"რელიგიაში უდიდესი ნაწილი მითოლოგიურია და ჩვენ ვყალიბდებით ერად, რომელსაც მითები რეალობად მიაჩნია." - კვირის პალიტრა

"რელიგიაში უდიდესი ნაწილი მითოლოგიურია და ჩვენ ვყალიბდებით ერად, რომელსაც მითები რეალობად მიაჩნია."

გასულ კვირაში სატელევიზიო რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოჩვენება ხალხს სცემს, ფარდებს უწვავს და ძარცვავს. ეს სიუჟეტი სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგნად იქცა. ასევე ითქვა, რომ ბათუმის ოპერაშიც დაცვის მუშაკებს წარა-მარა ცვლიან, რადგან მათ ღამით მოჩვენება აშინებთ... ამ ყველაფერში სახუმაროს ვერაფერს ხედავს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე: - მეტი საშიში რაღა უნდა იყოს, როცა 21-ე საუკუნეში მოსახლეობას ავი სულების და მოჩვენებების ეშინია?! როცა ინდივიდუალური შემთხვევებია, მაშინ შეიძლება მკურნალობა, მაგრამ როცა ასე მასიურად ხდება, რაღა დროს მკურნალობაა. ახლა მხოლოდ განათლება, განათლება და განათლება!... - აცხადებს იგი.

- 70 წელს მივუკაკუნებ და მსგავსი არაფერი მახსოვს. ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი შეიძლება აყვეს ფეხის ხმას. თუ აყვა, მოჩვენებებსაც შეამჩნევს, დაინახავს და დაიჯერებს კიდეც.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ დღემდე მსგავსი რამ არ გახსოვთ. რატომ შეიპყრო მოსახლეობა შიშებმა მასიურად, როგორ ფიქრობთ, ეს რისი შედეგია? გამუდმებით სტრესში ყოფნის ხომ არა?

- სწორი მიხვედრაა... ემოციური ფონი არახელსაყრელია. ამავე დროს განათლების დონეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როცა ადამიანისთვის დასაშვებია მოჩვენებების და სულების დანახვა, ის დაინახავს კიდეც მათ კრიტიკულ მომენტში. ის კი, ადამიანს ჯერა თუ არა მოჩვენებების, ჭინკებისა და ავი სულების, სწორედ განათლების დონეზეა დამოკიდებული... მე უაღრესად დიდ პატივს ვცემ იმ საეკლესიო რეალობას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ასე შეერწყა. დიდ პატივს ვცემ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, იმიტომ რომ ყველა რელიგია და მათ შორის, მართლმადიდებლობაც, უპირველეს ყოვლისა, ზნეობრიობს მატარებელია... თუმცა, თუ რელიგიას იღებს ადამიანი არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ შეეცნებითი თვალსაზრისითაც, ის, რა თქმა უნდა უკვე რეალობის შეგრძნებას კარგავს და თანამედროვე სამყაროსთან შეჯახებისას არაადეკვატური ხდება. ზღვარი დავკარგეთ, ვამჯობინეთ რელიგიის მთლიანად მიღება  და არა მისი გათანამედროვეობა. რელიგიაში უდიდესი ნაწილი მითოლოგიურია და ჩვენ ვყალიბდებით ერად, რომელსაც მითები რეალობად მიაჩნია. ამის მერე მოჩვენებების დანახვა ბუნებრივია, მერე კიდევ ბევრი რამის შეეშინდებათ.

- არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საშიში?

- მეტი საშიში რაღა უნდა იყოს, როცა 21-ე საუკუნეში მოსახლეობას ავი სულების და მოჩვენებების ეშინია?! როცა ინდივიდუალური შემთხვევებია, მაშინ შეიძლება მკურნალობა, მაგრამ როცა ასე მასიურად ხდება, რაღა დროს მკურნალობაა. ახლა მხოლოდ განათლება, განათლება და განათლება!... საგანმანათლებლო თვალსაზრისით ერთ-ერთ დიდ როლს ტელევიზია ასრულებს. ჩართეთ რუსული არხები და ნახეთ, რამდენი საგანმანათლებლო რამ გადის. დასავლეთიც ბევრს ზრუნავს იმაზე, რომ დიდი ცოდნა, მათ შორის რელიგიურ თემებზეც, მიაწოდონ მოსახლეობას. ჩვენთან ტელევიზიებით მხოლოდ პოლიტიკა და გართობაა. დიდი ბოდიში თქვენთან, თქვენ რა შუაში ხართ, მაგრამ ჟურნალისტებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის გაუნათლებლობაზე... საზოგადოებრივი მედია როგორიც არის, ისეთივეა საზოგადოებაც. ჩვენ არც სკოლაში გვივარგა ცოდნის მიღება. ვნახეთ მასწავლებლების ტესტირებამ თუ რა სურათი შექმნა. მოწაფეებზე უარესი ცოდნა აქვთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)