ჯემალ ჭკუასელი: "რამდენიც არ უნდა მეძახონ მოღალატე ხარო, მე ხომ ვიცი მოღალატე არ ვარ" - კვირის პალიტრა

ჯემალ ჭკუასელი: "რამდენიც არ უნდა მეძახონ მოღალატე ხარო, მე ხომ ვიცი მოღალატე არ ვარ"

ბოლო დროს ანსამბლი "ერისიონი" გამუდმებით საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საყოველთაოდ ცნობილია ანსამბლის მოსკოვური ტურნე და მწვავე შეფასებები. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა რომ ანსამბლი "სამაია" "ქართულ ლეგენდაზე" ეპატიჟება მაყურებელს, რაც ანსამბლ "ერისიონისთვის" უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.. ამ თემებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს - ჯემალ ჭკუასელს დავუკავშირდით...

(ინტერვიუ ჩაწერილია 18 აპრილს)

- დღეს ბევრი ხელოვანი ალბათ მიტინგზე გამოჩნდება. სრულიად ნათელია თქვენ რომ არ მიხვალთ, მაგრამ იმ ხელოვანებზე რას იტყით ვინც მათ გვერდით დადგება?

- ადამიანი ასე უცებ არ იცვლება და პავლე შალვად ვერ გადაიქცევა. მათ მისვლას არავინ უშლით, მაგრამ პროვოკაციებს ნუ მოგვიწყობენ... როცა ამბობენ სამშობლოს ბედი გვაწუხებსო ეს სასტიკი სიცრუეა და ვერც ვერავინ დამარწმუნებს სიმართლეში. დღევანდელ მიტინგზეა ნათქვამი - გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო... ან ნოდარ დუმბაძეს რომ აქვს სიტყვები - ადამიანს რომ შუბლის ძარღვი გაუწყდება იმისთვის მერე ყველაფერი სულ ერთიაო... სხვანაირად როგორ უნდა შევაფასო აბა დღევანდელი "პატივცემული" მომიტინგეები?!... თეთრი ძაფით არის ნაკერი ყველაფერი...

- ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ როგორია თქვენი განწყობა?

- ქვეყანაში რამე კი არ შეიცვალა, არამედ მთლიანად გადატრიალდა სასიკეთოდ... ადამიანი რომ ახლობელს ტელეფონზე თავისუფლად ელაპარაკები და შიში არ გაქვს გისმენენ და რაღაცას დაგმართებენ, დიდი ბედნიერებაა. ყველაზე დიდი რამ თავისუფლებაა. დღეს თავისუფლად ვლაპარაკობთ და გადავაადგილდებით. არ არის ისეთი სისტემა რაღაცის შეგეშინდეს. რამდენიც არ უნდა მეძახონ მოღალატე ხარო, მე ხომ ვიცი მოღალატე არ ვარ, მაგრამ როცა გეუბნებიან მოღალატე ხარო, იცი, არ ხარ და მაინც გეშინია, რომ შეიძლება დაგიჭირონ, ამაზე უარესი რა უნდა იყოს?!... ჩემთვის უბატონოდ ხმა არავის გაუცია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა... ქვეყანაში რა ხდებოდა ესაა მთავარი.

- უნდა ვაღიაროთ, ანსამბლ "ერისიონს" და შემდეგ "რუსთავს" რუსეთში გამართული კონცერტების გამო საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაატყდა თავს... ალბათ ჯერ კიდევ მტკვივნეულია საზოგადოების ნაწილისთვის, ქვეყნის მოწინავე ანსამბლებს რუსეთის სცენებზე ხედავდეს...

- ერთი რამ ნამდვილად ვიცი. მოღალატის იარლიყს ადვილად კიდებს ერთი კაცი მეორეს, როცა თვითონ არის მოღალატე. მისთვის ღალატი არ წარმოადგენს უცხო ქმედებას და იმიტომ... ის ადამიანები ვინც ჩვენზე ასე ფიქრობდნენ, ნამდვილად ვიცი რომ თავისუფლად გაყიდიან თავის სამშობლოს და დედ-მამასაც კი...

- თითქოს ბოლო დროს სულ ბრძოლა გიწევთ. მოსკოვში თქვენი საგასტროლო ტურნე ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა, ახლახანს კიდევ ანსამბლი "სამაია" გამოჩნდა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "ქართულ ლეგენდაზე" გვიწვევს... "ქართული ლეგენდა" ანსამბლ ერისიონის მეშვეობით ნახა მსოფლიომ...

- დიახ... მოგეხსენებათ როგორი ჩამოსვლაც გვქონდა მოსკოვიდან. ახლა კიდევ ამ ანსამბლს ალბათ ვინმემ უთხრა, აბა მიდით, აგერ თქვენს გვერდით ვართო... ეს არის ზღვაში წვეთი და რამდენი ანსამბლიც არ უნდა ჩამოვიდეს, არაფრის გვეშინია. არავის ვედავები, რაც უნდათ ის ქნან. "ქართული ლეგენდა ჩვენი არ არის. იგი ეკუთვნის უცხოელ პროდიუსერს - ჯიმ ლუს, მაგრამ ანსამბლ "ერისიონში" შეიქმნა. მსოფლიო ფეხზე დამდგარი აჯილდოვებდა აპლოდისმენტებით ამ შოუს. ახლა გვაქვს "ქართული საგანძური" და ასევე ვაგრძელებთ მსოფლიოს აღფრთოვანებას. ანსამბლს არაფერი დააკლდება, მაგრამ მე პირადად ლამის მოვკვდი, იმდენად განვიცადე მათი ეს საქციელი.

- წინა ხელისუფლება კონცერტებით ხშირად გვანებივრებდა, მაგრამ ანსამბლი "ერისიონი" თითქმის არ ჩანდა... იქნებ ანსამბლის პროფესიონალიზმი არ მიაჩნდათ სათანადოდ?

- რა იყო ამის მიზეზი, ანსამბლი რომ არ ჩანდა? - იგნორირება... ამ ხნის კაცი ვარ და არ მსურს ყველაფერზე ვისაუბრო, რაც ხდებოდა. წინა ხელისუფლების დროს კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლახანს, მოსკოვიდან რომ დავბრუნდი და მათ დავურეკე, არცერთმა ყურმილი არ აიღო. ალბათ იმიტომ, რომ მე ქვეყნის მტერი ვარ. აი ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს. საერთოდ ხელისუფლება რომ კულტურაში ერეოდა, ეს უკვე დიდი უბედურება იყო. ყოველდღე ვურეკავდით ერთმანეთს მოვიკითხავდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა, ახლა კი ყურმილს აღარ იღებენ. ეს გახლავთ წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი.

- თქვენც ფიქრობთ, რომ წინა ხელისუფლება არასათანადო პატივს ცემდა კულტურას, რელიგიას..?

- ვხედავთ, რომ განადგურდენ ამით. არავის განადგურება არ მიხარია, მაგრამ ეს მათი ნამოქმედარია... ეკლესიის და უწმიდესის ლანძღვა-გინება შეიძლება?!.. მესმის, რომ სიყვარული და ხათრი არ აქვთ, მაგრამ შიში რომ არ აქვთ, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ეს ურწმუნეობი თავსაც იმწარებენ და ჩვენც გვამწარებენ. ასეთ ცხოვრებას არავის ვუსურვებ. ჩვენს ეკლესიას ეთაყვანებიან მუსულმანები, უცხო რჯულის ადამიანები და ჩვენ - ქართველებს აღარ გვცხვენია?!... ეკლესია ერთადერთი გადამრჩენელია ქვეყნისა. მხოლოდ მართლმადიდებლობას კი არა, ნებისმიერ რელიგიას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. იმ ურჯულოებს ვერაფრით ვუმკურნალებთ და იქნებ ღმერთმა შეუნდოთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE