"იმ ეკლესიის წიაღში ვერ დავბრუნდებით, რომელთა მლოცველებიც ვანდალიზმში გვდებენ ბრალს"
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთს მოუწოდებს, დაიცვას კანონები ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც სოჭში გამართულ შეხვედრას ეხმაურება. თავდაპირველად შეხვედრა სოხუმში უნდა გამართულიყო, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ნეიტრალური ადგილი არჩია. შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი კარგა ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგებაო.
როგორც რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ საეკლესიო კანონების დაცვით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსანდრე ანქვაბის პოზიციას იზიარებს სოხუმის დე ფაქტო ეპარქიის წინამძღოლი ბესარიონ აპლიაც. მისივე თქმით, აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებლობის მოპოვების გზებს ეძებს. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის სულიერი კავშირი აღარ აღდგება. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სამშვიდობო ღვთისმსახურება აუცილებელი არ არის?
- აფხაზეთის პრეზიდენტმა ამ სიტყვებით დღეს არსებული ვითარების ფორმულირება გააკეთა, ანუ საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის ეკლესია, თავის მრევლთან ერთად ქართული ეკლესიის წიაღში ვერასდროს დაბრუნდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქართველების მტრები ვართ, ან პირიქით. აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებში ქართველები და აფხაზები ერთმანეთის გვერდიგვერდ ლოცულობენ. აფხაზ სასულიერო პირებს ჰყავთ ქართველი მრევლი და მათზე ზრუნავენ... ჩვენ ერთი მრწამსი გვაქვს და ამას ვერ გავექცევით, თუმცა აფხაზური ეკლესია ქართულ წიაღს ვერ დაუბრუნდება. ჩვენ ძალიან მძიმე გზა გავიარეთ და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, როგორც საკუთარ თავთან, ისე მსოფლიო ეკლესიის წარმომადგენლებთან. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, აფხაზეთის ეკლესიამ დამოუკიდებლობა უნდა აღიდგინოს. არაერთხელ შევხვდით მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობას და თავად პატრიარქსაც. ამ საკითხზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო აფხაზ სამღვდელოებაშიც, მაგრამ ახლა საერთო პოზიციას მივაღწიეთ. აფხაზ ხალხს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების უნარი, რაც ყველას არ აქვს. ჩვენს ხალხს ესმის, რომ აფხაზეთის განვითარებისთვის რუსი ბიჭები თავიანთ სიცოცხლეს წირავენ; რუსეთმა გარისკა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას არ მოერიდა, ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და როდესაც ჯერი ჩვენზეც მიდგა, არ შეიძლება უკან დავიხიოთ. ეს ღალატად მიმაჩნია. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა, ეს აფხაზურ ეკლესიაზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება, - აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის საკითხი მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
- რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა შეხვედრაზეც განაცხადა, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა მხოლოდ საეკლესიო კანონების დაცვით შეიძლება. რას გეუბნებათ ეს რეალობა?
- ეს დროის საკითხია და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ეკლესიაში დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს. ამის უფლება არავის აქვს, რადგან აფხაზი ხალხი თავად ირჩევს, რა გზას დაადგეს, ამაში კი მას რუსეთი ეხმარება. ჩვენ ვერ დავბრუნდებით იმ ეკლესიის წიაღში, რომელთა მლოცველებიც ვანდალიზმში გვდებენ ბრალს. რომელი ერთი გავიხსენო: - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში არც ერთი ქართული წარწერა და ფრესკა განზრახ არავის გადაუშლია და არც გუმბათი მოგვირღვევია... 90-იანი წლების საომარი მოქმედებების დროს, ქართველი ჯარისკაცები ეკლესიაში შედიოდნენ და იქ კოცონს ანთებდნენ. კედლები გაბოლილი და დაზიანებული იყო. ჩვენ მხოლოდ აუცილებელი სამუშაოები ჩავატარეთ და მიზანმიმართულად მოიგონეს, თითქოს სპეციალურად გადავშალეთ ქართული წარწერები და ფრესკები. ვერ დავიჯერებ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ფრესკას შეეხოს. ჩვენ კედლის მხოლოდ ის ადგილები შევაკეთეთ, რომელიც დაზიანებული იყო. გუმბათი კი საომარი მოქმედებების დროს დაინგრა, ეკლესიას სახურავი აღარ ჰქონდა და გავუკეთეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიზანმიმართულად გვინდოდა ქართული არქიტექტურის შეცვლა. თბილისში არ უნდა იფიქრონ, რომ აქ ბარბაროსები ვართ და მართლმადიდებლობის ან საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძვით. როგორც გითხარით, ჩვენ ქართველებთან ერთად ვლოცულობთ.
- როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა?
- თანდათან ყველაფერი დალაგდება. სულ რამდენიმე წლის წინ აღდგა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. 90-იან წლებში ვერავის წარმოედგინა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი გახდებოდა, მაგრამ გავხდით. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ.
მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა), ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი:
- უფლის მადლობელი ვარ, რომ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა. ასეთი ურთიერთობები შესაძლოა კეთილი საქმის დასაწყისი გახდეს. რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ ჩაკეტილობამ და დაპირისპირებამ ქართველებსა და აფხაზებს კარგი არაფერი მოგვიტანა... რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა შეხვედრაზეც განაცხადა, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა მხოლოდ საეკლესიო კანონების დაცვით შეიძლება. რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზურმა სამღვდელოებამ საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით არ უნდა იმოქმედოს. მსოფლიოში საკმაოდ ბევრი არაკანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიაა, მაგალითად, მხოლოდ საბერძნეთში, კანონიერი პატრიარქის გარდა სამი-ოთხი სასულიერო პირი ცდილობს დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს, მაგრამ ისინი მსოფლიოს 14 ავტოკეფალური ეკლესიის სიაში არ შემოდიან. შესაძლოა, რომელიმე მათგანმა მართლა აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთს ან თუნდაც უკრაინას, ამის გაკეთების უფლება არ აქვს. მათ არც ისეთი ავტორიტეტული ეკლესიები აღიარებენ, როგორიც არის სერბეთისა და რუმინეთის საპატრიარქო...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)