შალვა რამიშვილი - "არ მეამაყება, რომ მიშას ვაგინე!"
ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ქობულეთში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრის დროს აგინა. როგორც ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ეს მისი იმპულსური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ემოციურად ვერ მოერია...
- ქობულეთში რაღაც პირად, საქმიან შეხვედრაზე ვიყავი. სასტუმროს აუზთან ვისხედით, როდესაც თვალი მოვკარი სააკაშვილს. ავდექი. აუზის ერთ კიდესთან მივედი, ის მეორესთან იდგა... მერე მითხრეს, ხელებს შლიდი და მკვდარს და ცოცხალს აგინებდიო... როდესაც ეს დავწერე, სულაც არ მინდოდა, ვინმეს აღფრთოვანება გამომეწვია ან პირიქით. უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, თუ როგორ სულიერ მდგომარეობაში ვარ. დავწერე კიდეც, ჩემი ”ფეისბუქის” გვერდზე, - ნერვები არ მივარგა, დავბერდი-მეთქი!
- როგორ ფიქრობთ, გაიგო თქვენი ხმა?
- არ ვიცი, იდგა და მერე წავიდა... თუმცა ჩემმა რეაქციამ რამდენიმეს ღიმილი მოჰგვარა, ზოგი მიხვდა, რატომაც დამემართა ეს. ვიღაცამ ისიც კი თქვა, გუშინაც ჰქონდა ასეთ ინციდენტს ადგილიო...
- პრეზიდენტი დაცვასთან ერთად იყო?
- დიახ, ჩვენი დამოკიდებულების მიუხედავად, გვიყვარს ის თუ გვეზიზღება, პრეზიდენტს მაინც დაჰყვება დაცვა. რადგან სახელმწიფო ვალდებულია, ყველაზე საზიზღარი პრეზიდენტიც კი დაიცვას... ეს არის სულიერი მდგომარეობა, რომელიც წაქცეული, წაგებული ადამიანის მიმართ აგრესიას გამოხატავს და რა თქმა უნდა, ეს არც სატრაბახო და არც საამაყოა. ნამდვილად არ მეამაყება, ამიტომაც დავწერე... ეს ჩემი იმპულსური რეაქცია იყო და არა შეგნებული ქმედება.
- შალვა, როდესაც ტელევიზიით უყურებთ მის გამოსვლას, იგივე რეაქცია გაქვთ?..
- დიახ, გუშინწინაც იყო მისი მიმართვა, უფრო სწორად ”კატეგორიული თხოვნა”. მან კატეგორიულად სთხოვა მთავრობას, რომ მისთვის მიემართათ გენერალური პროკურორის მოხსნის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია, რადგან არ შეიძლება სააკაშვილის კომენტარს კომენტარი გაუკეთო, ეს ადამიანი ღრმა მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზშია. მიშას სახეზეც ეტყობა, რა მდგომარეობაშია. მან იცის, კანონთან საუბარი მოუწევს და ამისთვის ემზადება. ეს ეტყობა კიდეც... იცით, ეს ადამიანის ტრაგედიაა. რადგან ეს არის ის ადამიანი, რომელსაც 2003 წელს ყველგან ყვავილებითა და შეძახილებით ხვდებოდნენ, ახლა კი საყოველთაო ზიზღს იმსახურებს. ეს უკვე სასჯელია მისთვის. და სხვა სასჯელს, ალბათ კანონი და სასამართლო გამოუტანს მას.
ჩვენ გვახსოვს ცინიკური სააკაშვილი და ის სააკაშვილიც, რომელიც გვიბღაოდა, მუმიებსა და ვამპირებს გვეძახდა. ცხადია, სხვა დანაშაულებთან ერთად ესეც ახსოვს ხალხს და ამიტომაც იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ეს ბუნებრივი რეაქციაა და არც არავის უნდა გაუკვირდეს. მის სახელს იმდენი დანაშაული უკავშირდება, რომ მგონი არავის უნდა გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ აღარ უყვართ იგი. ეს სიძულვილი სრულიად დამსახურებულად ვრცელდება მის ხელისუფლებაზეც.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)