SOS - სკოლის ფეხმძიმე მოსწავლეები!!! - კვირის პალიტრა

SOS - სკოლის ფეხმძიმე მოსწავლეები!!!

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 15-19 წლის ასაკის 16 მილიონი გოგონა აჩენს ბავშვს. ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემატურია საქართველოსთვის, რადგან ამ ასაკის ყოველი 1000 გოგონადან საშუალოდ, 39 მშობიარობს, რეგიონებში (უფრო მეტად - კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში) ასაკობრივი ზღვარი კიდევ უფრო დაბალია (განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში), მაგრამ მათი ოფიციალური აღრიცხვა ვერ ხდება. სპეციალისტები ნაადრევ ქორწინებას უარყოფითად აფასებენ, რადგან ვიცით, რომ გარკვეულ ასაკამდე, მოზარდი ფიზიკურ და გონებრივ ზრდა-განვითარებას აგრძელებს და ნაადრევი ორსულობა გოგონების ჯანმრთელობისათვის არასასურველია.

თეკლა ჭანტურია, 16 წლის:

- 10 წლის ვიყავი, როცა დათუნა გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და მალევე შეყვარებულებიც გავხდით. მართალია, ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. დაქორწინებას არ ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებისკენ გვიბიძგა: ორსულად ვიყავი და ეს ამბავი გვიან გავიგე. როცა ამის შესახებ შეყვარებულს ვუთხარი, მიპასუხა, - ჩემი ცოლი უნდა გახდეო. 14 წლის ვიყავი და გათხოვებაზე არც ვფიქრობდი. მეგონა, საოჯახო საქმეებს ვერასდროს გავაკეთებდი, რადგან ელემენტარულად, მანამდე საჭმელიც არასდროს მომიმზადებია. მას შემდეგ, რაც გავთხოვდი, ვზრუნავ საკუთარ თავზე, ქმარზე, შვილზე. თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, ბავშვიც ბუნებრივ კვებაზე მყავდა, მთელი ღამე ჭიჭყინებდა და დილით ადრე ადგომა მიწევდა. მოკლედ, სკოლაში გათიშული მივდიოდი. ჰოდა, ერთხელ გაკვეთილებზე (მაშინ მეათე კლასში ვიყავი) ჩამეძინა კიდეც. ზოგი მასწავლებელი ამას არ იმჩნევდა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც ამის გამო პრეტენზიას გამოთქვამს.

- ხომ არ ნანობ, ნაადრევად რომ გათხოვდი?

- არაფერს ვნანობ. დრო უკან რომ დაბრუნდეს, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. თუმცა, გამოგიტყდებით, ოჯახური ცხოვრება იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მიხარია, რომ ამდენი სირთულის გადალახვა შევძელი. ამ ერთ წელიწადში იმდენი რამ ვისწავლე, რომ საკუთარი თავის ძალიან მიკვირს. ვისწავლე ბავშვის და ქმრის მოვლა, საკუთარ თავზე ზრუნვა, შევძელი სახლის მოწესრიგება და საჭმლის მომზადება.

- რა არის ასეთ ასაკში ოჯახის შექმნის ყველაზე დიდი პლუსი და მინუსი?

- ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ მყავს შვილი, მინუსი კი - თავისუფლების დაკარგვაა. ზედმეტად თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ახლა ასეთი აღარ ვარ. სხვათა შორის, ეს ამბავი აღარ მაწუხებს. ქმართან ერთად, ქუჩაში 24 საათის განმავლობაში, დიდი სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ ამაში ბავშვი მიშლის ხელს. ვფიქრობ, ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა ნახო და გამოსცადო. უნდა იცოდე რა არის გართობა, სიხარული, მეგობრისგან თუ შეყვარებულისგან მიყენებული ტკივილიც და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გათხოვდე. ჩემთვის ოჯახის შექმნა ნამდვილად, ნაადრევი იყო, მაგრამ არაფერს ვნანობ იმიტომ, რომ დღეს ბედნიერი ვარ.

ნანიკო, 24 წლის:

- სოფელში ვცხოვრობ. ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ ბიჭებისკენ არც ვიხედებოდი. სამაგიეროდ, ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ვინმეს შევეცდინე, მოვეტყუებინე და სადმე სოფელში გავთხოვილიყავი. არ უნდოდათ, სიღარიბეში მეცხოვრა და ამიტომაც, 15 წლის ასაკში, თბილისში გამათხოვეს. ჩემი მომავალი მეუღლე ჩემზე 10 წლით უფროსი, დასაქმებული და შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ. ჰოდა, როცა მაჭანკალი კარს მოგვადგა, იფიქრეს, რომ ასეთი კარგი ვარიანტი აღარ გამომიჩნდებოდა და უცხო ადამიანს ისე ჩააბარეს ჩემი თავი, რომ მე არაფერი მკითხეს... სათამაშოებზე, თოჯინებზე გადარეული ბავშვი ვიყავი. "ბარბები" ისე მიზიდავდა, რომ ამის გამო, სწავლისთვისაც ვერ ვიცლიდი. ჰოდა, გათხოვების შემდეგ აღარ ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა მეცხოვრა. რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ქმარსაც გავუშინაურდი და მისი ოჯახის წევრებსაც, ისევ "ბარბებით" თამაშმა გამიტაცა. სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ქმარზე არ ვფიქრობდი, მასთან დაწოლას, თოჯინებთან ერთად დაძინება მერჩივნა. ჰოდა, ამის გამო, გათხოვებიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ქმარმა განქორწინება მომთხოვა... ახლა ვფიქრობ, რომ მშობლებმა მომავალი დამინგრიეს და თავს უბედურ ადამიანად მივიჩნევ, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამაში დედ-მამას ვადანაშაულებ. გათხოვების შემდეგ, ცხადია, სკოლაშიც აღარ მივლია და ახლა პროფესიაც არ მაქვს, რომ ვიმუშაო, რაღაცით დავკავდე. რა ვქნა, უკვე გავიზარდე, დიდი გოგო ვარ და თოჯინებით თამაში აღარ მაკმაყოფილებს...

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.