"ცდილობენ, ლაზები და მეგრელები დააჯერონ, რომ ქართველები არ არიან, მეტიც, მათი მტრები არიან" - კვირის პალიტრა

"ცდილობენ, ლაზები და მეგრელები დააჯერონ, რომ ქართველები არ არიან, მეტიც, მათი მტრები არიან"

"გერმანიაში მცხოვრებ ლაზთა ჯგუფს საქართველოს დაშლა სურს..." - ასეთი მოსაზრება ქართულ (და არა მარტო) მედიასივრცეში გავრცელდა და არცთუ უსაფუძვლოდ; ახლახან ინტერნეტით რამდენიმე ენაზე გავრცელდა ლაზი ინტელექტუალების მიმართვა "თურქეთისა და საქართველოს ხალხისა და მსოფლიო საზოგადოებისადმი", სადაც ნათქვამია, რომ "საქართველო, მეგრელ-ლაზ ხალხს არ განიხილავს ავტონომიურ, ცალკე ელემენტად, არამედ მას განიხილავს ქართველი (ან გურჯი) ერის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, მეგრულ და ლაზურ ენებსს კი ქართული ენის დიალექტებად."...

მეცნიერთა ერთი ნაწილი, აღნიშნულ მიმართვაში საფრთხის შემცველ აქცენტებს ხედავს... ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ გეგმა, რომლითაც მოქმედებს გერმანიაში მცხოვრებ ლაზებთან დაახლოებული პირი, ლაზთა საზოგადოება "კაჩკარის" დამაარსებელი ვოლფგანგ ფოიერშტაინი, წლების წინ დაიწერა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს...

-  მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოში ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, ფოიერშტაინი ჩამოვიდა თბილისში; მას აქ გადასცეს ხელნაწერი: "ნანაშინენა" - ლაზური დედაენა. ხელნაწერი წიგნად გამოვიდა გერმანიაში, ეს "დედაენა" მანვე ჩაიტანა თურქეთში ლაზებთან... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ლაზებს ამხედრებდა როგორც ქართველების, ისე თურქების წინააღმდეგ. ანტითურქული პროპაგანდა მას თურქებმა არ აპატიეს და ფოიერშტაინი თურქეთის ხელისუფლებამ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა...

- თბილისში ვინ დაწერა ლაზური დედაენა?

- "ნანაშინენა" თბილისში დაიწერა ისტორიკოს წათე ბაწაშისა და ლინგვისტ მიხეილ ქურდიანის მიერ; მათ თავიანთ ნამუშევარს რეალურ ავტორთა ნაცვლად დააწერეს ფსევდონიმი: ოსმან ტამტრული.სწორედ ეს "დედაენა" წაიღო ფოიერშტაინმა გერმანიაში, იქიდან კი ლაზეთში ჩაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო:

პირადად მე მითხრა მიხეილ ქურდიანმა, რომ ავტორებმა ეს "დედაენა" შექმნეს ქართული ანბანის მიხედვით, ფოიერშტაინმა კი გამოსცა ლათინური გრაფიკის მიხედვით. ვფიქრობ, მკითხველისთვის ნათელია, რომ ქართველი სპეციალისტების მიერ შექმნილი "ლაზური დედაენის" ხელნაწერი ვერ მოხვდებოდა გერმანიიდან თბილისში ჩამოსული პირის ხელში შუამავლის გარეშე... რამდენიმე წლის წინ ფოიერშტაინს საჯაროდ დავუსვი კითხვა, თუ ვინ მისცა მას თბილისში შექმნილი "ლაზური დედაენა". მან დაასახელა პროფესორი, თურქოლოგი ოთარ გიგინეიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კურირებდა თურქეთთან სამეცნიერო ურთიერთობას.

- რა ინტერესი ჰქონდა გერმანელ ფოიერშტაინს?..

- მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფოიერშტაინი შემთხვევითი ფიგურა არ არის; მას ენათმეცნიერებაში საბაზისო განათლებაც არ აქვს; არც სამეცნიერო ხარისხი აქვს; თუმცა, ძალიან აქტიურია და ცდილობს, ლაზები და მეგრელები დააჯეროს, რომ ქართველები არ არიან, მეტიც, მათი მტრები არიან; ფოიერშტაინი სამეგრელოში ხშირად დადის და ქართველთა შორის დაპირისპირების აგორებას ცდილობს...

- ლაზური დეკლარაციის ავტორების თქმით, სვანურსა და მეგრულსაც უნდა მიენიჭოს ცალკე ენის სტატუსი და ამ ენაზე მოსაუბრე ხალხებს კი - კულტურული ავტონომია. რას ფიქრობთ ამაზე?

- ეს ახალი ამბავი არ არის. გასული საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა კონტექსტით ზუსტად ამას მოითხოვდნენ ისაკ ჟვანიას, გრიგოლ ახალაიასა და მიშო დადიანის ჯგუფები; ისინი ამას აკეთებდნენ რუსეთის იმპერიის დავალებით; იმპერიის მიზანი კი იყო ქართველთა "ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება - "გათიშე და იბატონე". ზუსტად ასეთივე ჯგუფები დღესაც არიან და იმავეს აკეთებენ. ფოიერშტაინი ერთ-ერთი ელემენტია; სხვებიც არანაკლებ აქტიურობენ. მაშინ სტალინის ოფიციალურად დეკლარირებული იდეოლოგია ასეთი იყო:

"მეგრელებს, აჭარლებს, სვანებს, აფხაზებს, ოსებს... თავიანთ "დედაენებზე" არ აქვთ სამწიგნობრო კულტურა და ამ განუვითარებელ "მცირე ერებს" ესაჭიროებათ დახმარება და დიდი კულტურის ველში მოქცევა"...

30-იან წლებში სტალინის სტრატეგია კი ასეთი იყო: უნდა შექმნილიყო "დედაენები" /დამწერლობები/ ამ "უმწერლებო ხალხებისთვის", რომ დაწყებით კლასებში "დედაენის" მიხედვით წერა-კითხვა ესწავლებინათ, მაღალ კლასებში კი უკვე რუსული ენის გზით უნდა მოექციათ ისინი "დიდი კულტურის" ველში.

სტალინი "დიდ კულტურაში" გულისხმობდა რუსულ კულტურას... სტალინის ეს გეგმა დღეს ახალი სქემით ხორციელდება:

ქართველთა ენობრივ-ეთნიკურად დანაწევრების მოსურნენი დღეს ცდილობენ, სტალინის ეს კონცეფცია შენიღბონ ე.წ. "ევროპული ქარტიით რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ"; ამ უკანასკნელს მართლაც კეთილშობილური მიზნები აქვს და გულისხმობს, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი "მცირე ერების" ენების გადარჩენას... სინამდვილეში, მეგრელი, სვანი... ისეთივე ქართველია, როგორც იმერელი, აჭარელი, ხევსური, თუში, ქართლელი... ქართული სალიტერატურო კულტურა შექმნა მეგრელმაც, ლაზმაც, სვანმაც, კახელმაც, აჭარელმაც, იმერელმაც... შესაბამისად, ვინც სხვადასხვა კუთხის ქართველებს "მცირე ნაციებად" განიხილავს, ან ელემენტარული ისტორია არ იცის, ან მიზანმიმართულად ცდილობს დაშალოს ქართველი ერი…

- სტალინის იმ გეგმას არავინ შეეწინააღმდეგა?

- 20-იან წლებში ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დანაწევრების სტალინისეული გეგმის განხორციელებას დიდი რისკის ფასად ხელი შეუშალეს დიდმა ქართველებმა. კერძოდ, ამ მხრივ გამორჩეული როლი ითამაშეს თედო სახოკიამ და კონტანტინე გამსახურდიამ; ასევე, არნოლდ ჩიქობავამ, რომლის დასკვნის საფუძველზე ლავრენტი ბერიამ შეაჩერა ე.წ. მეგრულენოვანი და ლაზურენოვანი სკოლების არსებობა და გაზეთების გამოცემა; ეს ყოველივე დადასტურებულია საარქივო მონაცემებით.

ასეთი მცდელობა იყო 1865 წელსაც, როცა გააქტიურდა ილია ჭავჭავაძის თაობა; მეორე ეტაპი იწყება ილიას მკვლელობის შემდეგ და პიკს აღწევს 1913 წელს, როდესაც სტალინი და ნიკო მარი ქმნიან "თეორიულ" ბაზას ქართველთა ნახევარის უწიგნურ "მცირე ხალხებად" გამოცხადებისთვის. მესამე ეტაპი იწყება ბოლშევიკური იმპერიის პირველ წლებშივე; მეოთხე ეტაპი კი დაიწყო მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს... საქართველოს მტრების საპასუხოდ ამ პერიოდში დაიწერა ზვიად გამსახურდიას ცნობილი გამოკვლევა: "მეგრელთა საქმე", სადაც ნამხელია სსრ კავშირის სპეცსამსახურთა ქმედება ქართველთა ენობრივ-ეთნიკური დაშლის მიზნით... ეს სტატია დევს ინტერნეტში და მკითხველს შეუძლია ნახოს...

- თქვენი აზრით, შესაძლოა, რომ განახლებულმა ასეთმა მოძრაობებმა საქართველოს ერთიანობას საფრთხე შეუქმნას?

- დიახ, ეს ძალიან რეალურია. უცხოეთიდან კარგად დაფინანსებული ამ ჯგუფების გარდა, რომელთაც სურთ ქართველთა დანაწევრება ენობრივ-ეთნიკურად, ბოლო პერიოდში აქტიურდებიან საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტისა და ერთიანობის მოსაშლელად მობილიზებული და კარგად დაფინანსებული ჯგუფები. ამ ჯგუფებმა წლების განმავლობაში კუთხური მეტყველებების მიხედვით გამოსცეს ახალი "დედაენები", დაამხეს საქართველოს ერთიანობაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ქართველთა დაპირისპირების გაჩენის მიზნით, "მხედრიონის" სახელით ააოხრეს სამეგრელო და აფხაზეთი, საერთაშორისო მასშტაბით გაავრცელეს იდეოლოგიზებული ეთნო-ლინგვისტური კვალიფიკაციები და რუკები, რომელთა მიხედვით ქართველთა საზღვარი მხოლოდ ცაგერამდე თუ სამტრედიამდეა; ასევე, დღეს აქტიურად ცდილობენ მსოფლიოს დეზინფორმირებას, რომ ქართული ეკლესია "უმცირესობათა უფლებებს არღვევს"; ასევე საგანგაშოა ძველი თუ ახალი მთავრობის შესაბამისი სამინისტროების მესვეურთა მიერ ე.წ. რეგიონულ მოწყობაზე გადასვლის მცდელობა (რაც თურმე გულისხმობს გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოს... "პარლამენტების" შექმნას)... ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ანტიქართულ ღონისძიებათა კომპლექსია და ამ ყველაფერმა, თუ პრევენცია არ მოხდა, შესაძლოა, ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს.

- თქვენი აზრით, პრევენციის სახით რა უნდა გაკეთდეს?

- უნდა დაიგეგმოს გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები გარედან წარმოებული საინფორმაციო შემოტევის მოსაგერიებლად და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის რეორგანიზაციის მიზნით. პირველ რიგში საჭიროა საგანმანათლებლო სფეროს რეფორმა ენობრივი პოლიტიკის კონტექსტში:

მთელ მსოფლიოში, ენობრივი დიფერენცირება, როგორც წესი, ეთნიკურ დიფერენცირებას ნიშნავს... გასააზრებელია ისიც, რომ სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების განმსაზღვრელი უმთავრესი ფენომენია; ჩვენთან კი საქართველოს სახელმწიფოს ნახევარ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენა - ქართული ენა - სრულიად უფუნქციოა.. თუკი ამ ფონზე გავიაზრებთ "ლაზური დეკლარაციის" ავტორების მოთხოვნას მეგრელ-სვანთა კულტურული ავტონომიის შესახებ, ასევე, სხვათა მოთხოვნას, რომ რეგიონული ენების სტატუსი მიენიჭოს მეზობელი ქვეყნების ენებს (რუსულს, სომხურს, აზერბაიჯანულს...) ყველაფერი ნათელი გახდება: მავანის მიზანია, მოსპოს ქართულენოვანი სახელმწიფო...

და ბოლოს, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, ეს "დეკლარაცია" "გრანტიჭამია" ქართველ თანაავტორებთან ერთად შეიქმნა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)