლეული, რომ ერთი წლის ბავშვი მოხუცივით იყო დანაოჭებული. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ორგანიზმის ამგვარი დაუძლურება ხანმოკლე პროცესის შედეგი არ უნდა ყოფილიყო, თვეები იყო საჭირო, რომ ბავშვი ამ დღეში ჩავარდნილიყო. მერე კი ალბათ ამ სოფელში აუცილებლად ხანძარი უნდა მომხდარიყო, რომ აქ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ ფარტენაძე ასულიყო, მოხუცივით დაბერებული ბავშვი ენახა და შეძრწუნებულს ქალაქ ბათუმში გადაეყვანა სამკურნალოდ, სადაც საუბედუროდ, ის იმ ღამესვე გარდაიცვალა.

ასეთია ის შემზარავი რეალობა, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, - სამწუხაროდ ამის თქმის საშუალებას ის პირადი გამოცდილებაც მაძლევს, რომ როგორც "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სხვა დროსაც არა ერთხელ შევხვედრივარ სიკვდილის პირას მისულ პატარებს და საზოგადოების ძალისხმევით გადაგვირჩენია. ახლა კი მივყვეთ იმ რეალობას, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში საზოგადოება. ამისთვის, მე პირადად ამ საბრალო ბავშვის მამასთან დაკავშირება ვარჩიე( ოჯახს გოგიტას გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს), რომელსაც მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა. მასთან საუბარი ძალზე მძიმე იყო, მაგრამ აუცილებელი, - თუ ასეთი ტრაგიკული მოვლენებიც არ დაგვაფიქრებს სადამდე მივყავართ გულგრილობას - მაშინ ჩვენი საშველი აღარ ყოფილა.

ჩემის აზრით გარდაცვლილი ბავშვის მამის, ლევან აბაშიძის მთელი საუბარი სწორედ საზოგადოების ამ გულგრილობის ზუსტი სურათია, - იმ ერთი დეტალის დამატებით, რომ თავად გარდაცვლილი ბავშვის მშობლებს ამაზე ალბათ არც არასოდეს უფიქრიათ, რადგან უბრალოდ არც კი იციან, რომ ამ უბედურებაზე, საკუთარი თავის ჩათვლით, პასუხი ვინმეს მოეთხოვება.

ლევან აბაშიძე (სტილი დაცულია):

"ბაღანა დიდი ხანია ავად მყავდა. პირველად გვეგონა რომ კბილები ამოსდიოდა და იმიტომ იყო ავად. რომ აღარ გამოკეთდა, ვისესხე ფული და ბათუმის საავადმყოფოში დავაწვინე. იქ გვითხრეს, კუჭ-ნაწლავის ანთება აქვსო, გადასხმები გაუკეთეს და წამლები დაალევინეს. მაშინ გასუქდა ბაღანა და გამოკეთდა. რომ გამოგვატანეს, რაც გვითხრეს, ის რძის ფხვნილი ვუყიდეთ და ვაჭმევდით. მარა ცოტა ხანში ბაღანამ ამ ფხვნილს პირი აღარ დააკარა. ჩემმა ცოლმა, - მშიერს ხომ არ მოვკლავო და წყალში ფქნილი გახსნა, კარაქი ჩადო, მოუხარშა და შეაჭამა. აგი საჭმელი კი შეჭამა ბაღანამ. მერე სულ ამას ვაჭმევდით, მარა ცოტა ხანში ამის ჭამასაც დაანება თავი, ცოტას შეჭამდა თუ არა, გაჩერდებოდა. ბოლო სამი-ოთხი დღე ნამეტანი უღონოდ იყო.

- თქვენ როგორც ამბობთ, კუჭ-ნაწლავისანთებით დაავადებულ შვიდი თვის ბავშვს კარაქზე მომზადებული პურის ფქვილის ფაფით კვებავდით. ნუთუ სოფლის ექიმმა მაინც არ გითხრათ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია.

- ადრე სხვა ექიმი გვყავდა, მერე გამოგვეცვალა . მაგენი გვითვლიდნენ ბაღანა ჩამეიყვანეთო, მარა რაფერ უნდა ჩაგვეყვანა თოვლში და ჭენჭყობში.

-თავად არ ამოდიოდნენ ბავშვის სანახავად?

-არა.

- არც სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე დაინტერესებულა თქვენი მდგომარეობით?

- იგიც გამოგვეცვალა. ახლა ახალი გვყავს.

- რა შუაშია ძველი და ახალი, ბავშვები შიმშილით გეხოცებათ და ამან არავინ დააინტერესა?

- მეზობლები კი გვეხმარებოდნენ, მარა... მეც კი ვმუშაობდი დღიურ სამუშაოზე, ხალხს ყანას ვუბარავდი, მარა მარტო 200-300 ლარს ვიღებ, აგი არ მყოფნის. არც ძროხა გვყავს...ისე ბაღანას აფთიაქში მაინც ვუყიდე საჭმელი, მარა მაინც არ ჭამდა. ამიზა მისცა ჩემმა ცოლმა პურის ფქვილი და კარაქი.

- სოციალური დახმარება რატომ არ გქონდათ?

-რა ვიცი, 2007 წელს კი მოვიდა აგენტი, მარა მაღალი ქულები გაქვთო. მერე 2009 წელში კიდო, ბაღნების პირადი ნომრები მოგვთხოვენ, - სოციალური დახმარების დასანიშნად მაგი აუცილებლად საჭიროა. ჩემაა ცოლმა ბაღნები სახლში გააჩინა, აგი პირადი ნომრები არ გვქონდა. მაშინ, საჯარო რეესტრში წადით და გააკეთეთო. მე ვერ მივედი იქ.

-რატომ?

-ბაღნების სურათები იყო საჭირო და მაგისი ფული არ მქონდა.

...თუ ამ საუბარმა ვინმე შოკში ჩააგდო, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ პატარა გოგიტასთვის რომელიც ახლა უკვე ამ ქვეყნად არის, სულ ეს არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მის პატარა დაუძლურებულ სხეულს ძალა აღარ ეყო სიცოცხლისთვის ებრძოლა. ხოლო მათ, ვისაც ჩვენში მხოლოდ იმიტომ უხდიან თანხას, რომ სხვისი სიცოცხლისთვის იბრძოლონ, პატარა გოგიტას გარშემო მშვიდად ეძინათ და ხვალ შეიძლება ეს ამბავი არც ახსოვდეთ. ჩვენი საზოგადოების ტრაგედია სწორედ ეს არის, რომ, რომ არა გარემოს გულგრილობა, გოგიტა აბაშიძე დღეს ცოცხალი იქნებოდა და ვინ იცის ქვეყნისთვის რა კაცი გაზრდილიყო.

სამწუხაროდ, მსგავს გულგრილობაზე ჩვენში სასჯელი არ არსებობს. რაც შეეხება თავად გარდაცვლილი პატარას მშობლებს, - არ არსებობს უფრო განუზომელი სასჯელი ვიდრე მათი უბედურება. ზოგადად კი, მსგავს შემთხვევაში ჩვენში აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია, -უნდა არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები , რომლითაც მსგავს ოჯახების ბაშვებს სიკვდილისაგან იხსნის. დღეს გარდაცვლილი ბავშვის მამას მომავალი შვილის გაჩენაზე ლაპარაკიც წარმოუდგენლად მიაჩნია. მაგრამ თუ ასე მაინც მოხდა, ლოგიკურად, ალბათ მასაც მძიმე მომავალი ელოდება. მთელ ამ ტრაგედიაში ერთადერთი სინათლე მხოლოდ ის არის, რომ პატარა გოგიტას, 2 და 5 წლის და-ძმა დარჩა, თუმცა საბედისწერო მომავალი ჯერჯერობით არც მათთვის შეცვლილა. რათა მათაც უმცროსი ძმის ბედი არ გაიზიარონ, ჩვენ ლევან აბაშიძის საბანკო რეკვიზიტებს ვაქვეყნებთ:

თიბისი ბანკი კოდი: TBCBGE22, ანგარიში: GE48TB7004791365100003.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)