"ვოლფგანგ ფოიერშტაინი მეგრელებს ჩააგონებს, რომ ქართველები არ არიან" - კვირის პალიტრა

"ვოლფგანგ ფოიერშტაინი მეგრელებს ჩააგონებს, რომ ქართველები არ არიან"

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ახლახან ინტერნეტით რამდენიმე ენაზე გავრცელებული ლაზი ინტელექტუალების მიმართვა "თურქეთისა და საქართველოს ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი" მრავალმხრივ საგულისხმო და საგანგაშოა. მიმართვაში ნათქვამია: "ლაზების ენობრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ზოგიერთი არაკეთილგანწყობილი, პოლიტიკური თუ პოპულისტური რიტორიკა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის დღიდან ისმოდა და მიღებულ იქნა სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკად. საქართველო, ოფიციალური განცხადებით, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკე ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი (ან გურჯი) ერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, ლაზურ ენას კი ქართული ენის ერთ-ერთ დიალექტად. საქართველოს სახელმწიფოს ქართველისტების თეზისებით ნაკვები ეს საქმიანობა უკიდურესად აწუხებს მთელ ლაზ ხალხს, საქართველოს მიმართ კი უარყოფით განწყობას აჩენს". ამ მიმართვასა და მასთან დაკავშირებულ საგანგაშო ტენდენციებზე ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ შეროზია გვესაუბრება.

- დეკლარაციის შინაარსი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია და გაუგებარიც. კიდევ უფრო გაუგებარია მათი საუბარი მეგრელებისა და სვანების კულტურული ავტონომიის აუცილებლობის შესახებ. ისმის კითხვა: როდის აქეთ გახდა ლაზთა ეს მცირე ჯგუფი სვანებისა და მეგრელების უფლებათა დამცველი? მითუმეტეს, თუ ისინი ყოველივე ზოგადქართველურს ემიჯნებიან?

ჩემი აზრით, ამ დეკლარაციის უკან შეიძლება იდგეს ქართველი ერისადმი, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომელთა რიგში ჩვენ მოვიაზრებთ გერმანიაში მოსახლე ლაზების ერთ ჯგუფს და ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქესაც. მტრული ძალების "სულიერი მამა" გახლავთ ისაკ ჟვანია, ამჟამინდელი ლიდერი კი - გერმანიაში ლაზთა საზოგადოება "კაჩკარის" დამაარსებელი ვოლფგანგ ფოიერშტაინი. ეს უკანასკნელი ხშირად ჩამოდის საქართველოში და მეგრელებს "შთააგონებს", რომ მეგრელები და ქართველები სხვადასხვა ხალხია, რომ ქართველებმა მეგრელებს დამწერლობა წაართვეს და სხვ.

- დეკლარაციაში საუბარია მეგრულ და სვანურ ენებზე. ხომ არ არის ეს დაკავშირებული გახმაურებულ "ენათა ევროპულ ქარტიასთან" და ასევე, მეცნიერთა გარკვეული წრის მოსაზრებასთან, რომ მეგრული, ლაზური, სვანური დიალექტებია და არა ენები?

- ფოიერშტაინი და მისნაირი ფსევდომეცნიერები ეყრდნობიან საბჭოთა პერიოდში გაბატონებულ თეორიას "ქართველურ ენათა" შესახებ, რომლის მიხედვით ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური მონათესავე, მაგრამ დამოუკიდებელი ენებია. ამ თეორიის თანახმად ქართული იქცა სამწიგნობრო ენად, ხოლო მეგრულ-ლაზური და სვანური დარჩა უმწერლობო ენებად.

ფოიერშტაინისა და მის მსგავსთა წაქეზებით კუთხურ "პატრიოტთა" მცირე ჯგუფმა ჩათვალა, რომ ჩვენ ",ენას ვართმევთ", დიალექტად "ვაკნინებთ" მეგრელთა და სვანთა "დედაენებს". მათ ავიწყდებათ, რომ ქართველი ერის, სახელმწიფოს ნაწილი არიან და მათი მთავარი ენა - დედა ენაა - ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ქართული ენა. აშკარაა, რომ მათ არ სურთ, თავი განიხილონ ერთიანი ეროვნული ხის ტოტებად და დამოუკიდებელ, "უფესვო ხედ" ყოფნა ურჩევნიათ.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.