რამაზ იოსელიანი "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა" - კვირის პალიტრა

რამაზ იოსელიანი "გურამ ოდიშარია უნიათო და არარაობაა"

"საოცნებო კულტურის მინისტრო, გამოდი ბუჩქებიდან და დაელაპარაკე ხალხს... მაინც გიპოვით!.. და მერე დაგვაბეზღე მამამარჩენალთან... "- ამ სიტყვებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ცნობილი მსახიობი – რამაზ იოსელიანი წერს. თუ რამ გააბრაზა ასე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრა...

- მსურდა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა, რადგან წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი აღნიშნულ თეატრში და მოგეხსენებათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა თეატრიდან გამომიშვეს. არადა, წლების განმავლობაში ყველაფერი სწორედ ამ თეატრს შევწირე... მრჩეველთა საბჭომ ყოვლად უსამართლოდ გადაწყვიტა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ ვყოფილიყავი... ამ მრჩეველთა საბჭოში თეატრალური უნივერსიტეტის პრორექტორი, ვასო კიკნაძე გახლდათ ყველაფრის გადამწყვეტი. რაც ვასო კიკნაძეს თეატრალურ უნივესიტეტში ცოდვები აქვს ჩადენილი, ღმერთმა შეუნდოს... როდესაც მას ვკითხე, თუ რატომ არ მომცა ხმა, მიპასუხა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ რეჟისორი არ ხარო. შე კაცო, მართალია დიპლომით არ ვარ რეჟისორი, მაგრამ გორის თეატრში დადგმული მაქვს 18-მდე სპექტაკლი, სხვადასხვა ქალაქებში სპექტაკლები, საბავშვო ფილმები, ერთი ვიდეოფილმი... ეს არ არის საკმარისი და დიპლომი წყვეტს ყველაფერს?! არ ვედრები, მაგრამ ჩარლი ჩაპლინს არ ჰქონდა დიპლომი და ჩარლი ჩაპლინი იყო. რაც ყველაზე უარესია, სხვა თეატრებში დანიშნეს სამხატვრო ხელმძღვანელებად მსახიობები და მხოლოდ მე გამომარჩიეს.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენ რა მიზეზით გამოგიშვათ თეატრიდან?

- იმიტომ, რომ მე ვარ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და მიშა ქარელის შორეული ნათესავი... მერე მოვიდა გურამ ოდიშარია კინომსახიობთა თეატრში, განაცხადა, სამართლიანობა უნდა აღვადგინოთო და ეს არის!? ორი თვეა, ვრეკავ დ ვერ ვხვდები გურამ ოდიშარიას. ორი თვეა რეკავს გორის თეატრის მსახიობების დასი, ეხვეწება და მათ ემალება ვაჟბატონი ოდიშარია. ის ადამიანი, ვინც სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნეს, ჩემი მიყვანილია თეატრში. ობოლს რომ ჰკითხეს ცუდს ვის გაუკეთებო და ვინც გამზარდაო, ხომ გაგიგიათ? თან ეგ ტიპი ნაციონალების მხარეს იყო და პირველი ოქტომბრის არჩევნებზე კარუსელები დაატრიალა თეატრში. ეს უკვე დიდი შეურაცყოფაა. გორის თეატრში რომ ვიყავი, თეატრისთვის რომ ზედმეტი ხარჯები ამეშორებინა, იქვე სოფელში ბინა ვიყიდე და დღემდე სოფელში ვცხოვრობ. გორის ინტელიგენციის ორიათასმა წარმომადგენელმა წერილი დაწერა ჩემს მოთხოვნაზე და ამასაც არაფრად აგდებენ.

- თქვენ თვლით რომ პოლიტიკური დევნა თქვენზე დღემდე გრძელდება?

- რა თქმა უნდა! ირაკლი ოქრუშვილი მოსწონს თუ არა, ვინმეს სულ არ მაინტერესებს. იგი ჩემი მეგობარია. ნაციონალებმა ხომ დედა მიტირეს, ახლა მოვიდა "ქართული ოცნება" და მგონი, ისიც არ აკლებს ხელს. მოიყვანეს კულტურის მინისტრი, რომელიც ყოვლად უნიათოა. მინისტრს თავის პოზიცია არ უნდა გააჩნდეს!? არარაობა და უნიათო მინისტრია. ეს არის "ოცნების" მონაპოვარი. თავის ოცნება აიხდინეს ამათმა. რაც უბედურება იყო თეატრებში, კიდევ მეტი მოემატა ახლა. მიტინგებზე ერთად ვიბრძოდით, ახლა რომ დიდი პარლამენტარები არიან და დღეს არცერთი ტელეფონს არ პასუხობს. მინისტრზე აღარაფერს ვამბობ უკვე. ადრე მიშაზე იძახდნენ. მის ყურამდე არ მიდის ყველაფერიო და დღეს ბიძინაზე დაიწყეს. ანუ მიშამ არაფერი იცოდა, ბიძინამ არაფერი იცის და ეს ვირთხები განაგებენ ქვეყანას?! გურამ ოდიშარია ჩემზე იძახის, ჩემი მეგობარიაო.. რა შენი მეგობარი ვარ კაცო, რეალურად დაინახე რაღაც! მე, რამაზ იოსელიანმა, გადავარჩინე გორის თეატრი, გავაკეთე მცირე დარბაზი, ცხოვრებაში საზღვარგარეთ არ ყოფილა თეატრი და საზღვარგარეთ დავდიოდით, 33 სპექტაკლი ვითამაშეთ სამხედრო შენაერთებისთვის, საკუთარ გაზეთს ვუშვებდით... სამი წლის განმავლობაში, რასაც თბილისის თეატრებში ხელფასებს ვიღებდი, სულ გორის თეატრში მიმქონდა... გურამ ოდიშარიაზე თამამად ვიტყვი, რომ ამ ქვეყანას არ არის კაცი. რეალურად ვერ ფლობს სიტუაციას. მე დღეს ქარის წისქვილებს ვებრძვი და დღეს ჩემსავით ბევრია.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)