" ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიცაა"
19 აპრილის აქციაზე სხვა ყველაფერთან ერთად, ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებაც დაანონსდა. მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია პოეტი, მწერალი და რომანისტი დავით დეფი გოგიბედაშვილი. სწორედ 19 აპრილის აქციით დავიწყეთ მასთან საუბარი.
- რატომ წახვედით 19 აპრილის აქციაზე?
- რადგან მე არ მინდა, საქართველომ დასავლეთ ევროპისკენ მიმავალ გზას ჩრდილოეთისკენ, რუსეთისკენ გადაუხვიოს. საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა, ვფიქრობ, სწორედ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე დგას. მე არ მჯერა პრემიერ-მინისტრის განცხადებების. რუსეთი, როგორც სახელმწიფო, არასდროს ყოფილა საქართველოს მეგობარი და არც ახლაა. თავის მოტყუებისთვის კი არც დრო მაქვს და არც სურვილი.
- აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, რომ ომში გავიმარჯვეთ. თქვენ რას ფიქრობთ?
- მე ასე არ ვფიქრობ, არც მითქვამს, არც ვამბობ და არც ვინმესგან, ვისაც ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც აქვს, გამიგია, რომ ომში გავიმარჯვეთ. ომი გრძელდება და გავიმარჯვებთ მაშინ, როცა საქართველო რუსეთის ოკუპაციისგან განთავისუფლდება.
- 2007 წლის აქციებზე, როდესაც 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მაშინ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ 100 000 ადამიანი საქართველო არა არისო. 19 აპრილის აქციას დაახლოები 12 000 ადამიანი ესწრებოდა და აცხადებდნენ, რომ მთელი საქართველო გვიჭერს მხარსო. ეთანხმებით ასეთ განცხადებას?
- მართალი გითხრათ, ასეთი განცხადება არც მომისმენია და თუკი ეს ვინმემ თქვა, მე ამას სერიოზულ ნათქვამად ვერ აღვიქვამ.
- ბატონო დეფი, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ყველაზე დიდი ქართველია ედგარ ალან პო. რატომ?
- რადგან, ჩემი აზრით, რაც ქართულია - ისაა საკაცობრიო, რაც საკაცობრიოა - ისაა ქართული. ედგარ ალან პოდან იწყება ლიტერატურის, გნებავთ ზოგადად შემეცნების ახალი სამყარო. ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიცაა, ელვის პრესლიც, მაჰათმა განდიც, "ბითლზის" ოთხივე წევრიც, ერნესტ ჰემინგუეიც, ჩარლი ჩაპლინიც, ბორის პასტერნაკიც, "ხასანბეგურასა" და "ჩაკრულოს" შემქმნელებიც და დედამიწის სხვა ძალიან, ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩემთვის საქართველო მხოლოდ ეთნიკური მხარე არაა. ქართული სახელმწიფოს გარდა, საქართველოს მე სულით ნათელი და მამაცი ადამიანების ერთ უსასრულო სამყაროდ აღვიქვამ.
- საყვარელი ქართველი პოეტი ვინაა?
- მე გახლავართ. ჩემს გარდა, ყოველთვის ძალიან მომწონდა პაკო სვიმონიშვილი და თავისთავად "სამკაულის ორდენის" პოეტები.
- განაცხადეთ, რომ ისევე როგორც ვაჟას, ილიას, აკაკის - გინდათ, თქვენც მხოლოდ სახელით გცნობდნენ. გვარი გიქმნით უხერხულობას თუ ამ მწერლებთან გატოლების ამბიცია გაქვთ?
- გვარი რატომ და რაში უნდა მიქმნიდეს უხერხულობას? თანაც მე ყველა სახელით მომმართავს. ეს მე არ მომიგონია. ასეა ბოლო 44 წელი, რაც ამ პლანეტაზე გავჩნდი. მე ამაზე არაერთხელ ვილაპარაკე. არაერთხელ დავწერე და განვმარტე, მაგრამ როგოც ჩანს, ჭორები ჩქარა დაქრიან შურით, ჰედონიზმით, უვიცობითა და ბოღმით გამომხმარ ჩვენს ქვეყანაში. მე ჩემს წიგნებს ვაწერ - დავით დეფი. ქართულადაც და სხვა ენებზეც, როცა იმ სხვა ენებზე ჩემი წიგნი გამოდის. გვარი გოგიბედაშვილი კი ისევ თავის ადგილზეა და არსად გამქრალა. რატომ ვიდარდო, ასი წლის მერე ვინ რას დაწერს ჩემზე, მე იმ დროისთვის კიდევ რამეს მოვიფიქრებ.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)