"უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..." - დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება - კვირის პალიტრა

"უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..." - დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება

"ვიცი, რომ თურქეთში მიჰყავთ და ამუშავებენ ხოლმე იქ გოგოებს, მაგრამ ჩემი შვილი მაგისთვის არ გამოდგებოდა... მთავარია, ცოცხალი იყოს, მაგრამ უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. იცით რა, უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ... ის მაინც ვიცოდე, რომ აღარ არის. მალე 40 დღე გავა და არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, როგორაა, მალე ჭკუიდან შევიშლები ალბათ... ის ბედნიერებაც არ მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს, მივიდე და ვიტირო," - ამბობს ერთი თვის წინ აჭარაში გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა, ლამზირა მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალშენიდან გოგონა 7 აგვისტოს დილით გაუჩინარდა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეუძლიათ.

ლამზირა მახარაძე:

- 33 დღე გავიდა უკვე და ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო გამოძიებამ. ეძებენ, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოდის. თანდათან იმედს ვკარგავ.. ხომ არ გაქრა და მიწამ ჩაყლაპა? თუ ეძებენ, აქამდე რატომ ვერაფერს მიაკვლიეს? არავის არ ვუსურვებდი ჩემს დღეში ყოფნას...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში თქვენი შვილის აქტივობა დაფიქსირდა...

- ჩემ დისშვილს "ოდნოკლასნიკში" სტატუსი ეწერა - "დარო, მომენატრე"-ო. 2 სექტემბერს ღამით უსახელო პროფილმა პირადში მიწერა - "მეც, ხატი. უშენობა ძნელია. ახლო ხანში ჩამოვალ. მიყვარხართ ყველა"-ო. შემდეგ ჩემმა დისშვილმაც და სხვა გოგოებმაც მეგობრობის თხოვნა გაუგზავნეს, მაგრამ არავინ არ დაიმეგობრა. ხატიამ პირადში მიწერა, მაგრამ პასუხს არ სწერდა. ეს რომ არ მოეშვა, იმან გაბრაზებით დაუწერა - "რა გინდა, რაა"-ო.

ამ სიტყვებს ჩემი შვილი ძალიან ხშირად ხმარობდა და ამიტომ, ეჭვი გამიჩნდა, რომ ის შესაძლოა დარეჯანი ყოფილიყო.

ეს ინფორმაცია ახალშენის პოლიციას მივაწოდეთ და იმათ თბილისს გადასცეს. გვითხრეს, დავადგენთ, სად და რომელი კომპიუტერიდან მიწერესო, მაგრამ 6 დღე გავიდა და ჯერ არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

- დარეჯანზეც რომ გვესაუბროთ. როგორი ბავშვია, რა გეგმები აქვს?

- ძალიან ჭკვიანი და დამოუკიდებელი ბავშვია. 6 წელი სტამბოლში ვმუშაობ. 5 თვე გასულა რომ სახლში არ ჩამოვსულვარ და დარეჯანი უძღვებოდა ოჯახს. ყველაფერს ასწრებდა. დამჯერი ბავშვი იყო. მამას და ბებიას რომ მიეცა უფლება, მე მაინც მეკითხებოდა და ჩემს დაუკითხავად არსად არ მიდიოდა. ყოველთვის ვიცოდი, ჩემი შვილი სად იყო.

- მისი დაქალები და მეგობრები რას ამბობენ?

- არავინ არაფერი არ იცის. შეიძლება იციან და არ ამბობენ ან მართლა არ იციან. ჩემ შვილში ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს არ მიმალავდა. ჩემს დისშვილებთან ერთად იზრდებოდა, სულ ერთად იყვნენ და მათაც არაფერი არ იციან, არანაირი საიდუმლო არ ქონიათ ისეთი, რომელიც რამე ეჭვს გაგვიჩენს. დარწმუნებული ვარ, დარეჯანი წინასწარი დაგეგმვით არ წასულა ოჯახიდან.

- თაყვანისმცემლები თუ ჰყავდა? ამ კუთხით თუ მოხდა ძიება?

- კი, ჰყოლია. თუკი ვინმეს მისთვის ტელეფონით მიუწერია, ყველა დაკითხულია, მაგრამ არავინ არაფერი არ იცის.

გაუჩინარების წინა დღეს, მთელი ღამე შეყვარებულთან მესიჯობდა. დილით ადრე ადგა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, წამოვიდა და გაქრა...

- რამე ვერსია ან ეჭვი თუ გაქვთ?

- არანაირი ეჭვი არ მაქვს. რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ფული მე არ მაქვს და არც არავის ვალი. ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება გაეკეთებინა ეს?! ვის რაში სჭირდებოდა ეს, არ ვიცი, რატომ გამიმწარეს სიცოცხლე...

- ბიცოლის სახლიდან თქვენ სახლამდე მომავალი გზა დასახლებულია? შესაძლებელია, გზა ისე გამოევლო, რომ ვერავის დაენახა?

- შეუძლებელია. დაახლოებით 150 ოჯახი ცხოვრობს იმ გზაზე. შეუძლებელია, ვინმეს რამე არ დაენახა. ვფიქრობ, რომ ხალხს ეშინია და არ ამბობს. ისეთი დასახლებაა, დარწმუნებული ვარ, ვიღაცა აუცილებლად დაინახავდა. მით უფრო, მანქანით რომ წაეყვანათ, ძალიან ბევრი შენიშნავდა.

- იქ მაცხოვრებლები დაკითხა გამოძიებამ?

- არა. გამომძიებელმა მითხრა, უფლება არ მაქვს, მთელი სოფელი დავიბარო და დავკითხოო და ვინმეზე ეჭვი თუ გაქვს, მითხარი, მივალ და დავკითხავო. ვალერიან თელია რომ იყო ადგილზე მისული პოლიციასთან ერთად, სოფელში ხალხს ჰკითხა, ვინმეს რამე ხომ არ დარგინახავთო და ყველამ თქვა, არაო. გამოდის, რომ მიწა გასკდა და ბავშვი შიგნით ჩავიდა?!

- თურქეთში თუ ეძებენ? ხომ არ ვარაუდობს გამოძიება, რომ შესაძლოა თურქეთში გადასულიყო ან გადაეყვანათ?

- ვიცი, რომ თურქეთში მიჰყავთ და ამუშავებენ ხოლმე იქ გოგოებს, მაგრამ ჩემი შვილი მაგისთვის არ გამოდგებოდა... მთავარია ცოცხალი იყოს, მაგრამ უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. იცით რა, უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ... ის მაინც ვიცოდე, რომ აღარ არის. მალე 40 დღე გავა და არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, როგორაა, მალე ჭკუიდან შევიშლები ალბათ... ის ბედნიერებაც არ მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს, მივიდე და ვიტირო"

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)