"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილის მკვლელს სტუდენტობის უფლებას მისცემდნენ" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილის მკვლელს სტუდენტობის უფლებას მისცემდნენ" (ექსკლუზივი)

ნორვეგიელი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ბრეივიკი პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას დაუსწრებლად გააგრძელებს. გამომდინარე იქედან, რომ ბრეივიკს 21 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, ახლადგამომცხვარ სტუდენტი დისტანციურად ისწავლის და მას პედაგოგებთან პირდაპირი კავშირი არ ექნება. კუნძულ უტოიაზე ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტს 77 ახალგაზრდის, მათ შორის ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ამ თემაზე კომენტარი თამთას დედას, ლეილა ლიპარტელიანს ვთხოვეთ:

- რომ ითხოვდა ჩარიცხვას, ეგ ვიცოდი, მაგრამ მართლა თუ მისცემდნენ ამის უფლებას, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ზოგადად მე ბრეივიკზე აღარც ვსაუბრობ, მე უკვე პრეტენზიები მაქვს, ნორვეგიის მთავრობაზე, სამართალდამცავებზე, პროკურატურაზე, რადგან როგორც ჩანს, იქ არსებობს მხოლოდ კანონი და არ არსებობს სამართლიანობა. ჩემ შვილს აღარაფერი ეშველება და ეგ ბრეივიკი, სტუდენტად კი არა, ისემც უქნიათ, გარეთ გამოუშვიათ ხალხის დასაწყვეტად. ათობით ადამიანის მკვლელს კიდევ რომ ამის უფლებას აძლევენ, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს და როგორი სამართალია.

-როგორ ფიქრობთ, ნორვეგიელმა საზოგადოებამ ეს არ უნდა გააპროტესტოს?

-ბუნებრივია, უნდა გააპროტესტონ, მაგრამ ეგენი, ალბათ, ერთნაირი მენტალიტეტის არიან. არა მგონია, იქ ვინმე რამეს აპროტესტებდეს. შვილმკვდარი მშობლებიც კი არაფერზე არ იღებენ ხმას. ისინი უკვე შეეჩვივნენ ყველაფერს.

- როგორ ფიქრობთ, ნორვეგიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ბრეივიკს მისცეს სწავლის უფლება, ერთგვარად ხომ არ წაახალისებს მის მომხრეებს?

- რა თქმა უნდა. იმათაც წაახალისებს, ვინც ფარულად უჭერს მხარს და იმათაც, ვინც აშკარა ტერორისტია, რადგან ამ ფაქტამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იქ სასჯელი არ არსებობს. ახლა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თუ იქ ასეთ რამეს გააკეთებენ, არავინ დასჯის და პირიქით, საქართველოსთან შედარებით, ფუფუნებაში იქნებიან ციხეში (მოგეხსენებათ, რა პირობები აქვს საპატიმროში ბრეივიკს, ფაქტობრივად სანატორიუმშია).

-თქვენი აზრით რატომ მოითხოვა ბრეივიკმა სწავლა? ეს ნაბიჯი ისევ და ისევ საზოგადოების გასაღიზიანებლად ხომ არ გადადგა?

-სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და სანამ მიუსჯიდნენ იმ სასაცილო სასჯელს, გამოდიოდნენ სტუდენტები და მღეროდნენ იმ სიმღერას, რომელიც ბრეივიკს სძულდა. ახლა ეტყობა, სამაგიეროს უხდის ხალხს.  ვერ ვხვდები, ასეთმა პირუტყვმა რაში უნდა გამოიყენოს ნასწავლი, თუ ისევ ბოროტებაში არა. არადა, ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ის არასოდეს გამოვიდოდა ციხიდან. ერთ-ერთმა მინისტრმა დაიბარა ჩემი მეუღლე და პირადად უთხრა ეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)