დაუმარხავი შვილი, რომელსაც დედა 18 წელია უხრწნელად ინახავს (რეპორტაჟი "მეგრული" საფლავებიდან) - კვირის პალიტრა

დაუმარხავი შვილი, რომელსაც დედა 18 წელია უხრწნელად ინახავს (რეპორტაჟი "მეგრული" საფლავებიდან)

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

სამეგრელოს მიცვალებულის დატირების, გასვენებისა და პატივისცემის განსაკუთრებული ტრადიცია ოდითგანვე ჰქონდა. მართალია, ახლა მხოლოდ გადმონაშთებია შემორჩენილი, მაგრამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, არსებულ ტრადიციებზე ბევრი ვისაუბროთ. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, ქართველი კაცი ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა როგორც გარდაცვლილის ხსოვნის, ისე მთელი საზოგადოების წინაშე. სამეგრელოში ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით შესამჩნევი და თვალში საცემია.

***

მანქანაში გაოგნებული ჩავჯექი, ხმას არ ვიღებდი, სიჩუმე ისევ მძღოლმა დაარღვია და კიდევ უფრო გასაოცარ ამბავს მომიყვა: - სოფელ ბაშში 18 წლის წინ გარდაცვლილი ბიჭი დღემდე არ ჰყავთ დამარხულიო. ადამიანურ შიშს ჟურნალისტურმა ინტერესმა სძლია და ზემოხსენებული სოფლისკენ გავემართე. სახლის კარი გარდაცვლილის მამამ გამიღო. მისი შვილით დაინტერესების გამო მადლობაც გადამიხადა, სასაფლაოსკენ კი დედა გამიძღვა. იქ მისულს, ვენახშემოვლებული პატარა სახლი დამხვდა. დედამ, ციური კვარაცხელიამ საფლავის კარი გააღო და საუბარი შვილის სიკვდილის მიზეზით დაიწყო:

"ჯონი 22 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, წამლის ზედმეტი დოზა მიიღო და კომაში ჩავარდა. 8 თვე საავადმყოფოში გავატარეთ, მაგრამ ვერაფრით ვუშველეთ. მეუღლე და 2 წლის გოგო დარჩა. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა დაგვესაფლავებინა. ამბობდა, შვილმა ხომ უნდა ნახოს, როგორი მამა ჰყავდაო. მე წინააღმდეგი ვიყავი, ვეუბნებოდი, - მიწას მივაბაროთ-მეთქი, მაგრამ ვერ დავარწმუნე. თვითონ ვერ ამოდის საფლავზე, რომ ნახოს, ჩვენი შვილი ახლა როგორია. ალბათ მაშინვე ინფარქტს მიიღებს, მე კი 18 წელია, ეს ჯვარი ზურგზე ამკიდა. უკვე მოვხუცდი, 64 წლის ვარ, ვერ ვახერხებ ყოველდღე ამოსვლას და ამასაც განვიცდი.

პირველი 4 წელი ბალზამით ვინახავდით, მერე დამესიზმრა, რომ სპირტით შემენახა ჯონი. მას შემდეგ საკუთარი მეთოდით ვუვლი ჩემს მკვდარ შვილს. 10 წლის განმავლობაში ყოველდღე აქ ვიყავი, დღეც და ღამეც, ყოველ კვირას ტანსაცმელს ვუცვლიდი. დაბადების დღეებს ვუხდიდით და ამ დღისთვის განსაკუთრებულ ტანსაცმელს ვაცმევდი. ახლა უკვე მიჭირს ამ ყველაფრის კეთება. მისი შვილი 20 წლისაა და ისიც ამოდის ხოლმე, არ აქვს მკვდრის შიში, პირიქით, ამაყობს, რომ ასეთი კარგი მამა ჰყავდა.

მინდოდა, შვილი თავის დროზე მიწისთვის მიმებარებინა, მაგრამ ახლა, როცა 18 წელი ასე ვუვლი, როგორ მივაბარო მიწას? არ მემეტება ჩემი ჯონი მიწისთვის, - მითხრა ქალბატონმა ციურიმ.

ის დღე ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ნანახითა და მოსმენილით შეძრულს შეკითხვა დამებადა, - რატომ იღებენ ადამიანები მსგავს გადაწყვეტილებებს? ამ კითხვაზე პასუხი რთული გასაცემია, თუმცა თავად შვილმკვდარმა დედებმა ჩემთან საუბარში აღნიშნეს, რომ როგორც მშობლებს, როგორც დედებს, აქვთ გამართლება, თუნდაც მათი გადაწყვეტილება მცდარი და მიუღებელი იყოს.

***

მამა ელიზბარ ოდიშვილი, დეკანოზი (ქვაშვეთის ეკლესია):

- ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და მიცვალებულს პატივი ისე უნდა მივაგოთ, როგორც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვასწავლეს. მოგეხსენებათ, ერთი სწავლება იქიდან მოდის, რომ როდესაც უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, დაასაფლავეს და საფლავს ლოდი მიადვეს - დაიფლა, აღდგა მესამესა დღესა და ამაღლდა ზეცად. ამ დაფვლამ, აღდგომამ და ამაღლებამ გვასწავლა უკვე, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა დასაფლავდეს მესამესა დღესა, საფლავი მოძღვრის მიერ უნდა იკურთხოს და ზედ ჯვარი აღიმართოს, სადაც იქნება წარწერა, რომ აქ განისვენებს მონა ან მხევალი ღვთისა. საფლავი ძალიან უბრალოდ უნდა გაკეთდეს. დაუშვებელია, როცა იგი ზემოდანაა გადახურული, მიწას ღვთის ნამი უნდა ხვდებოდეს - წვიმა, თოვლი. "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც". ადამიანის ნეშტს უნდა ვაცადოთ, რომ მიწად მიიქცეს, ამიტომ არ არის გამართლებული არც მისი დაწვა, არც "მავზოლეუმებში" შენახვა. ზოგი მიცვალებულს თაფლში, სპირტში ინახავს, რაც მიუღებელია.

- აღვნიშნოთ, თუ რა ზიანი ადგება მიცვალებულის სულს ასეთ შემთხვევაში.

- ასეთი ქმედებებით მიცვალებულის სულს ვტანჯავთ, ვაწვალებთ, არ ვაძლევთ ნებას, რომ მიწად მიიქცეს. სული უკვდავია, საზვერეები გაიარა, ზეცაში წავიდა და თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, მაგრამ როდესაც სული უყურებს, თუ რა მდგომარეობაშია მისი ნეშტი, მიწად არაა მიქცეული, წვალობს და ბობოქრობს. სპირტსა და თაფლში შენახვით არავინ ცხონდების. ყველა ადამიანი, გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიური წესით უნდა დასაფლავდეს. როგორც ნათლობა ან ჯვრისწერაა, ისევეა გარდაცვალება ერთ-ერთი საიდუმლო, რომლისთვისაც ყველა ადამიანი უნდა ემზადებოდეს. პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემიც კი იმას გვასწავლიდა, ჩემი ტანსაცმელი აქ ჰკიდია სუფთად და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, ესენი ჩამაცვითო. იმასაც ამბობდა, ნეტავ, მუხის სასახლეში არ ჩამასვენონ, რომ მიწამ მალე მიმიღოსო, ის კი არა, რომ მიწამ შემინახოსო. ამიტომ, მინდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ეკლესიური წესის მიხედვით გააკეთონ. თუ თავიანთ მიცვალებულს პატივს სცემენ, არ არის საჭირო დიდი სუფრების გაშლა, ბევრი ადამიანის მოწვევა, მისი 10-15 დღით შენახვა და ა.შ. რა დღეც უნდა იყოს, მესამე დღეს უნდა დასაფლავდეს. ეს ქართველებს გვაქვს წესად, რომ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს არ ვასაფლავებთ, თორემ ქრისტიანულად ესეც შესაძლებელია, თუ მესამე დღე უწევს. მთავარი წესის აგება და ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარებაა, ოჯახის წევრები უნდა ეზიარონ, რომ მოინანიონ, სინანულში ჩაცვივდნენ. როდესაც მარხვის პერიოდია, ქელეხში სამარხვო სუფრა უნდა იყოს. მიცვალებულს ბევრი ტანსაცმელი არ უნდა გაატანონ. თუ ავადმყოფი იყო, სამოსს წვავენ, მაგრამ თუ ჯანსაღი იყო, ყველამ უნდა გაინაწილოს, უფრო მადლია, ვიდრე მიწაში ჩაყოლება.

- რამდენად დიდი ცოდვაა თვითონ იმ ადამიანებისთვის მიცვალებულის ასე წვალება?

- რა თქმა უნდა, ცოდვაა, არ უნდა გაჯიუტდეს ადამიანი და არ უნდა იძახოს, არ დავასაფლავებო. სტალინსა და ლენინზე ამბობდნენ ხოლმე, იმდენი ცოდვა ჩაიდინეს, მიწა არ იღებსო. არ მესმის, რატომ უნდა მაგალითად, დედას, რომ თავისი შვილი მიწამ არ მიიღოს? რა ცოდვა ჩაიდინა იმ ბავშვმა ასეთი, რომ ასე ვაწვალოთ? ბუნების კანონი ირღვევა. აღსანიშნავია, რომ მიცვალებულს ბალზამირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუტარონ, არც სპეციალურ მაცივრიან სასახლეში შეინახონ. სამ დღემდე ნეშტი ჩვეულებრივად ინახება.

იხ. სიუჟეტი palitratv-ზე: სოფელ ბაშში დედა 18 წლის წინ გარდაცვლილი შვილის მუმიას უვლის

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.