სტივენ კინგი - "უიმედოთა ქალაქი"
სტივენ კინგი - "უიმედოთა ქალაქი"
15-07-2013
წაიკითხეთ და ახალ სამყაროს აღმოაჩენთ!

თრილერები და საშინელებათა რომანები, ფენტეზი და მისტიკა შესაძლოა სულაც არ გიტაცებთ, მაგრამ სტივენ კინგის სახელი, დარწმუნებული ვარ, მაინც გეცოდინებათ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მდიდარი მწერალია, არამედ იმიტომ, რომ მწერალზე მეტია. ეს არის კაცი, რომელიც თანამედროვე მასობრივ კულტურას ქმნის და, იმავდროულად, მის სახეს წარმოადგენს - ანუ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული - ამერიკული მითის შემადგენელი ნაწილია.

რაშია სტივენ კინგის წარმატების საიდუმლოება? - კითხვა დავსვი და უკვე ვაპირებდი პასუხის "ჩამოწიკწიკებას", მაგრამ უცებ მივხვდი - არ არის საჭირო "ღრმააზროვანი" მსჯელობა და "ჭკვიანური" არგუმენტები. საიდუმლოება იმის საიდუმლოებაა, რომ დაფარულია, ჯერაც შეუცნობელი (და თანაც, შესაცნობი!). საქმე მწერალსა და მწერლობას ეხება, ანუ შემოქმედებას, მხატვრულ ლიტერატურას. მარტივად ვთქვათ: ლიტერატურის საიდუმლოება ლიტერატურაშია, წიგნის საიდუმლოება თვით წიგნში. უნდა წაიკითხო, რომ გაიგო. წაიკითხავ, მაგრამ საიდუმლოება შეიძლება ამოუხსნელი დარჩეს მაინც (თუ წიგნი მაგარია!)

სწორედ ასე დამემართა რომან "Desperation"-ის (ქართულ თარგმანში "უიმედოთა ქალაქი") შემთხვევაში. წავიკითხე და მივხვდი - მაგარია! არადა, სტივენ კინგის დიდ მოყვარულად სულაც არ მიმაჩნია თავი, მაგრამ წიგნმა ჩამითრია და გაცილებით მეტი მაგრძნობინა, მეტად დამაფიქრა, ვიდრე ველოდი.
რომანი გაცილებით ფსიქოლოგიური, უფრო ემოციური, ღრმა, უფრო რელიგიური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. არადა, თან ნამდვილი ბელეტრისტიკაა, ანუ გართობს - იმ გაგებით (და იმის ხარჯზე), რომ სულმოუთქმელად იკითხება, მოქმედებაში ბოლომდე ხარ ჩართული, გმირებთან ერთად განიცდი,  გაინტერესებს, რა მოხდება, როგორ გადარჩებიან (გინდა, რომ გადარჩნენ!)... მოკლედ, ისეთი წიგნია, ისეა დაწერილი, შეიძლება ღამე გაგათენებინოს.
სიუჟეტის მოყოლას, ცხადია, არ დავიწყებ - პირველად წაკითხვის (აღმოჩენის!) სიამოვნებას არ წაგართმევთ.

მაღაროელთა ერთ გადაკარგულ, პატარა ქალაქში დატრიალებული ფანტასტიკური უბედურება, წარმოუდგენელი განსაცდელი, რომელშიც რომანის გმირები აღმოჩნდებიან, იმდენად რეალისტურად არის გადმოცემული, კლასიკურ მწერლობას რომ ეკადრება. წიგნში მოთხრობილი ამბავი ნამდვილი თავგადასავალია: შიშისმომგვრელი, სასტიკი, მისტიკური და... ადამიანური! თუნდაც მხოლოდ იმისთვის ღირს ამ რომანის წაკითხვა, პატარა ბიჭის, დევიდ კარვერისა და მისი მომაკვდავი მეგობრის ამბავი რომ გაიგოთ, - როგორ სთხოვს დევიდი მეგობრის გადარჩენას ღმერთს და როგორ გადაარჩენს, - ეს ნამდვილი ლიტერატურაა!

სტივენ კინგის ცხოვრება განხორციელებული ამერიკული მითია: რთული ბავშვობა, არაერთი მარცხი, თავდაუზოგავი შრომა,  უამრავი ფული. საკუთარ თავთან ბრძოლა, მანკიერებების დაძლევა და ჰეპი-ენდი. ჰოლივუდისთვის დაწერილი სცენარი გეგონება. არადა, ეს სტივენ კინგის ცხოვრებაა. დაიბადა 1947 წელს პორტლანდში.   მშობლები, დონალდ ედვინ კინგი (ნამდვილი გვარია - სპენსკი, წარმოშობით პოლონელი) და ნელი რუთ პილსბერნი 1939 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ რადგან შვილი არ უჩნდებოდათ, ბავშვი იშვილეს. ამის მერე მოხდა სასწაული და გაჩნდა სტივენი.  როდესაც მომავალი მწერალი ორი წლისა იყო, ოჯახისთავი სახლიდან გავიდა და... გაქრა. ძალიან გაუჭირდათ, დედა ყველანაირ სამუშაოზე თანხმდებოდა, ოღონდ კი ბავშვები გამოეკვება. ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ უკეთესი ხვედრის ძიებაში. ბოლოს პატარა ქალაქ დარემში მოიკიდეს ფეხი. სტივენი 7 წლისა იყო, როდესაც სხვენზე იპოვა ყუთი, რომელიც სავსე იყო ბროშურებად გამოცემული ფანტასტიკური, მისტიკური და საშინელებათა მოთხრობებით. დაიწყო კითხვა და ისე შეუყვარდა ამ ჟანრის ლიტერატურა, თვითონაც დაიწყო წერა. 1965 წელს, ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ, სამოყვარულო ჟურნალში გამოაქვეყნა მოთხრობა "მე ვიყავი თინეიჯერი, რომელიც საფლავებს ძარცვავდა". ორი წლის შემდეგ კი უკვე პროფესიონალურ ჟურნალში "Startling Mystery Stories" დაუბეჭდეს დეტექტიური მოთხრობა "მინის იატაკი" და პირველი ჰონორარიც მიიღო - 35 დოლარი! 12 წლის ასაკიდან სტივენ კინგი უფროს ძმასთან, დევიდთან ერთად საინფორმაციო ბიულეტენს გამოსცემდა, სადაც პატარა მოთხრობებსა და რეცენზიებს ათავსებდა.

1966 წელს მენის შტატის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც ინგლისურ ლიტერატურასა და რიტორიკას სწავლობდა. ჯერ კიდევ პირველკურსელმა დაწერა რომანი და გამომცემლობას გაუგზავნა, თუმცა არ დაუბეჭდეს. მაგრამ უნივერსიტეტის პერიოდის უმთავრესი შენაძენი სტივენისთვის გახდა ერთობ მიზანსწრაფული ქალიშვილი, ტაბითა ჯეინ სპრიუსი, რომელიც ბიბლიოთეკაში გაიცნო. 1971 წელს ჯვარი დაიწერეს (დღესაც ერთად არიან - ჰყავთ სამი შვილი და სამი შვილიშვილი).

სტივენ კინგმა უნივერსიტეტი ბაკალავრის წოდებით დაამთავრა. სუსტი ჯანმრთელობის გამო ჯარში არ წაიყვანეს. მუშაობა დაიწყო ინგლისური ენის მასწავლებლად ქალაქ ჰემპდენში (მენის შტატი), თანაც წერდა, მაგრამ არ აქვეყნებდა. მისმა ცოლმა ნაგვის ყუთში იპოვა გადაგდებული, დაუმთავრებელი რომანის ხელნაწერი, წაიკითხა და აიძულა, დაესრულებინა, გამომცემლობაში გაეგზავნა და 1974 წელს გამოიცა რომანი "კერი". მას შემდეგ სტივენ კინგის პოპულარობა განუხრელად იზრდება.
სტივენ კინგი 1999 წელს კინაღამ დაიღუპა, გზის პირას მიმავალს ზურგიდან მიკროავტობუსი დაეჯახა. უმძიმესი ტრავმა მიიღო, მაგრამ გადარჩა. კიდევ ერთი რთული პერიოდი ჰქონდა - ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს დაეჩვია, მაგრამ მოახერხა და ამ განსაცდელსაც სძლია.

მას 200-ზე მეტი მოთხრობა და 50-ზე მეტი რომანი აქვს დაწერილი (მისი წიგნების საერთო ტირაჟი 350 მილიონს აჭარბებს!). მისი შემოქმედება მრავალი ჯილდოთი აღინიშნა, მათ შორისაა: ბრემ სტოკერის პრემია, ო'ჰენრის პრემია, ფენტეზის მსოფლიო პრემია. 2003 წელს ამერიკის წიგნის ეროვნულმა ფონდმა ოქროს მედლით დააჯილდოვა ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.  
ერთი სიტყვით, წაიკითხეთ სტივენ კინგი, არ ინანებთ - ახალ სამყაროს აღმოაჩენთ!

ირაკლი ლომოური
qetevani
12 აგვისტო 2013 02:24
ძალიან საინტერესო ნაწარმოებები აქვს ყველააა რაც წავიკითხეეე, გირჩევთ ყველას.
სხვა სიახლეები
"პატრიარქმა უთხრა, ვიქტორ, ჩემს გვერდით დაჯექიო. ჰკითხა, აბა, როგორ ხარ ჯანმრთელობით, რამე ხომ არ გაწუხებს, სასმელსაც აღარ სვამ ხოო?.. ძია ვიქტორმაც დაუდასტურა, აღარ ვსვამო, არადა, ნახევარი ლიტრი არაყი ჰქონდა დალეული"
დაწვრილებით...
"გაბრიელი ყვირის, გაბრიელმა ეს გააფუჭა, საწყალი გაბრიელი და სხვ. ვერ წარმოიდგენთ დედისთვის რა მძიმეა ამ ყველაფრის თითქმის ყოველდღე მოსმენა"

"მშობლებს ეუბნებოდა, რომ აი ამ ბავშვს ხომ ხედავთ (უთითებდა გაბრიელზე), მას ცალკე სჭირდება ერთი ადამიანი და თქვენს შვილებს სათანადო ყურადღებას ამიტომ ვერ ვაქცევო"
დაწვრილებით...
"გასაოცარია, რომ ევროპელები, რომლებსაც ჰყავდათ ნაპოლეონი, გაზეთების პირველ გვერდებზე წერენ: ,,მეფე ერეკლე აწყობს უდიდეს ხმაურს მსოფლიოში"
დაწვრილებით...
"ოსკარამდე" გზა არანაკლებ რთულია, ვიდრე დღეს ქართველისთვის აფხაზეთამდე"

წარმატების რა შანსი აქვს "მანდარინებს?"
დაწვრილებით...
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"
დაწვრილებით...
სიყვარულის, დანდობის, ვაჟკაცობის მაგალითები

ამ წერილის დაწერა იმ ზნეობრივმა სურათმა გადამაწყვეტინა, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ მასმედიის საშუალებით თუ ცხოვრებაში - გახშირებული მკვლელობები, დაუნდობლობა, სიდუხჭირე, გაუტანლობა...
დაწვრილებით...
ლიტერატურული პრემია "საბათი" დაჯილდოების შემდეგ მკითხველთა დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა, რადგან ნომინანტებიც და პრემიის ლაურეატებიც ძალიან ლოგიკურად იყვნენ შერჩეულნი.
დაწვრილებით...
"მქონდა ბედნიერება, ეს ხატი ხელში მჭეროდა" - მეორედ მოსვლის შემდეგ ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს და საქართველოში ჩამობრძანდება

"მე და ჩემს ცოლს წლებია, შვილი არ გვყავს და მედიცინა უძლური აღმოჩნდაო. ბუნებრივია, აჩუქეს ლენტი და ზუსტად ერთი წლის შემდეგ ეს კაცი ჩამოვიდა მონასტერში, ბიჭი შემეძინაო და მონასტერს 20 მილიონი დოლარი შესწირა."
დაწვრილებით...

”საბჭოთა მაღალჩინოსნებს სურდათ, კოსმოსში ”პოდმოსკოვნიე ვეჩერა” მოხვედრილიყო, მაგრამ...” - როგორ მოხვდა 1977 წლის 20 აგვისტოს, კოსმოსურ ხომალდ Voyager 2 - ზე ქართული “ჩაკრულო"

დაწვრილებით...
"წლებია მატყუებენ, 1992 წლის შემდეგ ამ რკინის ვაგონში ვცხოვრ, მაგრამ არაფერი მეშველა"

"ოთხი შვილი გავზარდე და ოთხივე დამეღუპა, ერთს დენმა დაარტყა, მეორე ავარიაში მოჰყვა... (ტირის) დანარჩენი ორიც ასე საცოდავად დავკარგე"

"რომ მოვკვდები, იმის მეშინია, სად უნდა დამასვენონ, ამ ვაგონში სასახლეც კი არ დაეტევა და სხვის სახლში რომ დაასვენებენ მიცვალებულს..."
დაწვრილებით...
"იყიდება საბოლაო შესყიდვით ან ქირავდება"
"შევიძენ! ყველაზე მაღალ ფასად, ყავისფერ გერმანულ და...
4-ოთახიანი, ექსპერიმენტული პრ. 11(15), 102 კვ.მ. თეთრი...
1.5-ოთახიანი, 45 კვ.მ. გარემონტებული კორპუსის იზოლირებული კომფორტული...