სკოლა - წიგნის კარადა: კრეატიული პროექტი ზუგდიდში - კვირის პალიტრა

სკოლა - წიგნის კარადა: კრეატიული პროექტი ზუგდიდში

რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელი მოიარა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა ზუგდიდში აშენებული, ორიგინალური სკოლის დიზაინმა. მას წლის არქიტექტურაც კი უწოდეს... სკოლის შენობის გარე ფასადი, ერთი შეხედვით წიგნის კარადს მოგაგონებთ... სასწავლო დაწესებულების ასეთი დიზაინი საქართველოში აქამდე არ ყოფილა. როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი ჯამბულ ნაჭყებია აცხადებს, მათ სკოლას სრული ანალოგი არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ აქვს... ახლადგახსნილი სკოლა გარედან წიგნებით სავსე თაროს ჰგავს. მსგავსი დიზაინის შენობა ამერიკაში, მისურის შტატში, არკანზასსში დგას და მასში ცენტრალური ბბილიოთეკაა განთავსებული....

როგორ და ვის გაუჩნდა კრეატიული იდეა და ვის ეკუთვნის სკოლის შენობის ორიგინალური დიზაინი, ამის შესახებ სკოლის დირექტორი გვესაუბრა...

- ეს არის ყოფილი მე-7-ე სკოლის შენობა, რომელიც გაუქმებული და ფაქტობრივად, გაპარტახებული შენობა იყო. შემდეგ, ეს იდეა, შენობის ასეთი გარე ფასადის დაკვეთა ბიზნესმენ ჯიმშერ ღურწკაიას გაუჩნდა, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს და აკადემიურ სფეროში მოღვაწეობს. ის წარმოშობით ზუგდიდელია... მის განხორციელებაზე ორი წელი ვმუშაობდით.

- კონკრეტულად ვინ განახორციელა ეს იდეა?

- დამკვეთმა მისი შესრულება უცხოელ მხატვარს, რუსეთის მოქალაქეს გარიკ სარგისიანს სთხოვა. რამდენადაც ვიცი, მსოფლიოში ასეთი სკოლის შენობის ანალოგი არ არსებობს. თუმცა, არკანზასის ბიბლიოთეკა, რომელსაც ჩვენი სკოლა ბევრმა მიამსგავსა, არის თაროზე ერთმანეთზე მიჯრით დალაგებული წიგნების ფორმის, ჩვენი დიზაინი კი, განსხვავებულია - წიგნები სხვადასხვანაირად "დევს" და კონსტრუქციული ელემენტებიც განსხვავებულია.

- რატომ გადაწყვიტა დამკვეთმა ასეთ დიზაინზე არჩევანის შეჩერება?

- ამ ყველაფერს წინ უძღოდა მსჯელობა, რომ ასეთი ტიპის სასწავლო დაწესებულება წიგნიერებას შეუწყობდა ხელს. წიგნიერების დონის მიხედვით, საქართველოში საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია, რაც შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამ შენობის აშენების შემდეგ, ყველა მოზარდი და ახალგაზრდა ხელში წიგნს აიღებს, მაგრამ მის მიმართ ინტერესი ცოტათი მაინც რომ გაიზარდოს, ეს უკვე კარგია. გვინდოდა თავიდანვე შეგვექმნა ბავშვებისთვის მოტივაცია, რათა მათთვის წიგნი უცხო არ ყოფილიყო... ამიტომ მოვინდომეთ, რომ საერთაშორისო დონის სკოლა აგვეშენებინა. მას შემდეგ, რაც დიზაინზე შევთანხმდით, წიგნის ფორმატები და ავტორების შერჩევაც დავიწყეთ.

- ფოტოდან ჩანს, რომ მხოლოდ ქართველი კლასიკოსების სახელი და გვარი არ არის შენობის გარე ფასადზე გამოხატული...

- დიახ, ჩვენი "ფეისბუქის" გვერდზე კონკურსიც გვქონდა გამოცხადებული, სადაც ყველას ჰქონდა საშუალება, თავისი იდეა მოეწოდებინა, თუ რომელი ავტორის სახელსა და გვარს ისურვებდა შენობის კედლებზე... ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. "კედლებად" ჩვენ ძირითადად ქართველი კლასიკოსების სახელები და გვარები გამოვიყენეთ, თუმცა გვყავს უცხოელებიც - ლაო ძი, შტეფან ცვაიგი. აქ არის, არა მხოლოდ მწერლები, არამედ, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. ამავდროულად, ვეცადეთ, მსოფლიო კლასიკოსების სახელები და გვარები აღგვებეჭდა ჩვენი სკოლის კედლებზე.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)