იმედა კახიანი – ბავშვი მათიც არის და სურვილი თუ ექნებათ, არავინ დაუშლით ყურადღების მიქცევას (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

იმედა კახიანი – ბავშვი მათიც არის და სურვილი თუ ექნებათ, არავინ დაუშლით ყურადღების მიქცევას (ექსკლუზივი)

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან:

იმედა კახიანი, მსახიობი:

- უკვე მეორე კვირაა, აქტუალობას არ კარგავს ნინის ხანმოკლე ქორწინების სკანდალური დასასრული. როგორც ვიცი, თქვენ პრესით თავს იკავებდით ამაზე საუბრისგან...

- ირაკლი კუტალაძეზე ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ დასაწუნი არაფერი სჭირდა. უბრალოდ, მისი მხრიდან ეს საქციელი არაკაცურად მიმაჩნია: არ იყო ახლა იმის დრო, რომ ასეთი რამეები ეთქვა. ნინი ფეხმძიმედ არის, სულ მალე შვილს ელოდება და რა დროს იმაზე საუბარია, ნინი წავიდა თუ მე წამოვედი და ასე შემდეგ... თავად არ უნდა ჰქონდეს იმდენი შეგნება, რომ ამ დროს ქალი არ გააღიზიანოს?! ხომ შეიძლება ბავშვს ზიანი მიადგეს. ბავშვი დაიბადებოდა და მერე ესაუბრა, ან ცოტა ადრე. 9 თვის ფეხმძიმეს რომ დაუწყო საქმის გარჩევა, როცა გაჩნდა გაუგებრობა, მაშინვე გაერკვია ყველაფერი. ისევ ვიმეორებ, ეს არაკაცური საქციელია, თორემ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ. ნინიმ რომ თქვა - მომწონსო, გამეხარდა, რადგან ირაკლის ბაბუას ვიცნობდი. გივი ჩიქვანაიას უდიდეს პატივს ვცემ მეც და მთელი საქართველოც. იგი გამოჩენილი წყალბურთელი იყო და საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა. დარწმუნებული ვიყავი, გივის შვილიშვილი საუკეთესო იქნებოდა. თუმცა ცუდია თუ კარგია ირაკლი, მე არ ვიცი. მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა და ქართულად კითხვაც კი არ იცის. მხოლოდ ესმის და საუბრობს. მახსოვს, ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა, ვუთხარი, ყველა ქართველი ოცნებობს და ალბათ შენც გაქვს ოცნება, შენ ქვეყანაში დაბრუნდე-მეთქი. ამ სიტყვებს მისი ოდნავი რეაქციაც კი არ მოჰყვა და ძალიან მეწყინა. რუსეთშია ეს ბიჭი დაბადებულ-გაზრდილი და საქართველო მას აღარც აინტერესებს. ვფიქრობ, ნინის და ირაკლის შეხვედრა არასწორი და უიღბლო იყო. ნინი რომ წავიდა მოსკოვში, ირაკლიმ ისევ ისე გააგრძელა ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა, ნინის დამლაპარაკებელიც კი არ ჰყავდა სახლში, გრძელი დღეების განმავლობაში მარტო იყო, როცა ზამთარში თენდება დღის პირველ საათზე და სამზე უკვე ღამდება. ნინი ისე წამოვიდა, რომ არავითარი ჩხუბი და დავა არ ყოფილა. მათ თავადვე გადაწყვიტეს, რომ ნინი საბოლოოდ წამოვიდოდა. კი ბატონო, რა გვაქვს გასაყოფი, გვეყოლება შვილიშვილი, ბავშვი მათიც არის და სურვილი თუ ექნებათ, არავინ დაუშლით ყურადღების მიქცევას. ჩვენ მათ არც ალიმენტს ვთხოვთ, არც ქონებას და არც არანაირი პრეტენზია არ გვაქვს.

- ირაკლიზე არ გაბრაზდით და სურვილი არ გაგიჩნდათ, დაგერეკათ?

- ახალგაზრდა კაცია და ამიტომ არ გავბრაზდი. მესმის მისი. ის სხვანაირად აზროვნებს და ჩემს ჭკუაზე ვერ ივლის. რაც შეეხება ჩემს მეგობარ – გივი ჩიქვანაიას, მას შეიძლებოდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გივიც გულნატკენია. მათ არ დაურეკავთ, არაფერი უთქვამთ და ამიტომ მეც გავჩერდი. არავინ იცის, ხვალ შეიძლება ახალგაზრდებს მოუნდეთ კიდეც შერიგდნენ და არ მსურს ჩარევა. მე რომ დავაძალო, იქნებ ის არის სწორი და ძალად ხომ ვერ მოვახვევ ჩემს აზრებს?! არავითარი სადაო იმ ოჯახთან არ გვაქვს, მაგრამ რომ წერს, ნინის კანონიერი ქორწინებიდან სურდა ბავშვის გაჩენაო, ეს მწყინს. რა, ნინი ერთ ბიჭს ვერ იშოვიდა? - რა გახდებოდა ამისთანა?!

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)