"სასულიერო პირების დასჯა გაუმართლებელია!" - კვირის პალიტრა

"სასულიერო პირების დასჯა გაუმართლებელია!"

საქართველოში ალბათ არასოდეს უკამათიათ სექსუალური უმცირესობების შესახებ იმდენი, რამდენსაც ბოლო თვეებში კამათობენ. მათი დამცველები ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებენ და "ბნელებს", "ჩამორჩენილებს" უწოდებენ, ეს უკანასკნელნი კი მიიჩნევენ, რომ ქართული, ტრადიციული ღირებულებები სათანადოდ არ არის დაცული. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია, მით უმეტეს, რომ დღეს 17 მაისის მოვლენების გამო ბრალდებული ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. "ეს იყო ლგბტ საზოგადოების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, ამიტომ სასულიერი პირების დასჯა გაუმართლებელია!" - ფიქრობს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ მოსაზრებას იზიარებს "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანიც.

- ბატონო გიორგი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რაც 17 მაისს თბილისში მოხდა?

- 17 მაისს იქ მისული ადამიანები იძულებულნი იყვნენ ეტვირთათ ის, რაც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში არ იტვირთა არც ერთმა ხელისუფლებამ. შევარდნაძის დროს ამაზე ფიქრის დრო არ გვქონდა იმიტომ, რომ ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, მაგრამ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიწყო უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომლებმაც ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვა და ამ მოვლენის პროპაგანდა დაიწყეს. საზოგადოებაში თანდათან დაგროვდა მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ქვეყანაში მცხოვრები მოსახლოების უმრავლესობის აზრი. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ამას არ აკეთებდა, თუმცა ახალი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელიც დიდი რიხით ლაპარაკობს სექსუალურ უმცირესობათა უფლებებზე. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია იკეკლუცოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობისათვის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა მიუღებელია. მგონი ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყონ კარგი ქართველები და არა ზნეობაწაშლილი, გადაგვარებული ადამიანები. 17 მაისი იყო ბრძოლა ქართული ცხოვრების წესის გადასარჩენად, ნუთუ იქამდე მივედით, რომ ამისთვის ვსჯით ხალხს?

- თუმცა, სექსუალურ უმცირესობათა დამცველები სულ სხვაგვარად ფიქრობენ.

- პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, პრობლემა ჩვენს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების ლეგიტიმაციის მცდელობაა. მოგეხსენებათ, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარია, არსებობს ქართული, ტრადიციული ცხოვრების წესი, რომელსაც ლამის 20-საუკუნოვანი ისტორია აქვს და რომლისთვისაც ეს მოვლენა სრულიად უცხო და მიუღებელია. ჩვენ შეთანხმებულნი ვართ, რომ ადამიანის ხორცი არ უნდა მივირთვათ, თუმცა, სადღაც, ჯუნგლებში არის საზოგადოება, რომლისთვისაც ეს სულაც არ არის ამორალური და უზნეო საქციელი. არსებობს ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, რომლებიც ჩვენი მამა-პაპიდან მოდის და ჩვენც გვინდა გადავცეთ მომავალ თაობას. აშკარაა, რომ ვიღაცას სურს ძალადობრივი გზით მოახდინოს გავლენა უმრავლესობის აზრზე. ამიტომ, როგორც კი იტყვი, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცოდვა, ან გარყვნილება, მაშინვე გიპასუხებენ, რომ შენ სიძულვილის ენაზე ლაპარაკობ, რომ ჰომოფობი ხარ. მე თუ მკითხავ, კაცს შარვლის ჩაცმა უნდა თუ კაბის, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პროპაგანდაზე, აქ უკვე ძალიან მკაცრი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებაც და ქართული კანონმდებლობაც.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდნენ ასე ლგბტ საზოგადოების დამცველები?

- 2012 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი პრიორიტეტი შეიცვალა: გენდერულმა საკითხებმა უკანა პლანზე გადაიწია და აქტუალური გახდა სექსუალურ უმცირესობათა დაცვის საკითხი. ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები გრანტებსა და დაფინანსებას იღებენ ლგბტ საზოგადოების დასაცავად. ამ ორგანიზაციებმა ლამის ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყეს უმცირესობათა დაცვა, თორემ რატომ არავის ახსოვდა ისინი 2006, ან 2007 წელს? როგორ, მაშინ არ არსებობდნენ? - არსებობდნენ, უბრალოდ, ახლა დაიწყო უზარმაზარი თანხების გამოყოფა მათთვის. დამიჯერეთ, ამ წუთში მე და თქვენ რომ გადავწყვიტოთ ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება და სოლიდური თანხაც მოვითხოვოდ, ამ თანხას დაუბრკოლებლივ მივიღებთ. სწორედ ამიტომ, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები კი არ არიან მთავარი საფრთხის მატარებლები, არამედ ის ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უზარამაზარ ფულს იღებს მათი უფლებების დაცვაში. ამ ადამიანებს ხვალ რომ გამოუცხადოს რომელიმე დონორმა, რელიგიური ღირებულებების დაცვისათვის ვიხდით ფულსო, ისინი სულ სხვა რეჟიმზე "გადაეწყობიან", ჰომოსექსუალებს თვითონვე თავს დაესხმებიან და ასეთივე გააფთრებით დაიწყებენ ტრადიციების დაცვას იმიტომ, რომ ფულზე გაყიდული ადამიანები არიან. იქნება ფული ჰომოსექსუალების დაცვაში? - დაიცავენ ჰომოსექსუალებს, იქნება ფული ტრადიციების დაცვაში? - მაშინ უკვე ტრადიციებს, ან ეკლესიას დაიცავენ, რადგან ისინი უპრინციპო ადამიანები არიან!

- თუმცა, საკმაო ძალა და გავლენა აქვთ...

- დიახ, ასეა და სწორედ ახლა მიმდინარეობს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა თუ არ მოვიგეთ, სულ მალე დავკარგავთ ჩვენს მთავარ ფასეულობას - ქართველობას. ამ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც უმრავლესობის სურვილი და განწყობა უნდა გაითვალისწინოს. ამიტომ, კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილ ოჯახს. საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ტრადიციები და ფასეულობები, როგორც კი ეს მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ იმას ვაღიარებთ, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა არ არის, მერე დაიწყება ლაპარაკი ჰომოსექსუალური წყვილების ქორწინებაზე, მათ მიერ შვილის აყვანაზე და ჩვენ დავადგებით გზას, რომელიც გადაგვარებისაკენ წაგვიყვანს. ამიტომ, ვიდრე ამ პატარა გუნდიდან დიდი ზვავი არ წარმოქმნილა, ეს პროცესი დროულად უნდა შევაჩეროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)