რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს
გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში, სოფელ წნორში, ინდოეთიდან ჩამოსულმა პანჯაბელმა ფერმერა თავი მოიკლა. ამის თაობაზე სიუჟეტი ერთ-ერთმა ინდურმა ტელეკომპანიამ მოამზადა: გარდაცვლილის ძმა ჰყვება, რომ საქართველოში მიწის საყიდლად წასული მისი ძმა შუამავალმა აგენტმა მოატყუა - აჩვენა და აყიდინა კარგი მიწა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეესტრის მონაცემების მიხედვით, მას მიუვალ ადგილას ქვა-ღორღიანი მიწა მიჰყიდეს. ამ ამბავმა კი მისი ძმა იმსხვერპლა... ამ ფაქტის შეტყობის შემდეგ დავინტერესდით რეალურად რას აკეთებენ ის საშუამავლო კომპანიები, რომელთაც საქართველოში დახლი დადგეს და ქართულ მიწას უპრობლემოდ ყიდიან. ვინ და რა დგას მათ უკან? ვითარებაში გასარკვევად კანადის მოქალაქე ინდოელ ბიზნესმენ ჯაგპალ (პოლ) სინგჰს დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:
- საქართველოში სავიზო რეჟიმი ძალიან გამარტივებულია. ამასთანავე, მიწაც ინდოეთთან შედარებით იაფია. ამიტომაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტრეფიკინგით არის დაკავებული, ხელის მოთბობა გადაწყვიტა. ინდოელ ღარიბ ფერმერებს ჯერ დაპირებებით აბრუებენ, ეუბნებიან, რომ აქ ბედნიერ და მდიდრულ ცხოვრებას აიწყობენ, აქ ჩამოსულებს კი, დახმარების ნაცვლად, ფულს სძალავენ.
- რით შეძლეს ამ ხალხის დაინტერესება ინდოეთში?
- ძირითადად, ფართომასშტაბიანი სატელევიზო რეკლამით. ამ ლამაზ ვიდეორგოლებში ჩანს საქართველოს ბუნება, დამუშავებული მიწები, გამდიდრებული და ბედნიერი ინდოელები, რომელთაც საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ბოლოს კი ამბობენ, ამა და ამ კომპანიამ ჩამომიყვანა აქ და მადლობა მასო. ინდოეთის ბევრ სოფელში ცხოვრობს გულუბრყვილო, გაუნათლებელი და საკმაოდ დაბალი დონის ხალხი, თავიანთ სოფელსაც რომ არ გასცილებიან და იჯერებენ ამ ზღაპრებს. აქ იმდენი გაუნათლებელი ინდოელი ვნახე, რომ ძალიან შემრცხვა, თან ძალიან შემეცოდა ეს ხალხი.
- რა უჯდება ადამიანს ინდოეთიდან აქ ბედის საძებნელად ჩამოსვლა?
- 2.000-5.000 დოლარი. თვითმფრინავის ერთ რეისს, სულ ცოტა, 25-30 კაცი ჩამოჰყავს.
ბატონი პოლის მონაყოლის შემდეგ ინდური ტრეფიკინგის მსხვერპლთა პოვნა გადავწყვიტეთ. ეს მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია, აღმოჩნდა, რომ შუამავალთა მიერ მოტყუებული ადამიანი საკმაოდ ბევრია. ამჯერად ორი მათგანის თავგადასავალს გთავაზობთ.
შარან სინგჰი 34 წლისაა, ინდოეთში ცოლი და ბავშვები დატოვა და საქართველოში კარგი ცხოვრების იმედით ჩამოვიდა. შუამავალი აგენტი ჰპირდებოდა, რომ მალე ცოლ-შვილის ჩამოყვანაშიც დაეხმარებოდა, თუმცა აქ ჩამოსულმა აეროპორტშივე აღმოაჩინა, რომ მოატყუეს. არც აეროპორტში დახვედრია ვინმე და არც საცხოვრებელი უშოვიათ. შარანმა ინგლისურიც არ იცის, მეგობარი ეხმარება და გვითარგმნის ჰინდიდან:
- ჩამოსვლაში 2.000 დოლარი გადავიხადე. ათასი დოლარი ინდოეთში მივეცი Crown immigration-ის წარმომადგენელს, ათასი კი აქ ჩამოსვლის მერე. 18 დღეა აქ ვარ და მივხვდი, რომ რაიმე პერსპექტივის იმედი არ უნდა მქონდეს. არადა, მეუბნებოდნენ რომ საქართველოში გამდიდრება ძალიან ადვილი იყო. აქ ბევრი ინდოელი ვნახე, ვინც ჩემსავით მოტყუებულია და ინდოეთში დაბრუნება უნდა. არიან ისეთებიც, ვის მოტყუებასაც კიდევ ახერხებენ და ახლა აქედან სხვა ქვეყანაში გაგზავნაში სძალავენ ფულს.
კიდევ ერთი მოტყუებული ინდოელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასახელებს კიდევ ერთ პიროვნებას და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ საქმის სათავეში სწორედ ის დგას:
- რენჯოდ სინგჰი ამჟამად რუსთავში ცხოვრობს იქ ეწევა საშუამავლო საქმიანობას. თითქმის დაზუსტებით ვიცი, რომ სწორედ ამ კაცმა ჩამოყვანა საქართველოში დიჯმატი საინი, არ გამოვიცხავ მათ ერთობლივი ”შავი” ბიზნესი ჰქონდეთ.
სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.