ჟაკლინი ეძებს ქუთაისელ ბაბუას! - კვირის პალიტრა

ჟაკლინი ეძებს ქუთაისელ ბაბუას!

ცოტა ხნის წინ ნორვეგიელმა ლეონიდ დუმბაძემ "კვირის პალიტრის" დახმარებით საქართველოში ნათესავები იპოვნა. ამჯერად რედაქციას უცხოელების კიდევ ერთმა ოჯახმა მიმართა. ბელგიელი ჟაკლინ სერვე ქუთაისელი ბაბუის, გიორგი მოდებაძის და მისი ოჯახის ასავალ-დასავალს ეძებს. ჟაკლინ და ჟაკ სერვეების ოჯახის მეგობარმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის ლექტორმა მარინა კურატაშვილმა გვიამბო გიორგი მოდებაძის და ჟაკლინ სერვეს ბებიის ემა გუტალასის უიღბლოდ დასრულებული სიყვარულის ამბავი.

მარინა კურატაშვილი - რამდენიმე წლის წინ თბილისში სანდომიანი გარეგნობის ბელგიელი ცოლ-ქმარი ჟაკლინ და ჟაკ სერვეები გავიცანი. ჟაკლინს მეუღლემ თურმე დაბადების დღისთვის აუხდინა მრავალი წლის ოცნება და საქართველოში, დედულეთში ჩამოიყვანა. "ჩემი სიდედრი ქართველი იყო, თამარ მოდებაძე. ის 1908 წლის 20 დეკემბერს ქალაქ ბრიუსელში დაიბადა. თამარი რომანტიკული სიყვარულის ნაყოფი ყოფილაო", - ღიმილით ამბობდა სიძე.

ბელგიაში სასწავლებლად ჩასული ქუთაისელი გიორგი მოდებაძე ისე მოხიბლულა ემა გუტალასის სიმღერით, რომ კავკასიური წესით, ცხენზე ამხედრებულს მოუტაცია კიდეც. ძალიან ჰყვარებია ცოლ-ქმარს ერთმანეთი და მალე ქალიშვილიც შეძენიათ. გოგონა ერთი წლის რომ გამხდარა, ბრიუსელში რუსეთის საიმპერიო მისიასთან არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მოუნათლავთ. ამას იუწყება ეკლესიის წიგნიც, რომელშიც სწერია, რომ 1909 წლის შვიდ დეკემბერს, ვაჭრის შვილმა, მართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე გიორგი სოლომონის ძე მოდებაძემ, და მისმა კანონიერმა ცოლმა, ემა კარლოსის ასულმა გუტალასმა, მონათლეს თავიანთი ქალიშვილი თამარა. ნათლიები იყვნენ კავკასიელი აზნაური, პავლე როსტომის ძე ყიფიანი, აზნაური ირაკლი ჯაბადარი, თავადი ილია დაივთის ძე ჯორჯაძე და კავკასიელი აზნაურის ცოლი (სახელი არ იკითხება) ნიკოლოზის ასული ყიფიანი.

ახალშეუღლებულებს გიორგის მშობლები ყოველ წერილში საქართველოში ეპატიჟებოდნენ. "გიმუცო, ემას წაუკითხე ეს წერილი გენაცვალე, ასწავლე ქართულად ლაპარაკი" - წერდა გიორგის დედამისი ქუთაისიდან. ქმარსაც ძალიან სურდა, რომ ცოლს ქართული ენა სცოდნოდა, მაგრამ ქალმა მხოლოდ ქართული სიმღერების შესწავლა შეძლო და ემაც სიამოვნებით მღეროდა ქართულად.

1921 წელს ცოლ-ქმარი გაიყარნენ. ამის შემდეგ გიორგი მოდებაძემ სავარაუდოდ ქვეყანაც დატოვა და სადღაც გამეგზავრა. დღემდე ოჯახმა არაფერი იცის მის შესახებ. ემა მეორედ გათხოვდა და თამარი მამინაცვალმა გაზარდა. თამარ მოდებაძე- ბრეკველტი 2004 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა ისე, რომ სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ეღირსა. დაკრძალულია ბრიუსელში.

ჟაკლინ სერვეს ძალიან აინტერესებს თავისი ქართველი ბაბუის ასავალ-დასავალი, ბებია ემას კი არ ჰყვარებია ამ თემაზე საუბარი. ამიტომაც, დღეს შვილიშვილს უჭირს მოიპოვოს რაიმე ინფორმაცია 1886 წლის 10 მარტს ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი გიორგი სოლომონის ძე მოდებაძის შესახებ, რომელიც დაახლოებით 1906 – 1921 წლებში ბელგიაში ცხოვრობდა. მის ოჯახს კი ფოტოების გარდა საქართველოდან გამოგზავნილი ორი წერილიღა შემორჩა და ისიც კონვერტების გარეშე. ერთიდან, რომელიც 1908 წლის 16 ივნისითაა დათარიღებული და ხელს სოლომან მოდებაძე აწერს, ვგებულობთ, რომ გიორგის ჰყავდა დედა, ბებია და გათხოვილი და. სამწუხაროდ, მათი სახელები წერილში ნახსენები არ არის. ამავე წერილიდან, რომელიც ფრანგულ ენაზეა დაწერილი, ასევე ვიგებთ იმასაც, რომ იმ წელს მოდებაძეებს ემასა და გიორგისგან ორი წერილი მიუღიათ. მეორე წერილს, რომელიც ქართულ ენაზეა დაწერილი, ხელს აწერს დედამთილი ლიზა.

რაც შეეხება ჟაკლინის ბაბუის მამას, სოლომონ მოდებაძეს, ქუთაისში არსებული ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, სოლომონ გიორგის ძე მოდებაძეს 1912 წელს ქუთაისში ერთ-ერთ უბანში, რომელსაც მწვანეყვავილას ეძახიან, ჰქონდა საკარმიდამო კვარიანოვსკის ქუჩაზე. საბჭოთა ხელისუფლების დროს ამ ქუჩას აზერბაიჯანის, დღეს კი ნაზიმის ქუჩაAეწოდება.

როგორც შეგვეძლო, ვცადეთ ჟაკლინის ნათესავების მოძებნა, მაგრამ ამაოდ. თითქოს აღარავინ დარჩენილა მათგან, ამბის გადმომცემიც კი. არადა, დედით ქართველი ბელგიელი მუდმივად იმაზე ფიქრობს, რომ მშვენიერსა და სტუმართმოყვარე საქართველოში, სადღაც ჰყავს ნათესავები, რომელთა შესახებ არაფერი იცის. ჟაკლინი და ჟაკი კიდევ ერთხელ დაბრუნდნენ საქართველოში იმ იმედით, რომ წინაპართა კვალს დაადგებიან. ვიმედოვნებთ, რომ გაზეთში ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვიღაც დარეკავს და ეტყვის, რომ მისი ნათესავია, უამბობს დაკარგული ბაბუის ასავალ-დასავალს და მის ნაცვლად მოეფერება.

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)