"Fox News- ის მიერ ქართულის, როგორც ევრაზიული ენების წინაპრად შერაცხვა არასერიოზულია”
"15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა." - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლელი მეცნიერები” - ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს მხოლოდ 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ...
მექსიკის უნივერსისტეტის ლინგვისტი უილიამ კროფტი კი მიიჩნევს, რომ კვლევა ასევე უშვებს იმის შესაძლებლობას, მეცნიერებმა გააერთიანონ ლინგვისტური მონაცემები არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით. ასე მაგალითად, უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კონტაქტის ხელახლა აღდგენით.
ფილოლოგიის მეცნერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერებელსა და არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ამ მოსაზრების განხილვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია...
- თურმე რას არ გაიგონებს ადამიანის ყური... აქამდე ასე ვიცოდი, რომ ამ ძალიან ჭრელ ენობრივ სამყაროში იყო ენათა რვა ოჯახი და ერთ-ერთი მათგანი მოიხსენიებოდა, როგორც იბერიულ-კავკასიური. ბევრ რამეზე შეგნებულად არ მინდა აქცენტის გაკეთება, მაგრამ 15 ათასი წლის წინ ერთ ენაზე ესაუბრათ ინდოევროპელებსა და კავკასიელებს, სემიტებსა და სხვა ოჯახების ნათა წარმომადგენლებს, ნებისმიერი სერიოზული ლინგვისტისთვის უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია. არა მგონია, ამაზე რომელიმე მეცნიერს, ან მეცნიერთა ჯგუფს სერიოზულად ემუშავა და მსგავს დასკვნამდე მისულიყო. საკითხის შესასწავლად აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა წინარე ენაზე მეტყველებდნე ჩემ მიერ ნახსენებ ენათა ოჯახებზე მეტყველი ჩვენი წინაპრები. ახლა ამის აღდგენა ყოვლად შეუძლებელია. ასე რომ, ეს ინფორმაცია უფრო ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალობა.
- აღნიშნული კვლევის თანაავტორი, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგი მარკ პეგელი ამბობს: - ”ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება”... რას ფიქრობთ ამაზე?
- ენის კვლევის შესახებ ბიოლოგი გვაწვდის ინფორმაციას?.. როდესაც ენას ისტორიულ-შედარებითი მეთოდოლოგიის მიმდევრები იკვლევენ, ისინი პირველ რიგში წინარე ენის აღდგენას ცდილობენ და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ატარებენ საძიებო სამუშაოებს. დიდი ინტერესით მუშაობენ ლინგვისტები საქართველოში და ქართველურ ენათა მიმართაც, ჰიპოთეზის დონეზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ დღევანდელ ქართველურ ენებს, ქართულს, სვანურსა და მეგრულ-ჭანურს, წინ უძღოდაა, წინარე ქართველური ენა, რომლის დაშლის შედეგადაც მივიღეთ ეს ენები. ანუ მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით 3 ათასი წლის წინ პროტოქართველური ენა დაიშალა და მის დაშლის შედეგად მივიღეთ ეს ენები. მკითხველს მინდა გავახსენო, რომ მარტო დაღესტანში 26 ენაა და იბერულ-კავასიურ ენათა ოჯახში 40-მდე ენას ითვლიან. ასევე წარმოიდგინეთ ენათა სხვა ოჯახებში რა ხდება; 3-4 ათასამდე ენის არსებობას ვარაუდობენ მსოფლიოში და ვიღაცას ამ ენების წინარე ენის აღდგენა, თუნდაც თეორიულად, შესაძლებელი და რაღაც დოკუმენტის საფუძველზე რეალურიც კი ჰგონია?... თან ამაზე ბიოლოგი მუშაობს?.
- ის თანაავტორია, ბატონო ლევან, და, მასთან ერთად, მკვლევარები და მეცნიერები მუშაობენ, რომლებც მიიჩნევენ, რომ 23 სიტყვა, მათ შორის, - ”მე”, ”შენ”, ”დედა”, ”კაცი”, ”ცეცხლი” და ”ხელი”, არ არის გამორიცხული ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ... ამით დაინტერესდნენ მექსიკის უნივერსიტეტის ლინგვისტებიც, მათ შორის, უილიამ კროფტი...
- ის, რომ ზოგჯერ ცალკეული სიტყვები ერთმანეთს ჰგავს, ეს ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანების საერთო წარმომავლობით კი არ არის განპირობებული, არამედ ადამიანური მეტყველების ფორმირების თავისებურებით. მაგალითად, ბავშვი მეტყველების ათვისების საწყის ეტაპზე საუბარს მისთვის ყველაზე ადვილად წარმოსათქმელი ბგერებით იწყებს და ეს არის, ე.წ. ბაგისმიერი და კბილისმიერი ბგერები, რადგანაც ბაგეებიდან და ტუჩ-კბილებიდან იწყება ენის ადგმა... ყველა ბავშვი ტიტინს ბაგეებისა და ენის წვერის მეშვეობითნ იწყებს და გამოდის, რომ ეს აერთიანებთ მსოფლიოს ხალხებს? ამ ლოგიკით მტკიცდება, რომ 15 ათასი წლის ყველა ერთ ენაზე საუბრობდა?.. სხვათა შორის, მეცნიერებაში ამ ეტაპმა კარგა დიდი ხნის წინ უკვე გაიარა, - გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ნიკო მარის მეთაურობით, ვრცელდებოდა ე.წ. "ოთხელემენტოვანი სისტემის თეორია", რომლის თანახმადაც დედამიწის ნებისმიერი ენა მომდინარეობდა ოთხი მარცვლისგან (სალ, ბერ, იონ. როშ). ამ თეორიამ, რომლის უსაფუძვლობა იმავე საუკუნის 50-იან წლებში ეჭვმიუტანლად დაასაბუთა აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავამ, კანონზომიერი კრახი განიცადა და, ეტყობა, კვლავ ამას ვუბრუნდებით?
ჩვენ ბიბლიიდანაც ვიცით, რომ მსოფლიოს ენათა მრავალფეროვნება, ბიბლიის ავტორების მიხედვით, არის მეორეული და ერთ დროს მთელი დედამიწა ერთ ენაზე ლაპარაკობდა, შემდგ კი, ყველამ ვიცით, მცდელობა ბაბილონის გოდოლის აშენებისა რითაც დასრულდა, ანუ უფალმა მათ ენები აურია... მაგრამ ასეთი ვერსიის მეცნიერულად ახსნა სანდოდ არ მიმაჩნია. ბიბლია არ არის მეცნიერება ... თუ იმ გზას ვაღიარებთ, რომ ყველა ენას ერთი ძირი ჰქონდა, გამოდის, რომ კაცობრიობას ერთი წინაპარი ჰყოლია. რაც შეეხება სიტყვათა მსგავსებას, ეს შესაძლოა სესხებითაც აიხსნას და ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიქმნას ერთი შეხედვით მსგავსი აგებულების სიტყვები.
- ანუ, მიგაჩნიათ, რომ მთელ დედამიწაზე სიტყვათა შესადგენად სულ 60-მდე ბგერაა გამოყენებული?
- დიახ, შეიძლება ასე ვთქვათ, თუმცა არ ვიცი, ჩინურსა და იაპონურში როგორ ხდება... ასე რომ, თუ ჩვენი არქეოლოგების ვარაუდით, კავკასიაში მილიონ რვაასი ათასი წლის წინ უკვე იყო ადამიანი და ეს იყო პირველი ევროპელი, აფრიკის კონტინენტზე კიდევ უფრო ძველი ნაშთია აღმოჩენილი და 15 ათასი წლის წინ მთელი დედამიწა ერთ ენაზე ლაპარაკობდა?.. მილიონი წლის განმავლობაში ენათა დიფერენციაცია არ მოხდა?.. აქამდე მეგონა, მხოლოდ ჩემს მშობლიურ სამეგრელოში ეგონათ, რომ ყველაფერი მეგრულიდან იწყებოდა და თურმე სხვაგანაც მიჩნევენ, რომ საქართველო და ქართული ენა არის ყველაფრის საწყისი? . თუ ადამიანი საქმეში არ არის ჩახედული, ის ყველაფერს დაიჯერებს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)