დეფი: "სააკაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენა სწორი იყო, პუტინის - არასწორი " - კვირის პალიტრა

დეფი: "სააკაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენა სწორი იყო, პუტინის - არასწორი "

ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ მხარდამჭერს, პოეტ დავით-დეფი გოგიბედაშვილს ვთხოვეთ:

- ვლადიმერ პუტინი წარადგინეს ნობელის პრემიაზე, როგორ ფიქრობთ რა მიზანს ემსახურება ეს?

- წარმოდგენა არ მაქვს, რაღაც თავხედური მეტიჩრობა უფრო მგონია.

- რამდენად რეალური შანსი აქვს მას პრემიის მიღების?

-  ჩემი აზრით, თუ მას ნობელის პრემია მართლაც გადაეცა, მე ვფიქრობ, დღევანდელი სამყაროსთვის სამარცხვინო იქნება. ჩეჩნეთის და ბესლანის ტრაგედიებისა და გნებავთ, საქართველოს ოკუპირების ან საერთოდ 2008 წლის ომის შემდეგ და თვითონ რუსეთში ადამიანის უფლებების არსებული მდგომარეობის მიხედვით, მას მშვიდობის დარგში არანაირი პრემია არ ეკუთვნის. არა მგონია, შვედეთში ამას ვინმე სერიოზულად განიხილავდეს.

- თუ მიხეილ გორბაჩოვს მისცეს ეს პრემია, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, პუტინმაც მიიღოს?

- გორბაჩოვს ეს ჯილდო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისთვის გადაეცა, მე ვფიქრობ, ეს პრემია რეიგანს და თეტჩერს უფრო ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის, ვიდრე გორბაჩოვს.

- სააკაშვილიც იყო წარდგენილი ნობელზე, რამდენად სწორი იყო მისი წარდგენა?

- მიშა და იუშენკო მაკქეინმა წარადგინა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ვფიქრობ, სწორი იყო მათი წარდგენა. ვარდების რევოლუცია მართლაც მშვიდობიანი, დიდი და ისტორიული მოვლენაა, მაგრამ როგორც გითხარით, წარდგენა არაფერს ნიშნავს პრემიის ჟიურის კომიტეტისთვის, მათ თავიანთი მოსაზრება აქვთ ყველა ამ საკითხზე.

- დეფი, თქვენ, როგორც წარმატებულ პოეტს და მწერალს, გაქვთ პრეტენზია ნობელის პრემიაზე?

- მადლობა კეთილი სიტყვებისთვის. ვფიქრობ, წარმატება მეტად ფარდობითი რამაა და ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ოდესმე მე ნობელის პრემია გადმომცენ. მომცემენ პრემიას, სიამოვნებით მივიღებ. აქ კი, საქართველოში, არც ერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი არ ვარ. ნომინირებულიც კი არასდროს ვყოფილვარ. მე ჩემ გზაზე ვდგავარ და აქვე გეტყვით, იმ ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველა ქართული ლიტერატურული პრემია ლოკალური მნიშვნელობის მგონია. არ მიიღოთ ეს არანაირ პოზად. პრობლემას ვერ ვხედავ: თუ ოდესმე მომცემენ რაიმე ქართულ პრემიას - მივიღებ, მაგრამ ვფიქრობ, ქართულ პრემიებს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე ქართული პრემიები მჭირდება მე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)