გიორგი ლობჟანიძე - სრულიად უკანონოდაც რომ ყოფილიყო ის მინარეთი აშენებული, მაინც არ უნდა ჩამოენგრიათ - კვირის პალიტრა

გიორგი ლობჟანიძე - სრულიად უკანონოდაც რომ ყოფილიყო ის მინარეთი აშენებული, მაინც არ უნდა ჩამოენგრიათ

24 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფ. ჭელაში, პოლიციამ მინარეთის დემონტაჟი მოახდინა, რამაც ადგილობრივ მუსლიმთა მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. დემონტაჟისას მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც და პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა. რამდენად სწორია ხელისუფლების მხრიდან რელიგიური ობიექტების უცერემონიოდ ნგრევა, ხდება თუ არა ეს სხვა ქვეყნებში და როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი მართლმადიდებლებელ ქართველებსა და მუსლიმებს ურთიერთობებზე - ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი ლობჟანიძეს, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა ირანში და რომელმაც პირველმა თარგმნა ყურანი სრულად არაბულიდან ქართულ ენაზე.

- რასაკვირველია, რელიგიურ სიწმინდეს არავინ არ უნდა შეეხოს, არც მუსულმანურს და არც ქრისტიანულს, მაგრამ თუ ეს სიწმინდე არაკანონიერი გზით აღმოჩნდა თავისი დანიშნულების ადგილზე (თუნდაც მართლმადიდებლურ ეკლესიაში), ამ შემთხვევაში კანონი ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში. თუმცა დანგრევა მაინც უკიდურესი ფორმაა, რადგან ნგრევა არასოდესაა გამოსავალი, ხშირ შემთხვევაში პრობლემის დასაწყისადაც გვევლინება ხოლმე. სრულიად უკანონოდაც რომ ყოფილიყო ის მინარეთი აშენებული, მაინც არ უნდა ჩამოენგრიათ, არსებობს ბევრად უფრო ცივილური მეთოდები და ჯობდა, მეტი სიფრთხილე და მოწიწება გამოეჩინათ.

-ბატონო გიორგი, თქვენ ცხოვრობდით ირანში და ახლაც ხშირად სტუმრობთ ამ ქვეყანას, იქ თუ ხდება მსგავსი ფაქტები სხვა აღმსარებლობის ეკლესიების მიმართ?

-მე არასოდეს გამიგია, იქ ასეთი ფაქტი მომხარიყოს, სადმე მისულიყვნენ და ნებისმიერი საბაბით რაღაც დაენგრიათ. იქ ძალიან უფრთხილდებიან რელიგიურ ურთიერთობებს, იქ როგორც გარედან ჩანს, ასე არაა, შიგნით ძალიან ეძვირფასებათ ნებისიერი აღმსარებლობის წარმომადგენელი და ასე უნდა იყოს ჩვენთანაც. ამ კუთხით ირანი ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია.

- აზერბაიჯანში, კონკრეტულად საინგილოში, მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იქ ზოგჯერ წირვის გამართვაც არ ხერხდება, მაგრამ აზერბაიჯანელები ამ საკითხზე სულაც არ გამოხატავენ უკმაყოფილებას, მაშინ როცა ქართველები ყოველთვის აპროტესტებენ, როდესაც მუსლიმურ სამლოცველოს რაიმე პრობლემა შეექმნება...

-იცით რა არის, ამ შემთხვევაში ჩვენ იმაზე კი არ უნდა ავიღოთ სწორება, ვინ როგორ იქცევა ცუდად თუ კარგად, ჩვენ თვითონ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ღირსეული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები გვერქვას.

- ეს ფაქტი ხომ არ გამოიწვევს ქართველებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებას?

- როდესაც ვიღაც ჩინოვნიკმა რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო, ეს არ უნდა გამოიხატოს, როგორც მთელი ერის ნება და არ უნდა გადაიზარდოს რაიმე სახის კონფლიქტში, თორემ მე რასაც ვხედავ, დაძაბულობა უკვე არის შექმნილი, მაგრამ ორივე მხარეს, მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც უნდა გვეყოს გონიერება და გამოვიჩინოთ წინდახედულება, რომ აღარ გავამწვავოთ სიტუაცია და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს.

- საზოგადოებისთვის ცნობილი ბევრი ადამიანი ამ ფაქტის გამო არ გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას, მაშინ როცა ძალიან ხშირად სრულიად უმნიშვნელო თემაზე აუცილებლად ხმამაღლა გამოთქვამენ პროტესტს...

- ყველას თავისი პოზიცია აქვს, ადამიანს ვერ დააძალებ იმაზე, რაც არ აღელვებს, აზრი გამოთქვას და თავის პოზიცია დააფიქსიროს. ყოველ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს კონკრეტული ფაქტები შეიძლება ძალიან დიდი პრობლემად იქცეს. ხშირად ისმის - ვიღაცას მეჩეთის მშენებლობის ნება არ მისცეს, სადღაც მუსლიმებს ლოცვას უშლიან - ეს ყველაფერი უკმაყოფილებას იწვევს, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდეს.

პ.ს. "როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამოვიღე, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. შემდეგ მე მომადგნენ, მაგრამ ხმა აღარავინ ამოიღო" – მარტინ ნიიმიოლერი, გერმანელი პასტორი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)