ჯემალ ჭკუასელი: ორასი მეტრის გადმოწევა გაუკვირდათ? - ეს სულ ასე იქნება! - კვირის პალიტრა

ჯემალ ჭკუასელი: ორასი მეტრის გადმოწევა გაუკვირდათ? - ეს სულ ასე იქნება!

სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას ქვეყანაში ყველა თავისებურად გამოეხმაურა - აი ვნახეთ რომ რუსეთი რჩება რუსეთად და არაფერი მოაქვს კრემლის კარზე ”დავლურს” - ითქვა საქათველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან... ყველასთვის ცხადი იყო რომ ადრესატებში ანსამბლი ”ერისიონი” იგულისხმებოდა... კრიტიკულად განწყობილ ნაწილს ანსამბლ ”ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელმა - ჯემალ ჭკუასელმა უპასუხა...

- გეგონათ, რომ გამიკვირდა ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა? - არაფერი გამკვირვებია... ასე მალე ვერ მოვაჭკვიანებთ რუსეთს, მაგრამ ერთი ის მითხარით, მათ რა გააკეთეს ვინც ჩვენ დაგვცინიან?! რა თქმა უნდა, მეც ვიცი, რომ რუსეთის მხრიდან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯია, მაგრამ ამ შემოდგომაზე ჩვენ კიდევ ვაპირებთ რუსეთში საგასტროლოდ წასვლას. იმის იმედი არ გავქვს რომ ასე უცებ დავამთავრებთ ომს, მაგრამ ხალხთან უნდა გვქონდეს ურთიეთობა. ეს ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს! იარაღის და თოფის ჟღარუნით არაფერი გამოვა, ტყუილია ეგ! მითხარით რა მოუტანია სიხსლისღვრას და ომს?! დაიღუპა ხალხი და ვიღაცეები ტრაბახობენ გავიმარჯვეთო, არაკაცები ესენი...ზეიმი რომ გამართეს, იმ დღეს მე, ანზორ ერქომაიშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი ვიდექით რუსთაველზე და სირცხვილისგან არ ვიცოდით, თავები სად წაგვეღო...

ყვარყვარიზმი ყოველთვის იყო, პოლიკარპე კაკაბაძე ნამდვილად გენიოსი იყო ეს რომ დაწერა. ხალხის შეკრება ზოგჯერ ბრბოდ იქცევა და ამას კარგად იყენებენ არაკაცები. არაფრით არ შეიძლება ტყუილში ცხოვრება, რასაც ისინი კადრულობდნენ.

- ძალიან გაბედულია თქვენი ნაბიჯები ამ ბოლო დროს...

- როგორ არ ვბედავ, კაცო, რა დამრჩენია?!... მომდგარი არიან მარჯვნიდან, მარცხნიდან, ყოველი გვერდიდან. რა გააკეთა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ, მითხარით, რა მოგვცა?! ყველაფერი, რაც ხდება, უგუნური პოლიტიკის ბრალია. წინა მთავრობის ავყიაობა არ მომწონს პირველ რიგში. არაფერი რომ არ გამოგდის და მაინც უღიტინებ მტერს. გაჩერდნენ მაინც, ყველაფერს აჯობებს.

- თქვენ ემხრობით, რაც შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს პრობლემა?

- აუცილებლად, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის მომხრე ვარ!... სხვა უკეთეს გზას ვინც ხედავს, დავუჩოქებ და ფეხსაცმელებს გავუწმინდავ. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რთხელ ჭაბუა ამირეჯიბმა ბრძანა შარიანი ქვეყანა გვაქვსო და მართლაც ასეა. ედუარდ შევარდნაძემ თქვა, ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურ ჯვარზეა გაკრულიო. ორივე ბრძნული ნათქვამია.

- ნუგზარ წიკლაურმა თქვა, არაფერი არ მოუტანია კრემლის კარზე ”დავლურის” ცეკვასო, როცა ადმინისტრაციული საზღვარი გადმოსწიეს...

- ყველაზე დაბლა რომ დავეშვათ და შევხედოთ, რა მოგვიტანა? - უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი მილიონი რუსეთში მცხოვრები ქართველის სიხარული და ცრემლი. მაღლიდან რომ შევხედოთ - ”ხმალო ხევსურეთს ნაჭედო...” და ქართული დროშის ფრიალი რას ნიშნავს კრემლში კარგად უნდა გაიგო!... ორასი მეტრის გადმოწევა გაუკვირდათ? - ეს სულ ასე იქნება. ჯერ ჩვენ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება მოგვიწევს კარგა ხანს. პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. არაფრით არ შეიძლება ლანძღვა-გინებით საქმის კეთება. - მოდი აქ შენი დედა ვატირე - ასე მოსკოვთან ლაპარაკი შეიძლება?! - მათხოვარი გახდები იმ წუთშივე. დამარცხებაც შეიძლება, მაგრამ ღირსეულად. ვიღაც კრეტინები ახალ მთავრობას აბრალებენ ყველაფერს. კი მაგრამ საიდან მოხდა ეს ყველაფერი? - ჩვენ არ გაგვიკეთებიაო... - კი მაგრამ თქვენ არ იყავით ხელისუფლებაში, აბა ვინ მოსპო ქვეყნის საქმე?!

- დღევანდელი მთავრობაც ამბობს რომ საკითხის მშვიდობიანად მოგვარება ჯობია...

- რა თქმა უნდა! მშვიდობაზე უკეთესი მითხარით რა არის?! ორკესტრი ორკესტრია და პოლიტიკა სხვა რამეა. ცეკვა-თამაშს რომ ეძახიან წინა მთავრობის ვაჟბატონები, ეს ცეკვა-თამაში კი არა ქართული ქვეყნის სულიერებაა. ამდენი არ იციან მაგათ და ასე მოიხსენიებენ - სირცხვილია, სირცხვილი და უბედურება ვინც ასე ფიქრობს. ”ჩაკრულოს” და ქართულ ცეკვას ცეკვა-თამაშად მოიხსენიებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სულიერება და ზუსტად ამის დანახვა არ უნდათ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)