დღეს ქართველებს თითქმის ყველაფერში გვიჭირს, გარდა მაღალი ინტელექტისა. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ინტელექტუალური ელიტა უცხოეთშია წასული და იქედან ემსახურება საკაცობრიო მეცნიერებას. ეს, როგორც ყველა რიგითი ქართველს, გულს მეც ძალიან მწყვეტს. მიკითხავს კიდეც უცხოეთში მომუშავე ქართველი მეცნიერებისათვის, - თუ ყველანი უცხოეთში აღმოჩნდებით, საქართველოში რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა მიიღოს განათლება ქართველმა ახალგაზრდამ, რომელსაც უცხოეთში წასვლა არ შეუძლია-მეთქი? ისინი კი პასუხად მეუბნეოდნენ, რომ დიდი მეცნიერები საქართველოშიც არიან და მაგალითად, კონსტანტინე ჭიჭინაძესაც ასახელებდნენ.პრინციპში შეკამათებაც არ ღირს, - თუ ამ ქართველებმა მათ უცხოეთში მოღვაწეობისას გამოიჩინეს თავი, ექსპერიმენტული ბიომედიცინის 43 წლის პროფესორის, კონსტანტინე ჭიჭინაძის სამეცნიერო ნაშრომები საქართველოდან გახდა ცნობილი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში. მას არც ერთ უცხოურ ქვეყანაში არ უმოღვაწია, ისე სთხოვეს რამდენიმე უცხოური სამეცნიერო წიგნისა და ჟურნალის რედაქტორობა. მაგრამ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს მონაცემები მეცნიერებისათვის, პირადად, მე ადამიანურად პროფესორ კონსტანტინე ჭიჭინაძეში ყველაზე მეტად ის მხიბლავდა რომ მასზე სტუდენტები გიჟდებიან, - ის არა მარტო მათი საყვარელი ლექტორია, არამედ მეგობარიც და სამაგალითო ადამიანიც. და აი, უცებ ვიგებ რომ კონსტანტინე ჭიჭინაძე ძალიან ავად არის, - მწვავე ლეიკემია აქვს. ვურეკავ მის სტუდენტს, მაგდას და ტელეფონში მოგუდული ხმა მესმის, ტირის, - "თებერვალში მეორე სემესტრი რომ დაგვეწყო და ლექციაზე კონსტანტინე ჭიჭინაძე არ მოვიდა, კინაღამ გავგიჟდით. ვკითხეთ პედაგოგს და, - სერიოზულად ავად არისო. იმ ღამეს ყველანი მთელი ღამე ვფიქრობდით, რას ნიშნავს სერიოზული, იქნებ ფეხი ან ხელი მოიტეხაო. მას კი თურმე ლეიკემია აქვს! იცით, რა საოცარი ადამიანია? მახსოვს, როცა მის პირველ ლექციას არ დავესწარი, უნივერსიტეტში რომ მივედი, ბავშვები შოკში იყვნენ, - აუცილებლად დაესწარი მის ლექციებს, ძალიან საინტერესო კაცია, განათლებული და ჭკვიანიო... ძალიან გვენატრება. რომ არ არის, ლექციაზე შესვლა აღარ გვინდა"... და მაგდა ტელეფონს მითიშავს,.მერე კონსტანტინე ჭიჭინაძის მეგობარს ვურეკავ, ჯაბა ტყემალაძეს: "აბა, რა უნდათ გითხრათ, ქალბატონო, ბავშვობის მეგობარი მყავს ავად. ეს სახუმარო ავადმყოფობა არ არის, რომ გამოჯანმრთელდეს, 400 ათას დოლარამდე სჭირდება. საიდან ეს ფული?! არადა, უნდა მოგროვდეს, აუცილებლად უნდა მოგროვდეს, არა იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია, მსგავსი მეცნიერი ძლიერ ცოტა ჰყავს საქართველოს. მას გენიალური ტვინი აქვს. ბავშვობიდან ასეთი იყო, მაშინაც კი უკვე მნიშვნელოვანი თეორიები ჰქონდა ყველაფერზე. ბედის ირონია კი იცით, რა არის, ის თვითონ მუშაობდა სიმსივნის თემაზე, რომ სხვები სიმსივნისგან განეკურნა. " როცა კოტე მოვიდა და თავისი დიაგნოზი მითხრა, არ გამკვირვებია, შევხედე მის ფერდაკარგულ სახეს ….შოკში ვართ ყველა. მაგრამ მადლობა ღმერთს, თავად კოტეს არ ეშინია ამ ავადმყოფობის, ის ისევ ძველი კოტეა, - ჩვენი ვაჟკაცი კოტე, რომელსაც ვინ რა იცის, როგორ შეუძლია ჩვენი გვერდით დგომა როცა ჩვენ გვიჭირს"...... ახლა კი კონსტანტინე ჭიჭინაძეს თავად სჭირდება გვერდით დგომა, მაგრამ ეს ძალზე ძნელია, - ჩვენი ქვეყნის გარდა, რომელ ქვეყნაშიც არ უნდა ემოღვაწევა მას, ნებისმიერი სახელმწიფო ყველფერს გააკეთებდა მის გადასარჩენად. საუბედუროდ, საქართველო ვერა და ვერ მივიდა იქამდე, რომ თავისი შვილების სიცოცხლისთვის იბრძოლოს - კონსტანტინე ჭიჭინაძის მშობლებმა მიმართეს ყველას, ვისაც კი შეიძლებოდა: ჯანდაცვის სამინისტროს, ქალაქის მერიას, საქართველოში არსებულ ფონდებს, მაგრამ ამაოდ, არავისაგან პასუხი არ მიუღიათ. ასეთ დროს კი როგორც ხდება ხოლმე, განწირული ადამიანისათვის მხოლოდ ის გამაოგნებელი ძალა მუშაობს, რომლის სახელი სიყვარული და სიკეთეა...... საფრანგეთში მცხოვრებმა კონსტანტინე ჭიჭინაძის დამ, არავინ იცის რა ძალით, მაგრამ შეძლო და საფრანგეთში კლინიკა დაითანხმა, რომ მისი ძმისთვის მანამდე ემკურნალად უფასოდ, სანამ საქართველოდან ფული ჩაერიცხებათ. ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება, მაგრამ ახლა მოხდა, - ბოლოს და ბოლოს, რაც ჩვენ არ შეგვიძლია, უფლისათვის არასოდეს არის შეუძლებელი. თანხის შეგროვებას კი საქართველოში ყველა ცდილობს, ვისაც კონსტანტინე ჭიჭინაძის შესახებ რაიმე გაუგია. ეს კი უზარმაზარი ძალაა, - მხოლოდ რიცხოვნებაზე არ ვლაპარაკობ, მრავალჯერ გამომიცდია, რა ძალა აქვს სიკეთეს, - ბევრჯერ დაიღლები, ბევრჯერაც შეიძლება ხელი ჩაიქნიო, - აღარ შემიძლია, დაე, ახლა სხვამ აკეთოს ეს საქმეო, მაგრამ უცებ შენი ნათქვამის ისე შეგრცხვება, შეიძლება გულიც გაგისკდეს, ეს რამ მათქმევინაო.კონსტანტინე ჭიჭინაძე უნდა გადარჩეს, - ჯერ მისი დაავადების რემისია, ანუ შეჩერება უნდა მოხდეს, მერე კი ძვლის ტვინი უნდა გადაუნერგონ. სწორედ ამ ხერხით ინკურნება ლეიკემიისგან დაავადებულთა 75%. ახლა არ მინდა იმაზე ლაპარაკი დავიწყო, რას ნიშნავს ქვეყნისათვის მისი გადარჩენა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ როცა ამას ვწერ, თვალწინ მის გარდა კიდევ ორი ადამიანიც მიდგას, - მისი მოხუცი დედ-მამა, რომლებსაც უკვე ლაპარაკის უნარიც აღარ აქვთ შერჩენილი. მათთან საუბარი ვერც მე გავბედე. მხოლო ერთადერთი შეკითხვისთვის მეყო ძალა, - როგორი შვილია კოტე? მათ კი მიპასუხეს, რომ როცა კოტემ თავისი დიაგნოზი გაიგო, ორივეს მოეფერა და უთხრა, - ნუ გეშინიათ, აქედან ბევრი გამოსულა და მეც გამოვალ, აუცილებლად ვიცოცხლებო!... ჩვენ კი შეგვიძლია გაგაცნოთ ის რეკვიზიტები, სადაც კონსტანტინე ჭიჭინაძის გადასარჩენად თუნდაც მხოლოდ ერთი ლარის ჩარიცხვა შეგიძლიათ. სატელეფონო ზარით, - 0901900901; მიმღები ბანკი: ს.ს. "რესპუბლიკა" ბანკის BIC კოდი: REPLGE22 მიმღები: კონსტანტინე ჭიჭინაძე მიმღების IBAN ანგარიშის ნომერი: GE66BR0000010390402357