ლეკვების რიტუალური მსხვერპლშეწირვები თბილისში - ავადმყოფების სექტა? - კვირის პალიტრა

ლეკვების რიტუალური მსხვერპლშეწირვები თბილისში - ავადმყოფების სექტა?

ადამიანის შფოთი, რომ მის გარშემო სატანისტური მოძრაობები არსებობს, ისეთივე მარადიულია, როგორც თვით ამ ადამიანის რწმენა ღვთისადმი, - არსებობს უფალი ე.ი. არსებობს ძალა, რომელიც მას ებრძვის. მე პირადად მეშინია მისი, მაგრამ როცა სანზონაში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილებში ლეკვის ცოცხლად გატყავების შემსწრეებს დავეძებდი, არანაკლებ შემეშინდა იმის, რომ მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. საუბრობდნენ მხოლოდ თინეიჯერები, ერთმა მეტად ინტელიგენტური იმიჯის ქალბატონმა კი საუბრისას ლამის ისინიც ხელიდან გამომგლიჯა, - ყოველშემთხვევაში, თავისი შვილი თითქმის თმებით წაათრია, აქ რას უდგეხარ და რა თემაზე ლაპარაკობო.

თემა კი ასეთი გახლავთ: 24 აპრილს მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილზე, იქ, სადაც ეკლესია და მის უკან სკოლის გაუქმებული ორსართულიანი შენობაა, 20-22 წლის ოთხმა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ ლეკვი დაიჭირა და ცოცხლად გაატყავა. ეს ამ პროცესის შემსწრე მეორეკლასელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომელთაგან ერთმა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო, ტემპერატურამ აუწია და ისტერიკაში ჩავარდა. ამას რამდენიმე მშობლის თავმოყრა მოჰყვა, რომელთაც ლეკვი უკვე გატყავებული დახვდათ და ასევე ისტერიკაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადებაში წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების მასობრიობაზე მიუთითა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

შსს-მ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მოწმეები დაკითხა და საქმე აღძრა. შედეგზე ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია, დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არავინ დასჯილა კანონის იმ მუხლით(259-ე), რომელიც ცხოველების წამებისა და მოკვდინებისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ალბათ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ცხოველის წამებად ან მოკვდინებად ვერ ჩაითვლება. ჩემმა პატარა რესპონდენტებმა საუბრის გარდა ლეკვის გატყავების ადგილიც დამათვალიერებინეს და იქვე დასძინეს, რომ ახლომახლო მსგავსი "რიტუალები" ბევრგან და ხშირად ტარდება. გასაგები მიზეზების გამო პატარა რესპონდენტების ვინაობას არ ვამხელ. ჩვენი საუბარი კი ასეთი გახლავთ:

" დეიდა, იცი, ამას ვინ აკეთებს? ემო-ები! ახლავე გეტვით, როგორ გამოიყურებიან ისინი, - შავი ტანსაცმელი აცვიათ. თვალებიც შავად აქვთ დახატული, ტუჩებიც, ფრჩხილებიც. დიდი რკინებიც აქვთ ჩამოკიდებულები და თავად იძახიან, - ჩვენ ვართ ემოო! ჯერ ქვებს ესვრიან აიღებენ ძაღლებს და კატებს და რომ მოარტყამენ, დაიჭერენ და გაატყავებენ.

- როგორ ატყავებენ, გინახავთ?!

- გვინახავს. კი არ გვიშლიან, თუ გინდა, უყურე. თუ დიდია ძაღლი, ხეზე ჩამოკიდებენ, და ატყავებენ. კატას და ლეკვებს კი მიწაზეც ატყავებენ. ზოგი ფეხებს უჭერს და თავს, რომ არ დაკაწროს.

- ანუ როცა ატყავებენ, ძაღლები და კატები ცოცხალი არიან?!

- კი, დეიდა. როცა ატყავებენ, წკავწკავებენ. ცოცხალი უნდა იყოსო, ეგრე ამბობენ. შუამდე რომ გაატყავებენ, ძაღლები უკვე კვდებიან.

- და ამას ბოლომდე უყურებთ?!

- ვისაც შეუძლია კი. პატარები უფრო ვერ უძლებენ. აი, ის ბიჭი ავად რომ გახდა როცა ლეკვის გატყავებას უყურა, 9 წლის იყო და იმიტომ ვერ გაუძლო, თანაც იმ ლეკვის გატყავება თვალებიდან დაიწყეს. ღამე სასაფლაოზეც ადიან. ვისაც პატარა ძაღლი ჰყავდა, ყველას მოუკლეს, ასე ამბობენ, აქ ჩვენი მეგობარი არის დამარხული და იმას ვწირავთ მსხვერპლსო.

- კიდევ, უფრო ხშირად რა ადგილებში იკრიბებიან?

- ყველგან, სადაც დანგრეული შენობაა. წყლის კანალიზაციაშიც ჩადიან, ტანს იბანენ.

- და ვინ ვართ, საიდან ვართო, ამბობენ?

- ზუსტად არ ვიცით. მგონი, ზოგს მშობლები არ ჰყავს. ერთი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს და უთხრეს, თუ შენც ემო გახდები, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, თუ არა, მოგკლავთო. ის ჩვენი მეგობარი გამოიქცა."

... მერე ბიჭები "ემო"-ების სარიტუალო ნანგრევებისაკენ, რომლებიც, სხვათა შორის, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს. იქ კი კედლებზე ცხოველთა სისხლისგან გამოყვანილი ეშმაკის გამოსახულებები და ინგლისური წარწერები მაჩვენეს: "ჩვენ ვართ ემო". ამ ავადმყოფური სანახაობით შეძრწუნებულმა იქაურობა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დავტოვე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პატარა თანამგზავრებიც ჩემსავით განიცდიდნენ ნანახს. პირიქით, ძალზე მშვიდად განმიმარტეს, "აი, ხომ ნახეთ აქაც ის წერია, რომ ემო ეშმაკის მსახურს ნიშნავსო".

არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ მე მათთვის არ ამიხსნია, რომ სინამდვილეში "ემო" XXI საუკუნის სუბკულტურაა და ზოგადად სატანიზმთან და ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოძრაობისათვის დამახასიათებელია დეპრესიულობა და საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ არა აშკარად გამოვლენილი აგრესია. საკუთარი დეპრესიული ემოციების შესაბამისად ისინი იცვამენ შავ ტანსაცმელს, შავადვე იღებავენ ტუჩებსა და ფრჩხილებს, ხშირად ატარებენ მასიურ რკინის ნივთებს.

გეცნოთ? ალბათ, "ემო-ებს" თქვენც შეხვედრიხართ და როგორც მივხვდით, ისინი ცხოველების "მსხვერპლშეწირვით" დაინტერესებული არ არიან. თუმცაღა ამ ამბავიდან მთავარი ის კი არ არის ემო სინამდვილეში ვინ არის, არამედ ის რომ რეალურად არსებობს დაჯგუფება, რომლის ძალადობის მსხვერპლი, დღეს ცხოველებთან ერთად ბავშვებიც ხდებიან. ხვალ კი არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამიტომაც, შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მხოლოდ ფაქტის ფსიქოლოგიური კომენტარით არ შემოიფარგლა:

"პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მსგავსი ძალადობები განახორციელოს. ზოგადად კი ამ შემთხვევაში არა ემო-ზე და ეშმაკზე, არამედ აქ პატარა სექტაზეა საუბარი, რომელმაც რაღაც ნიშნები მოიძიეს, რომ გარემოს დაპირისპირებოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელი სულაც არ არის რომ სექტა რელიგიური ორგანიზაცია იყოს, - თვით გარემოსაგან ოზოლირებული ოჯახიც შეიძლება პატარა სექტა გახდეს და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დაკავდნენ და დაავადმყოფდნენ სულიერად. ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც სავარაუდოდ ღატაკი ოჯახის შვილები არიან და არ იციან რა აკეთონ და რომლთაც გარემომ ვერაფერი შესთავაზა და არ მიიკარა, მარტონი დარჩნენ. ამიტომაც მონახეს ერთმანეთი. მათი ყოველი საქციელი არის პროტესტი გარემოსადმი და ერთმანეთისათვის თავმოწონება - აი, მე არ მოვწონვარ გარემოს, მაგრამ არა უშავს, მე შენ მყავხარ და დაგიმტკიცებ, რომ მე შენი მეგობარი ვარ, რაც შენ მოგწონს, იმას გავაკეთებო. ასე ერთმანეთის მოსაწონებლად შექმნეს მათ თავისი სექტა და საბრალო ცხოველებს გარემოს დასაშინებლად ხოცავენ. ამასობაში თავადაც სულიერად დაავადმყოფდნენ და საზოგადოებაზეც ძალადობენ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა შეჩერდეს".