"აქ "გეი" მეზობლები არ სჭირდებათ" - ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა - კვირის პალიტრა

"აქ "გეი" მეზობლები არ სჭირდებათ" - ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა

საქართველო ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყანათა სიაში მესამე ადგილს იკავებს. World Values Survey-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე - ისურვებდით თუ არა ჰომოსექსუალ მეზობელს? ქართველების 92 პროცენტზე მეტმა უარყოფითად უპასუხა. ევროპაში ყველაზე არატოლერანტულ ქვეყანად საფრანგეთი დასახელდა, სადაც გამოკითხულთა 46 პროცენტამდე უარყოფითადაა განწყობილი ჰომოსექსუალების მიმართ, ყველაზე ლიბერალურად განწყობილნი კი შვედეთი, ესპანეთი და შვეიცარია აღმოჩნდნენ. კვლევის მიხედვით, ჰომოფობიურ ქვეყანათა უმრავლესობა ისლამურ სამყაროსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე მოდის. ვისთვის ბოლო, ვისთვის კი პირველ ადგილზე აღმოჩნდა იორდანია, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებთან არაფერი ჰქონდეს საერთო. თითქმის იგივე განწყობაა ირანშიც. კვლევის ავტორების აზრით, ჰომოფობია ქვეყანაში პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნის ეკონომიკასა და ღია ბაზართან. გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნებში, სადაც ღია საბაზრო ეკონომიკაა, ჰომოფობიური განწყობა ბევრად უფრო იშვიათია. "ქვეყნებში, სადაც საზოგადოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, "გეების" მიმართ აგრესიას ავლენენ მათი შედარებით უკეთესი ეკონომიკური პირობებისა და შემოსავლების გამოც." - ნათქვამია კვლევაში.