"სუფრასთან მხოლოდ ბადრი, ბორია და მე ვისხედით, მე ვთამადობდი" - კვირის პალიტრა

"სუფრასთან მხოლოდ ბადრი, ბორია და მე ვისხედით, მე ვთამადობდი"

"კვირის პალიტრა" არქივი, 2013-03-29

მურაზ მურვანიძე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრებში მოღვაწე ქართველი მხატვარია... (პეტერბურგის, მარიას თეატრის მთავარი მხატვარი, მეტროპოლიტენ ოპერა და ასე შემდეგ..) როგორც თავად ამბობს, იგი წლების წინ საქართველოში საცხოვრებლად ბადრი პატარკაციშვილის თხოვნით დაბრუნდა:

- ბადრი პატარკაციშვილთან ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა და როდესაც მასთან წარმოსადეგი სტუმრები ჩამოვიდოდნენ, ყოველთვის მეპატიჟებოდა. უმეტესწილად ისეთი ხალხი ჩამოდიოდა, რომლებსაც კულტურა აინტერესებდათ. მე მათ საქმიანობაში არასოდეს ჩავრეულვარ, არც ბიზნესი ვიცი, არც ფული და ასე შემდეგ... მათ ჩემი საქმე აინტერესებდათ, მე მათი არა და თუ იუმორით შევხედავთ, შეიძლება ითქვას რომ ცალმხრივი სიყვარული იყო მათგან ჩემი საქმისადმი.

- ბორის ბერეზოვსკი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა?

- თუ არ ვცდები სულ ორჯერ იყო და ორივეჯერ ვნახე. ბადრი თამადად მეპატიჟებოდა და სუფრასთან მხოლოდ ბადრი, ბორის ბერეზოვსკი და მე ვისხედით. მე ტრადიციული თამადობა არ მახასიათებს. უფრო მეტად რაღაც თემებზე საუბარი მჩვევია, ხუმრობა და შემდეგ სადღეგრძელოებიც. ტრადიციულ, ქართულ სუფრაზე მე არ "ვვარგივარ" თამადად და უფრო მეტად მაშინ ვთამადობდი, როდესაც ბადრის სტუმრები საზღვარგარეთიდან ჰყავდა.

- თუ გახსენდებათ ბორის ბერეზოვსკი რომელ წლებში იყო ჩამოსული?

- სამწუხაროდ თარიღი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ბადრი გარდაიცვლებოდა. ბადრის სასახლეში, "არკადიაში" ვხვდებოდით. რადგან იმდენად ვიწრო წრე იყო, სარდაფში ვისხედით... ბადრიმ ბორიას ჩემი თავი ისე გააცნო, როგორც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე მხატვარი. ბორის ბერეზოვსკიმ დეტალურად გამომკითხა თუ რა მქონდა გაკეთებული მოსკოვში, პეტერბურგში, ლონდონში... ძალიან კარგი მოსაუბრე იყო, გადასარევი იუმორი ჰქონდა და არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. ერთი სახალისო ეპიზოდი მახსენდება: პეტერბურგის - მარიას თეატრის მთავარ მხატვრად რომ ვმუშაობდი, მოსკოვიდან ჩამოვიდა გასაშუქებლად რეჟისორი, გვარად -შულენინი. (მოგეხსენებათ ბორის ბერეზოვსკიმ ფსევდონიმი დაირქვა - იელენინი). როდესაც შულენინი მოდიოდა კონცერტის გადასაღებად, (მაყურებლის გარეშე) დირიჟორ –იური ტემირკანოვს მოველაპარაკე შულენინისთვის სიურპრიზი მოგვეწყო... რომ შემოვიდა შულენინი გუნდმა დაიწყო - შუ, შუ, შუ, შუ... შემდეგ აგრძელებდა სოლისტი - ლენინ ვსეგდა... ეს ამბავი რომ მოვყევი ბადრიმ დაიწყო - იე, იე, იე - ლენინ - დავჭექე მე და ბორის ბერეზოვსკიმ სიცილისგან თავი იმდენად ვეღარ შეიკავა, სკამიდან გადავარდა...

- პოლიტიკაზე არ საუბრობდით?

- არასოდეს!... პოლიტიკის და ბიზნესის ხსენება ჩემთან არ იყო და ერთმანეთთან რას საუბრობდნენ არ ვიცი... ბადრიმ მთხოვა, რაღაც ორიგინალური სეფას მაგვარი იქნებ გამიკეთო ეზოში, სადაც ბევრი ხალხი დაეტევაო. ისეთი კარგი რამ გამომივიდა, აღფრთოვანებას ვერავინ მალავდა. კონსტრუქცია გემივით იდგა, იალქნებით, შიგნით ხელოვნური ტყე იყო, ჩიტების ჭიკჭიკი ჩავწერეთ და ბადრი უბედნიერესი იყო, ოქროს საათი მაჩუქა, რომელიც შემდეგ მომპარეს და საშინლად გული მეტკინა... როდესაც ამ გემზე პროექტზე ვმუშაობდით, სწორედ მაშინ ჩამოვიდა ბორის ბერეზოვსკი. იმ დღეს რამდენიმეჯერ ვისადილეთ ერთად, რადგან იგი "არკადიაში" ცხოვრობდა და მე კიდევ იქ ვმუშაობდი. თურქეთიდან ჩამოვიტანეთ ლამაზი "პარუსინის" ნაჭერი, ეს კონსტრუქცია რომ გადაგვეხურა და რამდენიმე ბიჭი კერავდა. ბადრის ეზოში ელექტრომობილები ჰყავდა, გამომიარა ბორიამ, ელექტრომობილში გვერდით დამისვა და დაჰქროდა ეზოში. ძალიან ხალისიან განწყობაზე იყო.

- ბორის ბერეზოვსკი მარტო ჩამოდიოდა?

- არა, ერთხელ მოდელი ჩამოიყვანა. ძალიან მაღალი გოგო იყო და ულამაზესი. ცხადია მისი საყვარელი გახლდათ. შემდეგ ეს ქალბატონი ბადრის დასაფლავებაზე ჩამოვიდა თავის მცველთან ერთად.

- ცნობილია რომ მექალთანე იყო...

- ამ თვისებას აბსოლუტურად ამჟღავნებდა. 50 წლით უმცროს ქალთან რომ გამოჩნდებოდა მეტი რა საბუთი ჭირდებოდა. მე ვთვლი, რომ ნამდვილი მამაკაცები ქალებზე არ ჭორაობენ. არც ბორის ბერეზოვსკი და არც ბადრი პატარკაციშვილი ქალებზე არასოდეს საუბრობდნენ.

- ბორის ბერეზოვსკისგან სახსოვრად არაფერი დაგრჩათ?

- სახსოვრად არაფერი, მაგრამ მთელი სულით და გულით მეპატიჟებოდა ინგლისში. ბადრიც მპატიჟებდა, რუდოლფ ნურიევიც და ედვარდ კენედიც, მაგრამ ვერცერთგან წასვლა ვერ მოვახერხე. მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშაობ და დროს ვერ ვპოულობ სადმე წასასვლელად. ვნანობ ბორის ბერეზოვსკისთან წასვლა რომ ვერ მოვახერხე. ალბათ ძალიან მდიდარი შთაბეჭდილებით დავბრუნდებოდი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ - "მკვლელობა ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი გამოჩენილიყო" - ვის შეიძლება მოეკლა მილიარდერი?