კოტე თოლორდავა - "შევძლებ, ილია ღირსეულად განვასახიერო"
"როდესაც შევიტყვე, ილია ჭავჭავაძის როლი რომ უნდა განმესახიერებინა, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უბედნიერესი ვიყავი. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რაც შეიძლება მსახიობს შეხვდეს კარიერის მანძილზე. სიხარულს ვერ ვმალავ, ასეთი რამ რომ ჩემთან გადაიკვეთა...” - ამბობს კოტე თოლორდავა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მკაცრად არის გასაიდუმლოებული, მსახიობმა დაადასტურა, რომ შემოთავაზება მიიღო და ამ უმნიშვნელოვანესი როლისთვის სერიოზულად ემზადება.
- მაპატიეთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით უფლებას არ მაძლევენ ფილმზე დეტალები გავახმაურო, გარდა იმისა, რომ მართლაც შემომთავაზეს ეს როლი და უყოყმანოდ დავთანხმდი...… რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია, დიდი პასუხისმგებლობაც და მიმაჩნია, რომ მსახიობისთვის ასეთი როლი შეიძლება ჩაითვალოს საეტაპოდ და მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთ სერიოზულ ნამუშევრად. ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ, "ტუზის დაცემაა". როცა უფლება მექნება, ვრცლად ვისაუბრო, გპირდებით, "კვირის პალიტრა" იქნება პირველი, სადაც ყველაფერს ვიტყვი.
- რატომ არის ყველაფერი ასე მკაცრად გასაიდუმლოებული?
- არ ვიცი, როგორც მითხრეს, ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ზედმეტი რეკლამა მხოლოდ ხელს შეუშლის და იმიტომ... უბრალოდ, მე რომ გავიგე, უბედნიერესი ვიყავი. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, რაც შეიძლება მსახიობს შეხვდეს კარიერის მანძილზე, ეს ჩემი "ჰამლეტია". ბავშვივით ვარ, სიხარულს ვერ ვმალავ, ასეთი რამ რომ ჩემთან გადაიკვეთა.
- თქვენ ამჯერად ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებთ სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები". სერიალმა პოპულარობა მოგიტანათ, მაყურებელმაც ძალიან შეგიყვარათ, მაგრამ თუ გიფიქრიათ, ხალხი როგორ მიიღებს თქვენს მიერ განსახიერებულ ილია ჭავჭავაძის როლს დიტოს როლის შემდეგ?
- საქმეც ამაშია, რომ მსახიობის პროფესია იძლევა იმის საშუალებას, სხვა ეტაპზე გადახვიდე. სულ დიტო არ და ვერ ვიქნები, არც მინდა. დიტოს პერსონაჟი(რომელზეც ახლა თქვენ მესაუბრებით), ჩვეულებრივი თბილისელი ახალგაზრდა კაცია, რომლის მსგავსიც ყველას შეგვხვედრია... ილია ჭავჭავაძის როლი კი სულ სხვა რამეა, კაცი წმინდანად შერაცხულია, ერის სიმბოლოდ ითვლება და არავის ახსნა არ ჭირდება, თუ ვინ იყო იგი. რასაკვირველია, სულ სხვა სახის, ძალზედ სერიოზული მუშაობა იქნება ჩემგან ჩასატარებელი. მაგრამ, ამ გამოწვევისთვის სრულიად მზად ვარ, დარწმუნებული ვარ, შევძლებ ილია ჭავჭავაძე ღირსეულად განვასახიერო და ვიმეორებ - უბედნიერესი ვარ. კიდევ ერთი მიზეზიც, რის გამოც ვერაფერს ვამბობ დანამდვილებით - საერთოდ რომ არ შედგეს ეს პროექტი, მერე ჩვენი საუბარი დეზინფორმაციას არ დაემსგავსოს. პირველად ეს ინფორმაცია რომ გავაჟღერე, თანაც არა პრესით, ათასი მითქმა-მოთქმა ატყდა. დამეთანხმებით, ხუმრობა საქმე არაა, ქართველი ერი ალბათ ელოდა კიდეც წმინდა ილია მართალზე ფილმს. მერე პროექტის სულისჩამდგმელები დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ყოველგვარი საუბრისგან თავი შევიკავო. ასე რომ, დაელოდეთ...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)