თენგიზ არჩვაძე: "ეს ოთარის ბოლო ქეიფი იყო"
81 წლის ასაკში გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი - ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა... "ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მეტი რომ არ შეიძლება... ტკივილია - ძალიან დიდი ტკივილი. იმდენად თავზარდამცემია ჩემთვის მისი წასვლა, აღარაფრის თქმა აღარ შემიძლია. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და მერჩივნა, მე წავსულიყავი ბატონო!"- ამბობს თენგიზ არჩვაძე... დამწუხრებულ მეგობრებს ყველაზე მეტად მასზე წარსულში საუბარი უჭირთ...
თენგიზ არჩვაძე - რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... ყველანი წავიდნენ. ახლა ოთარი შეუერთდა მათ, მეც ცხვარი მყავს ფეხზე გამობმული...
- ოთარი 16 იანვარს დაიბადა და მე სამ აგვისტოს. სულ ამაზე გვქონდა ჭიდილი, რომელი ვიყავით უფროს-უმცროსი. 80 წლის რომ გავხდი, მეგობრებმა მომიწყვეს დიდი სუფრა და ოთარი თამადა იყო. ეს მისი ბოლო ქეიფი იყო. თვითონ 82 წლის რომ გახდებოდა მე უნდა ვყოფილიყავი თამადა, მაგრამ... ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით... რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... ყველანი წავიდნენ. ახლა ოთარი შეუერთდა მათ, მეც ცხვარი მყავს ფეხზე გამობმული... დღეს მასთან მივდიოდი სახლში, გადაწყვეტილი გვქონდა, ერთ კაცს დავხმარებოდით და მოკვდაო, მითხრეს... ტკივილია - ძალიან დიდი ტკივილი. იმდენად თავზარდამცემია ჩემთვის მისი წასვლა, აღარაფრის თქმა აღარ შემიძლია. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და მერჩივნა მე წავსულიყავი, ბატონო! მე და ოთარი მეგობრები კი არა, ძმები ვიყავით. დიდი კაცი იყო, რომელმაც თავის ხელობა იცოდა. ხელობაა ყველაფერი, კაცობაც ხელობაა...
გივი ბერიკაშვილი - შენგან ხომ კაცი არ გამოვაო, ჩაიქნია ხელი და ფერდაკარგული მიტრიალდა...
- მარტო მე კი არა, მთელი საქართველო, მთელი ის თაობა, ვისაც თეატრი და ქართული ხელოვნება უყვარს, ოთარ მეღვინეთუხუცესს სიკვდილამდე არ დაივიწყებს. უზარმაზარი არტისტი იყო, განუმეორებელი მონაცემებით. ნამდვილი დათა თუთაშხია, კეთილშობილებით სავსე, ოჯახის, მეგობრების მოყვარული და თავის საქმის მოთაყვანე... კაცურად წავიდა! ვენაცვალე, იმდენი გააკეთა, რომ მთელი საქართველო გულწრფელად დაიტირებს... ჩვენ ინსტიტუტის პირველი კურსიდან ერთად მოვდიოდით, ძალიან თბილად და ტკბილად ვიყავით ერთმანეთთან ოჯახებით. მახსოვს ურთულესი ოპერაცია რომ გავიკეთე და ოთარი მოვიდა. მე სისხლს მისხამდნენ და ეს სისხლიანი ბოთლი ხელში მეჭირა. ოთარმა რომ შეხედა შევატყვე ცუდად გახდა - ოთარ საფერავია, ხომ არ დალევ ერთ ჭიქას-მეთქი - მივაძახე.. შენგან ხომ კაცი არ გამოვაო, ჩაიქნია ხელი და ფერდაკარგული მიტრიალდა... ჩემთვის იმხელა გულისტკივილია მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, ვერაფრით გადმოგცემთ.
მერაბ კოკოჩაშვილი - ეს ჩემი ნაკლია და არა ოთარისა
- "ისე მოხდა, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი არცერთ ჩემ ფილმში არ არის გადაღებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? იგი იყო ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მაგრამ ეს ჩემი ნაკლია და არა ოთარისა. კიდევ ვამბობ, რომ იგი უდიდესი მსახიობი იყო, რომელიც ყველაფერს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. მასთან ქართული თეატრის მთელი ეპოქაა დაკავშირებული, აღარაფერს ვამბობ კინოზე...
გიზო გაბისკირია -სამი რამ იყო მისთვის უმთავრესი - თავის ქვეყანა, პროფესია და ოჯახი
- ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რაც ღმერთმა არგუნა და მისცა, ყველაფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ხალხისთვის ასმაგად დაებრუნებინა. .. საინტერესო რამ მოხდა "დათა თუთაშხიას" გადაღებისას. საოცარი დამთხვევა მოხდა, რომ ზუსტად იმ პერიოდში არსებობდა ისეთი მსახიობი, რომელიც თავისი არსებით, თავისი ხასიათით ზუსტად მიესადაგებოდა დათა თუთაშხიას როლს და ეს გახლდაათ - ოთარ მეღვინეთუხუცესი. რასაკვირველია, მას ჩვენ ფილმის ერთ-ერთ თანაავტორად მივიჩნევთ. მან ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყველა სხვა როლზე უარი თქვა და თავი გადადო. მთელი ხუთი წელი მან საკუთარი ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური ძალები სულ " დათა თუთაშხიას" შესწირა. პიროვნულად იყო თავდადებული და სამი რამ იყო მისთვის უმთავრესი - თავის ქვეყანა, პროფესია და ოჯახი. იშვიათად შემხვედრია ასეთი ვაჟკაცი, რომელმაც ზუსტად იცოდა რისთვის მოვიდა ამ ქვეყნად".
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)