თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, "კუდი ცუდად არ მოიქნიოს" - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე - "სააკაშვილი თითქმის წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, "კუდი ცუდად არ მოიქნიოს"

".. არსად ვჩანდი, სიახლოვეს არავის ვიკარებდი, არავითარი ინტერვიუ... - რატომ? კიდევ ამას მეკითხებით!?... - ამბობს თენგიზ არჩვაძე... მან დუმილი დაარღვია და ვრცელ და გულახდილ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. თუ რატომ არის უკიდურესად ცუდი წარმოდგენის მიხეილ სააკაშვილზე და ზოგადად როგორი კაცი ჭირდება მისი აზრით ქვეყანას, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ.

- მიხეილ სააკაშვილი იმდენად საზარელი არსებაა, სახელიც ვერ მოვუძებნე. მისი გარემოცვა კი ასპიტების ბუდეა. ციხის კადრები რომ ვნახე, ერთი კვირა გიჟს ვგავდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ქართველი კაცი თუ ამას ქართველს აკადრებდა, არ მეგონა... ეს კოჰაბიტაციაც რა დაცინვაა. ჩვენ, ქართველებს ახლა მორიგი ომი გვაქვს მოსაგები - "კოჰაბიტაციონისტებთან". თუმცა, მტერი ფასეული უნდა იყოს, რომ ეომო. ესენი კი პანღურით უნდა გაყარო.

- ყოფილი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ასე კრიტიკულად იყავით განწყობილი?

- შევარდნაძის დროინდელ დამყაყებასაც არ ვიწონებ, მაგრამ ყველაფერს ცოდნა უნდა, სიფრთხილე და თავდაჭერილობა კი აუცილებელია სახელმწიფოს მმართველისათვის. თავშეუკავებლობით ბევრი წავაგეთ. მწარე გაკვეთილებმაც ვერ გვასწავლა ჭკუა და ჩვენივე უტვინობით სამხრეთ ოსეთი დავკარგეთ. საერთოდ, სამაჩაბლოსთვის სამხრეთ ოსეთის დარქმევა ქვეყნის წინაშე დიდი დანაშაული იყო. მიხეილ სააკაშვილმა, ერთმა ადამიანმა, დაგვიკარგა ქართველებს სამაჩაბლო. სიმართლე გითხრათ, აღარ მეგონა, აფხაზეთის დაკარგვაზე ცუდი კიდევ თუ რამე მოხდებოდა, არადა, "ვარდების რევოლუცია" ბევრად უარესი აღმოჩნდა ქვეყნისთვის.... თუმცა, სააკაშვილი ბუნების ისეთი "მარგალიტია", კიდევ უარესსაც უნდა ველოდეთ. ხომ წასულია, მაგრამ ტანში მაზრიალებს, კუდი ცუდად არ მოიქნიოს... მშიშარა კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

- მიხეილ სააკაშვილზე მისი ცნობილი გამონათქვამების (ჩარეცხილები, მუმიები..) გამო ხომ არ ხართ ასე გაბრაზებული?

- არა, ეს სიბრიყვით მოუვიდა... თუმცა, არც იმდენად ბრიყვია. ძალიან ვირეშმაკაა საკუთარი თავის სახეიროდ. მაკკეინს და სხვებსაც ფულს აძლევდა, სენატორების საწველი ძროხა გახდა. დაქცეული ქვეყნით მათ აპურებდა. სამაჩაბლო ტორტივით მიართვა რუსეთს... ჯემალ ჭკუასელი ბრწყინვალე პიროვნებაა, ეროვნული კაცია და ლამის მოკლეს, კრემლის დარბაზში რატომ იმღერაო. არადა, რუსეთში ყველაზე კარგი საკონცერტო დარბაზი ეგაა და გნებავთ, კრემლის დაარქვით და გნებავთ - სტალინის.

- ალბათ, რუსეთ-საქართველოს ომის გამო იყო საზოგადოების ნაწილისთვის ეს კონცერტი ასე მტკივნეული...

- არ იცით, ამათ რომ არ უომიათ?!.. გენერალიტეტი, მთავარსარდალი გამოიქცა და ჯარი მიატოვეს. რეზერვისტები წაიყვანეს და ღია ცის ქვეშ დააყენეს. იარაღი არ ჰქონდათ, გორის მოტიტვლებულ მინდორზე იდგნენ და ერთი ყუმბარაც რომ ჩამოეგდოთ, მაგ საწყლებს ყველას ერთიანად ამოჟუჟავდნენ. იმ დროს სოფელში ვიყავი და რომ დავინახე, ჯარისკაცები ფეხშიშველები და ჩამოღლეტილები მოდიოდნენ, რუსის სალდათები მეგონა.

- როგორ ფიქრობთ, 9 წლიანმა რეჟიმმა ქართული კულტურაც დააზარალა?

- რა სფერო დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, რომ თავისი ბინძური სულით (აქედან გამომდინარე ხელებიც ბინძური ექნება, ბინძური სული რომ გაქვს, ხელის დაბანა არ შველის) არ შეხებოდა და გაებინძურებინა... ბაგრატის ტაძარი როგორ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს?! რას ჰგავს რიყე! როგორ შეიძლება, ჭკუათმყოფელ კაცს ის მოეწონოს? - მეცნიერება, კულტურა, აკადემია, უნივერსიტეტი... მოთხარა ყველაფერი სააკაშვილმა.

- პირადად თქვენ თუ შეგეხოთ მისი პოლიტიკა?

- პირადად რაზე უნდა შემხებოდა?!... ინდაურები გამომიგზავნა ერთხელ. საახალწლოდ ურიგებდა ხელოვანებს, რომელი რეიგანი ეგ არის? შემდეგ აგარაკზე რომ ვიყავი, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოვიდნენ და მითხრეს, სააკაშვილს სურს, იუბილე მოგილოცოთო. ვუთხარი, მე აღარ მეკითხებით, მინდა თუ არა-მეთქი?! არ მივიღე... რომ მითხრეს, სუფრასთან ცუდად იქცევა, ბევრს ჭამს და ითქვლიფებაო, წარმოდგენა დავკარგე. ძალიან არ მიყვარს ბევრის მჭამელი კაცი.

- ახლა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ერა დაიწყო. რამდენად მოგწონთ, როგორც პოლიტიკოსი?

- თქვენ მე დიდი პოლიტოლოგი გგონივართ?.. ნიჭიერ კაცს ყველაფერში ნიჭი ეტყობა. თუმცა, ძალიან ბევრი სირთულეა და გარემოცვაშიც ბევრი უფხო ადამიანი ჰყავს...

- მეტად რთულ დროში მოგიწიათ ცხოვრება, მაგრამ ხელოვნებაში დიდი კვალი დატოვეთ... ბედის მადლიერი ხართ?

- არა!.. კმაყოფილების გრძნობა არასოდეს მქონია. არ ვიცი, რომელმა როლმა მომიტანა აღიარება, მაგრამ "დათა თუთაშხიადან" მუშნი ზარანდიას როლი ჩემთვის საინტერესო იყო. ერთხელ ვთქვი, ზარანდია სჭირდება ახლა ქვეყანას-მეთქი. ზარანდია დიდი სიკეთის მატარებელია თავისი ქვეყნისთვის. ქვეყანას სწორედ ასეთი ეშმაკობა სჭირდება, ოღონდაც ბოროტი ეშმაკი კი არ უნდა იყო ედუარდ შევარდნაძის მსგავსად.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)