"ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები"
”ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კეტით დაგვდევდა და თავ-პირს გვამტვრევდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები”... - ამბობს გივი ბერიკაშვილი. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ხვალინდელი დღის იმედი უნდა გვქონდეს.
- ახლა ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ გეგმებს გვიცხადებენ, რაც ხუთი თითივით ვიცით. უბრალოდ ის მიკვირს, ამდენ ხანს რატომ არ აკეთებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. საქმე თუკი გაკეთდება, ერთი ადამიანი არ მეგულება - არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში, რამეს ხელი შეუშალოს. ვინც კარგი საქმის კეთებას ხელს შეუშლის, იმას თავი უნდა მააჭრა!
- განვლილ 9 წელს როგორ აფასებთ?
- როგორ უნდა შევაფასო?!... მოდი, პირდაპირ ვთქვათ. განვლილ 9 წელიწადში ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, დღეს არც თეატრი გვექნებოდა და არც არაფერი. ბოდიში თქვენთან და, გვექნებოდა მხოლოდ ”ქუთუ და კუტუ” (ასე დაარქვეს და მე რა ვქნა?!). დღეს ათასი რამ კეთდება, კაცო და თვალი არ უნდა დავხუჭოთ.
- დღეს კეთდება კი ათასი რამ?
- 30 წელია ყველაფერს ვანგრევთ და ერთ დღეში ხომ ვერ გამაასწორებ ყველაფერს. ამ დაზარალებულ და დასეტყვილ კახეთში ფული დაურიგა ბიძინა ივანიშვილმა გლეხებს და ისინი თურმე გაქანდნენ და მანქანების ბაზრობებთან რიგები იდგა. ვენახს კი არ მიხედეს!.. მე კახეთში ვერ ჩავდივარ და დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან გული დამწყდა, ასეთ ამბავს ყური რომ მოვკარი. ერთსა და ორს შეიძლებოდა ეყიდა მანქანა, მაგრამ ყველამ რომ მანქანა იყიდა, ვენახს ნახმარი ”ოლგა” უშველის?! ამისთვის მისცეს 100 მილიონი კახეთსა?!.. სხვა მხარეზეც ვხედავთ, ეს კაცი რაღაცის გაკეთებას ცდილობს და ყველაფერს დრო გამააჩენს. თუ არა და, ქართველი ხალხი ისეთია, უთქმელს არაფერს დატოვებს. სამართალმა პური უნდა ჭამოს.
- განვლილი 9 წელი არ მოგწონთ, მაგრამ პირადად თქვენ წინა ხელისუფლების პოლიტიკამ დაგაზარალათ?
- პირადად არა, ესტრადაზეც გამოვდიოდი და ხალხს ბევრი სიხარული ვაჩუქეთ... ვერ ვიტყვი, რომ ვინმე კეტით დაგვდევდა და თავ-პირს გვამტვრევდა, მაგრამ ძაღლადაც არავინ გვაგდებდა. ჩარეცხილები ვიყავით და არაფრის გამკეთებლები. რა და, თვითონ არც ერთი მათგანი თეატრში არ დადიოდა. მე არ მინახავს ისინი სპექტაკლს დასწრებოდნენ. ისე, სულო ცოდვილო, შევარდნაძე კი დადიოდა თეატრში, მაგრამ რა მერე...
- ყველამ ვნახეთ თუ რა მწვავე შეფასებები მოჰყვა ანსამბლების, ”რუსთავისა” და ”ერისიონის” მოსკოვურ ტურნეს. თქვენ რას იტყოდით?
- მერე რა, კონცერტი რომ გამართეს, რა დააშავეს?!... ენას ძვალი არ აქვს. თავში უნდა გეყაროს რამე და სწორი დასკვნა გააკეთო, თორემ ენა ყველაფერს იტყვის. რუსი მსახიობები რომ ჩამოდიან ჩვენთან, ვინმე ყვირის და თვალებს აბრიალებს?! ჩვენებიც უნდა წავიდნენ. როგორც გავიგე, ორივე კონცერტს დიდი სიხარულით შეხვდა იქ ხალხი.
- დიახ, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოკუპანტ ქვეყანას არ უნდა ვუმღეროთ...
- ეგ ხო სასაცილოა. ახლა ვყავართ ოკუპანტს დაპყრობილი?!.. აი, მაგას ვინც ამბობს, ჩემგან გადაეცით, რომ ისტორია კარგად წაიკითხოს. რუსეთის ხელქვეითი ვიყავით და ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მთავარია, ის შენი დამპყრობელი როგორ მოგექცევა. ახლა სულ არის მსჯელობა ამ ქვეყანასთან ვარგა ყოფნა თუ იმასთან, მაგრამ არავისთანაც არ ვარგა... - მეზობელო კარისაო სინათლე ხარ თვალისაო - ხომ გაგიგონიათ?!... რა თქმა უნდა, ხელქვეითობა არ ვარგა, მაგრამ კონცერტის გამართვა მეზობელ ქვეყანაში ხელქვეითობას არ ნიშნავს. ჯობია, როგორმე მეზობელ ქვეყანასთან გავიუმჯობესოთ ურთიერთობა, თორემ ამერიკიდან რომ გემი ან თვითმფრინავი დასახმარებლად წამოვა, ის ჩვენ ვერაფერში მოგვეხმარება...
- ბიძინა ივანიშვილს ვიცნობთ როგორც მეცენატს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსს როგორ აფასებთ?
- როგორც პოლიტიკოსს ვერავითარ შეფასებას მე ვერ მივცემ. მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი მოდიოდა, დიდი კრება გვქონდა და მკითხეს, რა აზრის ხარო? ვთქვი, არტისტი კაცი მოდის და საიდან უნდა ვიცოდე, რას გაგვიკეთებს, იქნებ დავაცადოთ-მეთქი?!.. ამასაც ვაცალოთ, დავდგეთ მერე და ვილაპარაკოთ. ამ ხნის კაცი ვარ, იმდენი სეტყვა და თავ-პირის მტვრევა მინახავს, მაგრამ ფული რომ გლეხებისთვის დაერიგებინოთ, არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს და ეს ძალიან კარგია. ერთ დღეში ამდენი ხნის ნანგრევი არ აშენდება, ისემც ჩემი თავი გენაცვალოთ... ქართველი ხალხი უჭკუო არ არის და ამის იმედი მაქვს. უბრალოდ, ათასი უბედურება გადაგვხდა. ცხონებული ზვიად გამსახურდიადან დაწყებული სულ წივილ-კივილი გვაქვს ქვეყანაში და ორ თვეში ყველაფერი ვერ ჩაცხრება.
- ანუ ხვალინდელი დღის იმედი უნდა გვქონდეს?
- მოდი, ასე დავამთავრებ - ზაფხულობით პაპაჩემთან კახეთში ჩავდიოდი ხოლმე. ვახშამზე ყოველთვის სამ სადღეგრძელოს წარმოთქვამდა - სიცოცხლის სადღეგრძელოს, შესანდობარს და მესამე იყო - ხვალინდელი ნათელი და მზიანი დღის გათენებას გაუმარჯოსო... ერთხელაც ამ მესამე სადღეგრძელოზე ვუთხარი, დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს-მეთქი. მეორე დილას ადრე გამაღვიძა და მითხრა, აი შვილო, აბა გახედეო (ალაზნის ველი მთლიანად ჩანდა ჩვენი სახლიდან), ეს დღე რომ არ გაგვთენებოდა, ხომ ცოდვები ვიქნებოდით და ხვალინდელი დღის იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოსო... ჩვენს ქვეყანას ათასი უბედურებისთვის გაუძლია. ახლა რომ ჩვენი ბავშვები მარტო საზღვარგარეთულ, ტუტუცურ სიმღერებს მღერიან და მეტი არაფერი იციან, ჯობია, წიგნი გადაშალონ და გაიგონ, როგორ მოვიდა საქართველო დღემდე და რა ხალხი გვყავდა. სატრაბახოდ ისიც გვეყოფა, ისტორიაში რომ წერია - ჰომეროსი, დანტე და რუსთაველი. ეს ერია, დიდი ქვეყანაა, წარმატებული, ჩავარდნებიც გვქონია, მაგრამ ხალხი ბრძენია და ჩვენი ქვეყანა განწირული არ არის. ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)