რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი - კვირის პალიტრა

რობი კუხიანიძე - რუსეთში რომ დავუკრა, წამომცდება - მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ - მეთქი

"ფული მუსიკით? თუ პოლიტიკოსებს კუდ გაუქიცინებ - იშოვი ფულს, ისე შანსი არაა. პოპ-მუსიკოსების სექტა ისრაელში ქორწილებით შოულობს ფულს"

”დიფ ფარფლის” კონცერტზე ბევრი იმიტომ მივიდა, რომ მერე ეთქვა, "ფარფლების" კონცერტს დავესწარიო

"რომ გითხრათ, სერიოზული "ქეში" ვარ-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ თუ რამის დაწერა გინდოდა, ან უნდა ყოფილიყავი ნასვამი ან "დაბოლილი"

"9 წელი ხო იყო ეგეთი პატრული, თან დედას გაგინებდა და თან ამ გინების გამო ბოდიშს გიხდიდა"

ჯგუფ "აუტსაიდერის" სოლისტი, რობი კუხიანიძე ქართულ მუსიკალურ წრეებში ყველასთვის ცნობილია. ის არასოდეს მორიდებია საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას, თუმცა თავის სათქმელს ძირითადად მუსიკით ამბობს ხოლმე. რობის არასოდეს დაუმალავს, რომ არც სასმელზე ამბობს უარს და არც მარიხუანაზე, სწორედ მარიხუანის დეკრიმინალიზციაზე ლაპარაკით დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ:

- ამ აქციაში მეც მივიღე მონაწილეობა, როგორც ინდივიდმა და არა როგორც ორგანიზატორმა, რომ გითხრათ, სერიოზული "ქეში" ვარ-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ სუფთა შემოქმედებითი თვალსაზრისით ვამბობ, რომ თუ რამის დაწერა გინდა, ან უნდა იყო ნასვამი ან "დაბოლილი". როცა "დაბოლილი" ხარ ურთიერთობა გაცილებით იოლია, ხოლო როცა ნასვამია ადამიანი, აგრესია ლამის ბუნებრივი მოვლენაა. ძალიან ცუდი მიდგომა აქვთ "დაბოლილების" მიმართ, გაჩერებენ ქუჩაში, წაგიყვანენ და მოგა*****ნებენ, თუმცა სანამ "ფისის იზამ", მანამ დედას გაგინებენ. 9 წელი ხო იყო ეგეთი პატრული, თან დედას გაგინებდა და თან ამ გინების გამო ბოდიშს გიხდიდა. არ შეიძლება "კრაკადილიც" ნარკოტიკი იყოს და "პლანიც".

- ხშირად ამბობენ, რომ მარიხუანაზე საშიში და მავნებელი ალკოჰოლია, მეტიც, ინციდენტების უმრავლესობა სწორედ სიმთვრალეში მოსდით ადამიანებს

- კი, ნამდვილად ეგრეა.მე თუ მკითხავ, ახლა "პლანის" კრიმინალიზაციას კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ დასალევისას. დანაშაულის სტატისტიკა თუა სადმე, დარწმუნებული ვარ, 100-დან 3-4 შემთხვევა იქნება მოწევის დროს ჩადენილი და დანარჩენი სიმთვრალისას, მაგრამ რომელიმე მთავრობა რომ დასალევის თემას შეეხოს, მთელი ქვეყანა აჯანყდება. საშინელი სასმელი იყიდებოდა და იყიდება მაღაზიებში. არაყი რომ 30 თეთრი ეღირება, ის რა უნდა იყოს?! სიამოვნებით დავუჭერდი მხარს ფასის მომატების ხარჯზე ამ ხარისხის გაუმჯობესებას. ტურისტებს რომ ყანწებით ასმევენ ღვინოს და სასმელში ახრჩობენ და მერე ის, სანამ სასმელის შოკიდან არაა გამოსული, მანამდე საქართველოს ქება-დიდებაშია, შემდეგ უკვე ნაბახუსევის პერიოდი რომ უდგება, მერე ჩვენს ლანძღვას და დაცინვას იწყებს.

- თითქმის ყველა არხზე გადის მუსიკალური კონკურსები. მაშინ როცა შოუ-ბიზნესის განუვითარებლობაზე გამუდმებით წუწუნებენ. ამდენ მუსიკალური კონკურსს აზრი ააქვს?

- ერთ-ერთ კონკურსზე ჟიურის წევრი ვიყავი და ასე თუ ისე შიდა სამზარეულოს ვიცნობ. ეს არის სპეციალურად ფულის საკეთებლად მოგონილი მახე. საქართველო და შოუ-ბიზნესი სხვადასხვა ცნებაა. დღეს საქართველოში იმდენი კომპოზიტორია, რამდენიც მომღერალი და ეს საშინელებაა. ვინც პიანინოზე დაკვრა იცის, ლამის ყველას კომპოზიტორი გონია თავი. მოყრიან ამდენ ბავშვებს, მერე ვისაც ფული აქვს, იმ ბავშვს აიჩემებენ და სასწაულებს აკეთებენ. მაგრამ აქ მშობელიც დამნაშავეა, უნდათ, რომ მათმა შვილმა იმღეროს, ლამის აუცილებელ ნოტად იქცა, რომ სცენაზე იდგეს. თუ აუცილებლობაზეა საუბარი, მგონი აჯობებს, ერთხელ მიიყვანონ ბუნკერთან და ანახონ, როგორ ასუფთავებს მეეზოვე ქუჩას და ასწავლონ, რაა რეალური ცხოვრება. რას აღწევენ ბოლოს? იმას, რომ ვიღაც ასიდან ერთი წავა რაღაც კონკურსზე საზღვარგარეთ და მერე იწყებს სახელმწიფო, ვთქვათ, პოლონეთთან რეკვას, რომ ბიძიებო, დეიდებო, ჩემ წარმომადგენელს სმს-ბი გაუგზავნეთო, იქაური პრეზიდენტი განკარგულებას გასცემს, არიქა, გაუგზავნეთ ამ გაჭირვებულებს სმს-ებიო და გავდივართ 15-ე ადგილზე. გეკითხებით, ეს ნორმალურია? რა კონკურსებზე ვლაპარაკობთ, როცა ე.წ. კულტურის მოღვაწეები უბრალოდ დისლოკაციის ადგილს იცვლიან, რიგში დგანან, რომ ახლა ამ ხელისუფლებას შეეტენონ. ”დიფ ფარფლის” კონცერტზე ბევრი იმიტომ მივიდა, რომ მერე ეთქვა, "ფარფლების" კონცერტს დავესწარიო, თან გამოსაჩენ ადგილზე გადაღებულ ფოტოს დადებს ფეისბუქზე, სხვებმაც რომ დაინახონ. აი ასეთი "სასტავი" რომ გამოვა კონცერტიდან, კიდე ერთ "ქლიავ" კონკურსს გააკეთებს.

- როგორ ფიქრობთ, უცხოურ ფესტივალზე, რომ არა ინგლისური სიმღერით, არამედ ჩვენი ფოლკორით რომ წარვდგეთ, არც მაშინ გვაქვს წარმატების შანსი?

- ახლა ის დროა, რომ აღარც შეიძლება ფოლკლორი ჩვენი სავიზიტო ბარათი იყოს, ბუში რომ ყავდათ ჩამოყვანილი, ბავშვებს ხანჯლური აცეკვეს და ხანჯლები არ მისცეს, განაიარაღეს, ეს დამცირებაა ანუ მსოფლიოს არ ჭირდება შენი ხმალი და ხანჯალი, უბრალოდ თვლიან, რომ ჩვენ ჩავრჩით ამ ხანჯლების ეპოქაში. თუ შენი სავიზიტო ბარათია ბუში, კეთილი ინებოს და ამას პატივი სცეს. ვემხრობი, რომ ილიკო სუხიშვილმა თანამედროვეობის ელემენტები შეიტანა ცეკვაში, აჯობებდა უფრო მეტიც შეეტანა, მაგრამ ამას ვინ გაპატიებს?! ხალხი იმაზე მსჯელობს, პარლამენტში ჩოხა-ახალუხი უნდა ეცვათ თუ არა. მე თუ მკითხავ უნდა ეცვათ, რადგან ისინი მაინც ყანწების ფრონტზე არიან და არა პოლიტიკის, როგორ შეიძლება გადაგვარებულ ღიპიანი კაცი პარლამენტში იჯდეს?! ესაა სირცხვილი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ერის სახე. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ნავარჯიშევი უნდა იყოს, მაგრამ ხომ უნდა შეეხედებოდეს?! რაც არ უნდა თავი მისკდებოდეს და ზე-განათლებულიც ვიყო, რა მინდა მე პარლამენტში, იმდენი თუ ვერ გამირკვევია, რამდენი ვჭამო და დავლიო?

- რობი, ცოტა ხნის წინ "ერისიონმა" რუსეთში გამართა კონცერტი, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. შენ რომ შემოგთავაზონ კონცერტი რუსეთში, ჩაატარებდი?

- კრემლში კონცერტს მე ვინ შემომთავაზებს? რომც შემომთავაზონ, მაინც წამომცდება, მე ქართველი ვარ და თქვენი პრეზიდენტის დედაც და ჩემიც ზედ მიგიყოლებიათ-მეთქი. ბევრ რუს მომღერალს შესთავაზეს კონცერტი წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ უარი თქვეს, იმიტომ რომ თუ ჩამოვიდოდნენ, უნდა ეთქვათ, მიშა მაგარიაო და ვინც ჩამოიყვანეს, იმათ ათქმევინეს კიდეც. მე უფრო ადრე ვუკრავდი მოსკოვში, ვიდრე ისინი, ვინც ეგ თქვა, მიშა რო მართლა მაგარი ყოფილიყო, მე ვერ ვიტყოდი?

- არის საქართველოში შანსი, რომ მუსიკით ფული იშოვო?

- ფული მუსიკით? თუ პოლიტიკოსებს კუდ გაუქიცინებ - იშოვი ფულს, ისე შანსი არაა. თუ ზემოდან არა გაქვს დახმარება - გამორიცხულია. პოპ-მუსიკოსები (მაგათ სექტას ვეძახი)ფულს შოულობენ ისრაელში ქორწილებში სიმღერით, ამას არც მალავენ. დიდი ბაზარი ქონდათ რუსეთის სახით, იქ ნაღდად შოულობდნენ, მაგრამ საქართველოში არასოდეს. ახლა ისეთი ტენდენციაა, მუსიკოსები ბოლოს პოლიტიკაში მიდიან, პარტიებისთვის მღერიან და მერე რცხვენიათ. ასეთი ხალხი სულ იყო და სულ იქნებიან, ბევრი უკვე ცხოველის დონეზე არის დასული.

- შენ თუ გქონია პოლიტიკასთან ან პოლიტიკოსებთან შეხება?

- პოლიტიკასთან არა, მაგრამ პოლიტიკოსებთან კი. ბევრ პოლიტიკოსს შევხვედრივარ, მაგრამ ზურაბ ჟვანიასნაირი ადამიანი არსად მინახავს. ზურაბ ჟვანია იყო უდიდესი ადამიანი, კულტურული პოლიტიკოსი, ყველანაირად სწორად მოაზროვნე. ზურამ სიბნელეში ისეთი კონცერტები აკეთა, დღეს რომ სანატრებელია. ერთხელ ვუკრავდი და ჩემს უკან ვიღაც ტიპი ბარაბანზე ურახუნებდა. მივედი და ვუთხარი (ვიღაც სცენის მუშა მეგონა): მე შენთან მოვედი, ჩაქუჩი გამოგართვი და დავარტყი-თქო? თურმე ზურა იყო და ისეთი პასუხი მომცა, მივხვდი რომ უწესიერეს ადამიანთან მქონდა ურთიერთობა - "ღმერთმა დაგიფაროს იმ ჩაქუჩისგან, რაც მე მიჭირავს. მთელი ცხოვრება ამაზე დაკვრას ვოცნებობდიო". მიდი ახლა და ნებისმიერს ეს ათქმევინე. ჟვანიას მერე ერთი პოლიტიკოსი მანახე, რომელსაც ესმის მუსიკა და ზოგადად კულტურა. ახლა ჩამოყავთ ბევრი მომღერალი, მაგრამ უგემოვნო სიმღერის პროპაგანდაა, ჟვანიას დროს ვინ ჩამოვიდოდა, თორემ ის კაცი მართლა ისეთ ხალხს ჩამოიყვანდა, ვისაც მუსიკა ესმის.

პ.ს. ფოტო ეკუთვნის მ. ქორქიას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)