ბუბა კიკაბიძე - "ალბათ, ქართველი არ ვარ..." - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე - "ალბათ, ქართველი არ ვარ..."

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ბუბა კიკაბიძემ კრემლიდან მოწვევა მიიღო... სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ მწვავე კომენტარები გამოიწვია. ბევრმა მათგანმა ჩათვალა რომ მომღერალი მოწვევას უკვე დათანხმდა და აგრესიულად განწყობილი საზოგადოების ნაწილისთვის მომღერალი კიდევ ერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი. თუ რას აპირებს ბუბა კიკაბიძე, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- დიახ ნამდვილად მოვიდა კრემლიდან მოწვევა. წერია, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, დიდი გალა-კონცერტი იმართება, სადაც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობასო... მე უარი ვუთხარი.

- უარი რატომ უთხარით, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?

- რატომ ვუთხარი და ეგეთი სულელი ვარ და იმიტომ! არ იცით, რატომაც ვეტყოდი უარს?!

- ვხვდებით, მაგრამ დაკონკრეტებაც იმიტომ გთხოვეთ...

- არ მომწონს მე ეს ყველაფერი და იმიტომ ვამბობ უარს. თუ გაიყვანენ ტანკებს და დააბრუნებენ ტერიტორიებს, მერე რატომ არ ჩავალ. მერე ყველგან ჩავალ... მე სათამაშოდ კი არ ვამბობ სიტყვებს.

- კრემლის დარბაზში მოწინავე ქართულმა ანსამბლებმა გამართეს კონცერტი იმ იმედით, იქნებ ორ ქვეყანას შორის არსებული ყინული გავალღვოთო...

- მე არ მივდივარ, ალბათ ქართველი არ ვარ და იმიტომ.

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი, სოსო აბზიანიძე:

- დიახ მოვიდა მოწვევა. ეს პირველი ზარი და თხოვნა არ არის მოსკოვიდან. ჩემს გვერდით რომ დაჯდეთ ახლაც ორი საათით, ნახავთ, 7 ზარი მოვა მოსკოვიდან. მარტო მოსკოვიდან კი არა, ვეღარ ავუდივარ იმდენი ზარი მოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

- როგორც ვიცით, ბატონი ბუბა წლებია უარს ამბობს მოსკოვში ჩასვლაზე...

- როგორც კი ომი დაიწყო, იმ დღიდან. ბუბას ორდენი გადასცეს "დრუჟბა ნაროდოვ", მაგრამ ბუბა ამ ორდენს აიღებდა, იმ დროს, როდესაც საქართველოს ბომბავდნენ? რუსი ხალხის საწინააღმდეგო ბუბას არაფერი აქვს, მას რუსული პოლიტიკის მიმართ აქვს უარყოფითი განწყობა. რუსეთი ცუდად გვექცევა, ნახევარი საქართველო დაპყრობილია და ამაზე აქვს პროტესტი, ვერაფრით ეგუება, რაც მოხდა. ამბობს, იმ ქვეყანას, რომელმაც საქართველო დაიპყრო და დაჩაგრა, როგორ შემიძლია, ჩავიდე და ვუმღეროო.

- დღეს მოსკოვში ბევრი ცნობილი ქართველი მომღერალია, მოწინავე ანსამბლებმაც მოწვევაზე უარი არ თქვეს და სწამთ, რომ ხელოვნება უფრო მეტს გააკეთებს...

- ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მათი საქმეა, ჩვენ არ ვერევით. მათ ისე ესმით, ბუბას თავისებურად ესმის. მე ბუბას ვეთანხმები ყველაფერში. არანაირი უფლება არ მაქვს ან "ერისიონზე" ვილაპარაკო, ან სხვა ხელოვანებზე, რაც უნდათ ის აკეთონ, ეს მათი პრივილეგიაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციას, რომელიც თავიდანვე დააფიქსირა ბუბამ!.. ძალიან ხშირად გვაქვს კონცერტები უკრაინასა თუ ყაზახეთში და რუს ცნობილ მომღერლებს ვხვდებით. ნეტავ განახათ, ბუბას გულში როგორ იკრავენ და ეხვეწებიან, მოსკოვში ჩამოდიო. ახლაც, ყაზახეთში, ხაზანოვი ერთ საათი ეფერებოდა ბუბას, როგორ ენატრება მოსკოვს შენი ნახვაო. ასე ყველაგან სადაც არ ვართ, ხალხი მორბის და ყველას სურს ბუბასთან ან სურათი გადაიღოს, ან მისგან სამახსოვრო ავტოგრაფი მიიღოს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE