ღარიბთა სახელმწიფოში...
პურის სანაცვლოდ სისხლი
ახალგაზრდა, მრავალშვილიანი დედა თამუნა ბიძინაშვილი იძულებულია, სისხლი ჩააბაროს და დონორობის საფასურად აღებული ფულით საჭმელი უყიდოს ჩვილებს! პეტრესა და თამუნას 7 შვილი ჰყავთ, ქალმა ორჯერ გააჩინა ტყუპი, მაგრამ უსახსრობის გამო პირველი ტყუპი გააშვილა... ეს შემაძრწუნებელი ამბავი შევიტყვე თუ არა, ბლოგისთვის დავწერე წერილი, რომელსაც უამრავი გულისხმიერი მკითხველი გამოეხმაურა და თამუნას საბანკო ანგარიშის ნომერი მთხოვა. ამასთან, სოციალური დახმარების სააგენტომ ჩვილი ტყუპისთვის (რომლ-ებიც მშობლებთან იზრდებიან) ყოველთვიურად თითო ბავშვზე 80-ლარიანი ვაუჩერის გაცემა აღუთქვა, მაგრამ ეს მრავალშვილიანი ოჯახის მდგომარეობას ვერ შეცვლის. თამუნასთან სტუმრობის შემდეგ შევეცადე, ზუსტად გადმომეცა ნანახი, თუმცა მივხვდი, რომ ასეთ დროს ენა უძლურია.
ქოხი, რომელიც ათი კვადრატული მეტრი იქნება და ორ ოთახად არის გატიხრული, ძველი ფიცრებისგან შეუკრავს ოჯახის უფროსს. ჭერსა და კედლებზე მუყაოს ნაჭრები აქვს აკრული. ერთი თვალის შევლებაც საკმარისია, რომ იგრძნო, ზამთრის მკაცრ დღეებში როგორ გაატანს სიცივე ძვალსა და რბილში. ერთ ე.წ. ოთახში შეშის ღუმელი და ხის მოგრძო სავარძელი დგას, რომელზეც ქვეშაგებლის გარეშე იძინებს უფროსი ბავშვი, 16 წლის ბიჭი (პეტრე ყაზარაშვილს ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს). სავარძელი ისეთი მოკლეა, ”საწოლის" დასაგრძელებლად ბოლოში ტაბურეტი შეუშველებიათ, თუმცა ბიჭი ფეხებს მაინც ვერ გაშლის, რადგან ამისათვის ოთახის სიგანე არ კმარა. მეორე ოთახში ორი საშუალო ზომის და ერთიც პატარა საწოლი დგას ჩვილებისთვის. აქ სძინავს ცოლ-ქმარს, 7 წლის ლიზის, ოთხი წლის დათუნას და ორიოდე თვის ტყუპს. დღისით თბილა და პატარებს გაცივების საფრთხე არ ემუქრებათ, ღამით კი ერთს დედა იხუტებს გულში, მეორეს - მამა, პატარა ლიზი და დათუნა კი ერთმანეთს ათბობენ თხელი საბნის ქვეშ. ყოველი დღე იმ იმედით თენდება, რომ რაღაც შეიცვლება.
მამა
პეტრე ყაზარაზაშვილი
მხოლოდ 41 წლისაა. 20 წლის წინ, როდესაც ჯანმრთელი იყო და გული მამულისთვის ერჩოდა, შსს-ს ”ომონელთა" რიგებში ირიცხებოდა და აფხაზეთში იბრძოდა. თავში დაიჭრა და კარგა ხანს საავადმყოფოში იწვა... გაჭირვებული სამშობლოსთვის არაფერი მოუთხოვია, სანამ თვითონაც არ გაუჭირდა. ომის ვეტერანის მოწმობის აღება რომ დააპირა, უთხრეს, არქივი დაიწვა და საბუთები უნდა აღადგინოო.
- შევარდნაძის ხელისუფლება იყო მაშინ, ასი დოლარი მომთხოვეს. ფული არ მქონდა და ხელი ჩავიქნიე. სად მაქვს ქაღალდებში გადასაყრელი ფული-მეთქი, - იხსენებს პეტრე, რომელიც ახლა ინვალიდი და უმუშევარია. პირველ ცოლთან ორი ვაჟი შეეძინა. ერთ დღესაც დაშორდნენ იმ პირობით, რომ ბავშვების გაზრდაში დაეხმარებოდნენ ერთმანეთს (ერთი მამამ წამოიყვანა, მეორე - დედასთან დარჩა). მერე თამუნას შეხვდა. დაქორწინდნენ, კაცს შრომა უყვარდა და ოჯახსაც ინახავდა. მართალია, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, მაგრამ არ უჭირდათ. მერე შეტრიალდა ბედის ჩარხი: 2011 წელს უმძიმეს ავტოავარიას გადაურჩა. მერიამ ოპერაციის თანხა გადაუხადა და ისევ წამოდგა ფეხზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მეორე ავარიაში მოყვა. აღარავინ დაეხმარა, ამიტომაც უხარისხო მკურნალობის შედეგად ფეხი დამოკლდა, პეტრე კი ისე დაინვალიდდა, შრომა აღარ შეუძლია.
- მეორე ავარიის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, თამუნა ორსულად იყო, პირველ ტყუპს ელოდა. მშობიარობის წინ ექიმს ხელწერილი დავუდეთ, რომ თანახმა ვიყავით, საშვილოსნოს მილები გადაეკეტა ჩემი ცოლისთვის, რათა მეტი ბავშვი აღარ გაგვეჩინა, მაგრამ 9 თვის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ჩემი ცოლი ისევ ტყუპს ელოდა... იმის გამო, რომ ამ სახლში ყველანი ვერ ვეტევით, ჩემი და თამუნას საერთო შვილებიდან უფროსი, 11 წლის ვაჟი თამუნას დედასთან ცხოვრობს. მისი მომდევნო ლიზი და დათუნა აქ გვყავს, მაგრამ მათი მომდევნო ტყუპი უცხო ოჯახში გააძიძავა ჩვილ ბავშვთა თავშესაფარმა. თითოეულ ბავშვზე 450 ლარს უხდის სახელმწიფო მომვლელ ოჯახს. როცა გინდათ, მაშინ შეწყვიტეთ ამ პროგრამით დახმარება და ბავშვები შინ წაიყვანეთო, გვითხრეს სოციალურმა აგენტებმა, მაგრამ სად წამოვიყვანოთ? ან სხვას რომ უხდიან თითო ბავშვის მოსავლელად 450 ლარს, ჩვენ გადაგვიხადონ, არ სჯობს, შვილები მშობლებთან იყვნენ? - კითხულობს პეტრე.
დედა
დედა 30 წლ
ისაა. შვიდი შვილი გააჩინა, ორჯერ - ტყუპი. როდესაც გაიგო, რომ კიდევ ერთხელ უნდა გამხდარიყო ტყუპის დედა, გაოცდა, ეს არ უნდა მომხდარიყოო. კარგა ხანს ვერც იეჭვა, რომ ისევ ორსულად იყო. ხევებში ჯართის ძებნით და თრევით გადაქანცულს ისედაც ძალიან სტკიოდა წელი და არ ეგონა, რომ ორსულობის გამო დამძიმებოდა ნაგვემი სხეული.
- თანახმა ვიყავი, შვილოსნობის უნარი დამეკარგა... მაგრამ მაინც რომ დავფეხმძიმდი, ერთი წამით აზრად არ მომსვლია ორსულობის შეწყვეტა. ბავშვებს ვერ მოვკლავდი, - ამბობს თამუნა.
მძიმე პირობებში ჩავლილმა ორსულობამ თავისი შედეგი გამოიღო: ჩვილები დღენაკლულნი, შვიდი თვის თავზე დაიბადნენ. ორივე საავადმყოფოში დატოვეს - მკურნალობა სჭირდებოდათ. გოგონა კილოგრამსა და ას გრამს იწონიდა, ბიჭი - კილოგრამსა და შვიდას გრამს. როდესაც შინ წამოყვანის დრო დადგა, მშობლები იმალებოდნენ, დროს წელავდნენ, რადგან პატარებისთვის საჭმლის საყიდელი ფული არ ჰქონდათ. პეტრეს უარი უთხრეს სისხლის მიღებაზე, ამიტომაც ისევ ახალნამშობიარევმა, თავად სისხლნაკლულმა თამუნამ გადაწყვიტა დონორობა. სისხლის საფასურად 30 ლარი მისცეს...
მძიმე პირობებში ცხოვრების გამო თამუნას ჯანმრთელობა შეერყა.
- ღუდუშაურის კლინიკაში საკეისრო რომ გამიკეთეს, ექიმმა მითხრა, ”ლეჩკომბინატში" წადი, შენი დაზღვევის ექიმთან, იმან უნდა ამოგაცალოს ძაფებიო. იქ გამომიცხადეს, ვალდებული არიან, ღუდუშაურში მოგხედონო. წინ და უკან იმდენი მატარეს, სანამ სეფსისი არ დამემართა. გადავრჩი, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოვჯანმრთელდი. რომ ვიმკურნალო? როგორ? ფული თუ გამოჩნდა, ბავშვებისთვის საჭმელს ვყიდულობთ. ორსულობამდე ჯართს ვაბარებდი, რკინის მოსაძიებლად ლიზისთან ერთად ხევში ჩავდიოდი, აბა, რა მექნა? ქმარი ლოგინად იყო ჩავარდნილი, წინა ტყუპი კი ფილტვების ანთებით მყავდა ავად. მაშინ მირჩიეს, ნუცუბიძეზე ჩვილ ბავშვთა სახლია და დაგეხმარებიანო. იქ დაიზარდნენ, ახლა 2 წელზე მეტის არიან. ყოველ შაბათ-კვირას ვნახულ¬ობდით, სანამ გლდანში გაუშვებდნენ, ძიძა ოჯახებში. გლდანში გასასვლელად გზის ფულიც არ გვაქვს. რამდენიმე თვეა, პატარები არ გვინახავს.

ლიზი
ლიზი ლამაზი გოგოა. იცის, რომ მძიმე ცხოვრებისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სწავლაა, თორემ სულ ჯართის ძებნა მოუწევს, ეს კი არ მოსწონს. 9 მაისს 8 წლის გახდება. სურს, ცეკვა ისწავლოს, ყველა წიგნი ჰქონდეს...
თავშესაფარი
მრავალშვილიანი ოჯახი ბინის ქირას რომ ვეღარ იხდიდა და ცის ქვეშ დარჩა, ახლობელმა პეტრეს მიწა დაუთმო, ”დელისის" საბაგირო გზის მიმდებარე ფერდობზე, ყრუ-მუნჯთა ყოფილი სკოლა-ინტერნატის უკან, სასაფლაოს ძირში. გადმობარგდა ოჯახი სახელდახელოდ შეკრულ ქოხში. თუმცა, ბარგი აღარც ჰქონდათ. ქირის სანაცვლოდ დაუტოვეს სახლის პატრონს, თუ რამ გააჩნდათ. ახლა კარტოფილი რომ შეწვას, დიასახლისს ტაფა არ აქვს და იქვე დევნილებს სთხოვს, ერთი დღით ათხოვონ... ბავშვებს ტანსაცმელი არ აქვთ: ერთი ხელი აცვიათ, მეორე გარეცხილია და შრება. ჩვილებისთვის არც შესახვევები აქვს... არც ლოგინი... ისეა საქმე, საბანი როგორც გაგწვდეს, ისე დაიხურეო, მაგრამ დიდ ოჯახს ძალიან დაუპატარავდა საბანი.
- რამდენიმე წლის წინ, როგორც სოციალურად დაუცველები, აღრიცხვაზე ვიყავით, რომ თავშესაფარი მოეცათ. 6 წელი გავიდა მოლოდინში, - ამბობს ცოლ-ქმარი.
მრავალშვილიანი დედის სტატუსი მოუხსნეს თამუნას - ყველა ბავშვი თქვენთან არ იზრდებაო(?!). ღამით სასაფლაო გაჩახჩახებულია, მათ პატარა ქოხში კი უკუნი მეფობს. არჩევნების წინ დაჰპირდნენ, რომ გაზს და წყალს შეუყვანდნენ ეზოში, მაგრამ...
თამუნა ბიძინაშვილის ანგარიშის ნომერი
GE 38 LB 0711139105310000
მულტისავალუტო ანგარიში 220101480
მიმღები მდინარი ყაზარაშვილი
ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)