მეუფე სერაფიმე: "ანქვაბმა, მეგობარი რუსეთის" დახმარებით სახელმწიფოებრივი აღიარებაც მოვიპოვეთ და ქართულ სივრცეში ვეღარასდროს დავბრუნდებითო" - კვირის პალიტრა

მეუფე სერაფიმე: "ანქვაბმა, მეგობარი რუსეთის" დახმარებით სახელმწიფოებრივი აღიარებაც მოვიპოვეთ და ქართულ სივრცეში ვეღარასდროს დავბრუნდებითო"

" ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარც აღდგება..."

ეს სიტყვები ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სერაფიმეს გარდა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი და კიდევ რამდენიმე პირი ესწრებოდა.

აფხაზეთში შემდგარი შეხვედრის დეტალებზე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე მოგვითხრობს:

- შეხვედრას აფხაზი სასულიერო პირი არ ესწრებოდა?

- არა და ამან ძალზე გამაკვირვა. ალექსანდრე ანქვაბს თან მეცნიერი ნუგზარ დამენია ახლდა, რომელიც აფხაზური სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელია და ასევე - ევრაზიური ინსტიტუტის დირექტორი, უფროსი მეცნიერი ღვინჯილია... ძალიან მომზადებული იყვნენ, ქართულ კულტურაზე თბილად, მაგრამ მოზომილად საუბრობდნენ.

- როგორ შეგხვდნენ თქვენ, როგორც აფხაზეთის შვილსა და როგორც ქართული საპატრიაქროს წარმომადგენელს?

- როგორც ანქვაბი, ისე - მისი თანმხლები პირები თბილად შემხვდნენ, ოღონდ უდმივად, ყველა თემაზე საუბრისას ცდილობდნენ, ზღვარი დაეცვათ. უნდოდათ, ჩვენთვის ეჩვენებინათ, რომ ჩვენს გარეშე საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივად განვითარდნენ. როგორც ერთი მიწის შვილები კი არა, როგორც სრულიად უცხო ადამიანები, ისე გველაპარაკებოდენ. თითქოს ჩვენ შორის არანაირი სულიერი და ისტორიული კავშირი არასდროს ყოფილა. ამან ძალიან დამთრგუნა... როდესაც ეს შეხვედრა იგეგმებოდა, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა, ქართული მხრიდან მე ვყოფილიყავი, რადგან წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ჩემი ოჯახის წევრები, დედა და და, ამჟამადაც სოხუმში ცხოვრობენ. დედა მხოლოდ ზოგჯერ, სამკურნალოდ გადმომყავს აქეთ და რამდენიმე დღეში ისევ უკან ბრუნდება. ჩემი და ჯერ კიდევ ომამდე, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა და ახლაც იქაა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არასდროს შეჰქმნიათ რაიმე საფრთხე და პრობლემა...

ალექსანდრე ანქვაბმა მითხრა: - თქვენ კარგად იცნობთ აფხაზი ხალხის ბუნებას და გეცოდინებათ, ჩვენ აგრესიულები არ ვართ, პირიქით, ძალიან მეგობრული, მიმტევებელი და სტუმართმოყვარე ერი ვართ. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ 90-იანი წლების ომის შემდგომ, აფხაზებს ქართველები გვეზიზღება, მაგრამ ასე არ არის. მე, როგორც ერთ რიგით აფხაზსა და ქვეყნის პრეზიდენტს, მინდა, საქართველო ძლიერი და მშვიდობიანი ქვეყანა იყოს, მაგრამ აფხაზები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც აღიარება მივიღეთ, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ. ეს ეხება როგორც სახელმწიფოებრივ, ისე ეკლესიურ ცხოვრებასო... მან რუსეთზე საუბრისას სიტყვა "მფარველის" ხსენებას თავი აარიდა და აღნიშნა, - "მეგობარი რუსეთის" დახმარებით სახელმწიფოებრივი აღიარებაც მოვიპოვეთ და ქართულ სივრცეში ვეღარასდროს დავბრუნდებითო. ახლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, - ვერასდროს წარმოვიდგენ, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის სათავეში მე ვიქნები თუ სხვა ლიდერი. ვინც უნდა იყოს და როგორი ავტორიტეტითაც უნდა სარგებლობდეს, აფხაზი ხალხი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილსაც კი არ აპატიებსო...

- სოჭის შეხვედრაზე იქ არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებსა და მათ ბედზე ისაუბრეთ?

- არა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, აფხაზი სამღვდელოება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაკავშირებით ცდილობს, აფხაზურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს. პოლიტიკოსები მათ საქმიანობაში არ ვერევით, მაგრამ მცდელობას მივესალმებით, რადგან საქართველოს ეკლესიის წიაღში დაბრუნება უკვე შეუძლებელიაო. ძნელი იყო ამის მოსმენა ჩემთვის... მათ ის დრო გამახსენეს, როცა მწიფდებოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. - იმ წლებში ჩვენ, აფხაზი დეპუტატები, იმას ვეხვეწებოდით საქართველოს ხელმძღვანელობას, რასაც ახლა ისინი გვთავაზობენ, - მითხრა ალექსანდრე ანქვაბმა.

- რას გულისხმობდა?

- კონფედერაცის შექმნას საქართველოს სახელმწიფოში, სადაც აფხაზეთის უფლებები კანონით იქნებოდა განსაზღვრული, - მაგრამ ქართველებმა მაშინ მასხრად აგვიგდეს, თვალსაჩინოებისთვის კი, შეგიძლიათ 90-იანი წლების ქართულ პრესას გადაავლოთ თვალი, სადაც ამ საკითხზე ბევრი იწერებოდაო...

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.