დეფი: "მე კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ... არ მაინტერესებს, ვინ ვის რას აძლევს და როგორ... "
"ისინი, ვინც ტალახს სხვას ესვრიან და თითებს სხვისკენ იშვერენ, ჯერ თავიანთი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ"
"ყველა უცხოური გამომცემლობა თავისი ხარჯით აქვეყნებს ჩემ წიგნებს და ისინი მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობები არიან, ტყუილად არაფერს მოკიდებენ ხელს."
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 31 დეკემბრამდე კულტურის სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხებზეა საუბარი. ამ ინფორმაციის მიხედვით, კულტურის სამინისტრომ მომღერალ სტეფანეს ერთ სიმღერაში 25 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო მწერალ დავით დეფი გოგიბედაშვილს 18 000 ლარი ჩაურიცხა. ამასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ მწერალ დავით-დეფი გოგიბედაშვილს.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტეფანეს 25 000 გადაუხადეს ერთ სიმღერაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ასეთი დიდი თანხის ასე არამიზნობრივი ხარჯვა და არის თუ არა სტეფანე იმ დონის შემსრულებელი, რომ ამხელა თანხა გადაუხადონ 1 სიმღერაში?
- მართალი გითხრათ, კითხვა ოდნავ არაკორექტული მეჩვენება და თქვენ წარმოიდგინეთ არაეთიკურიც კი. ერთ სიმღერაში, ერთი კაცისთვის არ იყო ეს ფული ჩარიცხული - ასე ახსნა იმ კაცმა თვითონ და მეტი რა გითხრათ. საერთოდ რას ნიშნავს, ერთ სიმღერაში გადაუხადეს? ასეთი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია გარკვეულ ადამიანებში სიძულვილს აღვიძებს. გაფუჭებული ტელეფონივით რაღაც აბსურდი გამოდის და მერე სიმართლე აღარავის აინტერესებს. დღეს მთავარია ჩირქი წაეცხოს პიროვნებას. იქნებ ისინი, ვინც ტალახს სხვას ესვრიან და თითებს სხვისკენ იშვერენ, ჯერ თავიანთი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ?
- არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რაში გადაგიხადათ კულტურის სამინისტრომ 18000 ლარი...
- კულტურის სამინისტროში, არსებობს თანამედროვე ლიტერატურის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამით რამოდენიმე ქართველი ავტორი ითარგმნა და უცხოეთშიც გამოიცა. ვფიქრობ ეს დიდი რამაა. მე ამ პროგრამაში არ მოვხვდი. შემდეგ მივმართე კულტურის სამინისტროს თხოვნით, შეეძლოთ თუ არა, რაიმე ფორმით, ჩემი ნაწარმოებებიც ეთარგმნათ. პასუხი დადებითი აღმოჩნდა. თანხა მოიძიეს და ამ თანხით (ეს თანხა დღგ-სთან ერთადაა გასაჯაროებული.) ითარგმნა ჩემი არა ერთი ტექსტი. კერძოდ კი სამი რომანი და ერთი მოთხრობა. ამ თარგმანიდან, ერთ-ერთი ნაწარმოები, 2012 წლის ევროპის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა და ამავე სახელწოდებით მთელს მსოფლიოში გამოიცა. ასეთ კრებულს ალექსანდრე ჰემონი ადგენს, მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკულ ლიტერატურაში. თარგმანი ინგლისურ ენაზე შესრულდა, მერე კი ითარგმნა პორტუგალიურად და სხვა ენებზეც - რამოდენიმე ჩემი წიგნი უკვე ბრაზილიაშიც გამოიცა, მალე ვიხილავთ აშშ-იც და ევროპაშიც. ყველა უცხოური გამომცემლობა თავისი ხარჯით აქვეყნებს ჩემ წიგნებს და ისინი წამყვანი მსოფლიო გამომცემლობები არიან, ტყუილად არაფერს მოკიდებენ ხელს.
-თქვენ თქვით, რომ 18 000 ლარი კულტ. სამინისტრომ თარგმნისთვის მოგცათ, როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყავით ნაც. მოძრაობასთან დაახლოებული პირი, მაინც დაგაფინანსებდნენ? ბევრს სხვასაც შექონდა მსგავსი თხოვნა, მაგრამ ფულს ყველას არ აძლევდნენ. რატომ?
- მე რა ვიცი, ვინ რა შეიტანა. ეს ჩემი საქმე არაა და არც იმით ვინტერესდები, ვინ ვის რას აძლევს და როგორ... და იმის გამო, რომ როგორც მოქალაქემ, სიმპათია გამოვხატე კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, არა მგონია, საფუძველს გაძლევდეთ მთავრობასთან დაახლოებული მწერალი მიწოდოთ. თქვენი შეკითხვა იმ შემთხვევაში იქნებოდა სამართლიანი, თუ სხვა მწერლებივით და არსტისტებივით დაახლობელი ვიქნებოდი ამა ქვეყნის ძლიერებთან... როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა შევარდნაძის კარზე და ახლა კი ხდება ივანიშვილის კარზე. არავისთვის დასამალი არაა, რომ მე მიშა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ძალიან მომწონს. ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. სიძულვილით, ეგოიზმით და უვიცობით სავსე სამყაროში კი გასაკვირი არაა, რომ გარკვეული ადამიანები ათასნაირ ჭორს დაგიყრიან. ესეც ჩაივლის, რაღაც გაქრება და რაღაც კი აუცილებლად დარჩება სამუდამოდ. არ იდარდოთ, მე კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ და ასევე კარგად ვიცი ვინ ვინაა ამ სამყაროში.
თუ რამეს მივაღწიე, ჩემი თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე, ევროპისა თუ ამერიკის გამომცემლებთან უშუალო კონტაქტებით და უცხოეთში ჩემი ლიტერატურული წარმატებით. გნებავთ, ნიუ იორკში ლორი ანდერსონთან, იუზეფ კომუნიაკასთან და სალმან რუშდისთან ერთად, მსოფლიო პენ-ღონისძიებებზე, ჩემი ცოცხალი წარმოდგენებით. მსოფლიო პოეზიის ცენტრში, დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლებით. უდიდესი ამერიკული ლიტერატურული საზოგადოება "ლედიგ ჰაუსი"-ს წევრობით, იქ გარკვეული დროით ცხოვრებით, ჰოლანდიის ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებით და ა.შ. ხოლო ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ესეც ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ რაც არ უნდა მლანძღონ, ცილი დამწამონ და შეურაცხყოფა მომაყენონ ან გნებავთ დამემუქრონ, რითაც ინტერნეტ სივრცე მართლაც სავსეა, მე ჩემ გზას ვადგავარ და ბევრისთვის ჩემი გზის გავლა, როგორც ჩანს, შეუძლებელიც კი აღმოჩნდა.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)