"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები" - კვირის პალიტრა

"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

"მთელი ერის გადაკეთება სურდათ და ერთ ტაძარს ვერ გადააკეთებდნენ?!"

"რაც მოხდა, ეს არის უდიდესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე!"

"ნორლანდმაჩიტი ხიდან ხეზე რომ გადაფრინდება, ისიც იცის და რატომ არ ერევა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში? დღედაღამ იმ ჰალსტუხიან ხვლიკთან რომ დარბის და "ნაციონალურ მოძრაობას"ტიტანს ეძახის, მარტო ეს არის საკმარისი?"

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს შორის ბაგრატის ტაძარს ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო: შუა საუკუნეების არქიტექტურის შედევრი, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისშია აგებული, 1693 წელს ოსმალებმა ააფეთქეს. ერთ დროს დიდებული ეკლესია თანდათან ნანგრევებად იქცა. დავა იმის შესახებ, ტაძრის კონესერვაცია უნდა დაწყებულიყო, თუ რესტავრაცია, 1960-იანი წლებიდან დაიწყო. ეკლესიისა და ქართული საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტაძარს რესტავრაცია მაინც ჩაუტარდა, რასაც მისი პირვანდელი სახის დაკარგვა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო ჩარევითა და მითითებით დაიწყო. ერთი წლით ადრე, 2008 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოითხოვა საფუძვლიანი ანალიზის გარეშე არ ჩატარებულიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო 2010 წლის იუნესკოს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრი იყო და მოითხოვდა, რომ რესტავრაცია დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო. ქართულმა მხარემ ამ მითითებებს არ დაუჯერა და სავალალო შედეგიც მივიღეთ: კულტურის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს. ნუსხაში დატოვეს გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან. ინფორმაციას, რომ ბაგრატის ტაძარი ამ ნუსხაში აღარ იქნება, ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი:

- რისთვის დაიწყეს ამ ტაძრის ხელყოფა? - მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის. მისი ე.წ. რესტავრაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო და შესრულდა კიდეც. ამ ხუშტურებს შეეწირა ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ჩვენი კულტურის სიამაყე იყო. მან ხომ ყველაფერი მოსპო, რაც ქართული იყო?! - დააკვირდით ერთი, რა გაკეთდა დედაქალაქში - ეს არის თანამედროვე მანქურთების მიზანმიმართული ნამოქმედარი. შეხედეთ, რა უქნეს მცხეთას, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ იუნესკო ამ სიაში მცხეთას დატოვებს? - მასაც იგივე საფრთხე ემუქრება, რაც ბაგრატს. ეს არის ძალიან დიდი, საშიში პროექტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, ჩვენს სამშობლოში რუსეთისა და ამერიკის ინტერესები გადაიკვეთა და შედეგად მოიყვანეს სააკაშვილი, რომელმაც ქართული არაფერი დაინდო, თვით ძეგლებიც კი. სწორედ ამ კაცის აკვიატებებს შეეწირა ბაგრატის ტაძარიც. რომ ამბობენ განათლებულიაო, ეს არის განათლება და ქვეყნის სიყვარული?! არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ მომავალში კიდევ უფრო ცუდი ამბებია მოსალოდნელი - ძალიან რთული ამბები... 1 ოქტომბრის შემდეგ მე ლექსიც დავბეჭდე და კიდეც ვთქვი - გველი იკლაკლნება და იცოდეთ, ცუდი დღეები გველის-მეთქი. დღესაც ასე ვფიქრობ!

- ბატონო რეზო, ძალიან ბევრი სპეციალისტი ეწინააღმდეგებოდა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას, იუნესკოც გვაფრთხილებდა, მაგრამ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა...

- მეც მაგას არ ვამბობ? - როცა მსოფლიო დონის ხელოვნებათმცოდნეები გეუბნებიან, გეუბნება ათასი კაცი, რომ ეს რესტავრაცია კი არა, უძველესი ტაძრის ხელყოფაა, რას ერჩი, რატომ არ ისვენებ? არ მოისვენეს იმიტომ, რომ ეგონათ 30 წელი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. რაც მოხდა, ეს არის უდიდესი დანაშაული საქართველოს წინაშე. როცა მსოფლიო ხელოვნების ძვირფასი ნიმუში გაქვს, როცა შეგიძლია იამაყო შენი კულტურით, მაგრამ მას მოსპობ, არც კი ვიცი ამას რა ვუწოდო, აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია. ასეთ რამეს რომ ერი მოითმენს, ის უკვე ერი აღარ არის. ისე, რიჩარდ ნორლანდმა, ამერიკის ელჩმა, ჩიტი ხიდან ხეზე რომ გადაფრინდება, ისიც იცის და რატომ არ ერევა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში? რატომ ერთხელ არ დაინტერესდება ქართული კულტურით? დღედაღამ იმ ჰალსტუხიან ხვლიკთან რომ დარბის და "ნაციონალურ მოძრაობას"ტიტანს ეძახის, მარტო ეს არის საკმარისი? საქმე ის არის, რომ ამათ ქართველი ერის გადაგვარება უნდათ, ლამის მთელი სამყარო წალეკა გარყვნილებამ და საქართველოშიც ასე სურთ. ჩვენი ხალხი აქედან ნელ-ნელა მიდის და რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები, რომელმაც თამარ მეფეს საფლავში ჩააფურთხა, როცა მამამისი ფურთხების კონკურსს ატარებდა სამხატვრო აკადემიაში. "ნაციონალებსა"და მათ მხარდამჭერებს ქართველი ერის გადაკეთება უნდოდათ და ტაძარს ვეღარ გადააკეთებდნენ? აბა რა გითხრათ? - სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ჯალალედინის გარდა მე მას ვერავის შევადარებ - შაჰ-აბასი აქ რომ ჩამოდიოდა, სვეტიცხოველში შედიოდა და სანთელს ანთებდა. ვის შევადარო ეს გარეწრები, აღარც კი ვიცი!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)