”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

”კაჩიგარიაში” მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს გაგიჟება, მერე კი შიმშილით სიკვდილი ემუქრება! (ექსკლუზივი)

საკუთარი თავი არ უნდა შეიცოდო, - აქედან კარგი არაფერი გამოდის, თუმცა მე მაინც, ჩემთან ერთად, ყველა ის ჟურნალისტი მეცოდება, ვინც სოციალურ თემაზე მუშაობს. ჩვენს ქვეყანაში ეს საშინელებაა, - რამდენჯერაც ვთქვი, ამაზე უარესი არაფერი მინახავს-მეთქი, მეორეჯერ უფრო უარესი სიღატაკე ვნახე. ამჯერადაც ჯიხვაძეების ოჯახში მისულმა თვალებზე ხელი ავიფარე და ჩამოღება აღარ მინდოდა... თუმცა ვიდრე ამ კოშმარს აღვწერდე, მანამდე მაინც მადლობა საქართველოს, - ამ უბედურების ამბავი უცნობმა ხალხმა გაგვაგებინა. გვწერდნენ, - ვეხმარებით ამ უბედურებს, თუმცა მარტონი ვერაფრით შევძლებთ, კატასტროფა ავაშოროთო! და ეს მართლაც ასეა, - ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბინძურ ”კაჩიგარიაში” შეხიზნულ სამ მცირეწლოვან ბავშვს ნამდვილად ემუქრება კატასტროფა, თუ მათზე განგაში წინასწარ არ ატყდა და არა, როგორც ჩვენ ვიცით, - მათი ფსიქიკურად დაავადების ან უარეს შემთხვევაში, შიმშილით სიკვდილის შემდეგ. როცა ნანგრევებში მოთამაშე ამ ბავშვებს მივადექი, შოკში ჩავვარდი, - სამი და-ძმიდან უფროსი, ჭუჭყიან სარაფანში (არადა, ციოდა!) გამოწყობილი 6 წლის ნინო ნანგრევებში ქვითა და ჯოხით დარბოდა და იქვე შეკრებილ მეზობელ ბიჭებს ცხოვრებისაგან გაუბედურებული ქალივით უხეშად ემუქრებოდა.

გოგონა ამ საქმიანობაში ისე იყო ჩართული, ჩემს ძახილზე არც მოუხედავს. მერე რომელიღაც ბიჭი საცემად გამოეკიდა და ბავშვი ნანგრევებში გაუჩინარდა. ამასობაში ნანგრევების სხვა მხრიდან ნინოს 5 წლის ძმა, ნიკა და დედა, ნატო ბასილაშვილი გამოჩნდნენ. ისინი საცხოვრებლისაკენ წამიძღვნენ, თუკი შეიძლება საცხოვრებელი ეწოდოს ათასგვარი ნაგავისაგან შეკოწიწებულ ხუხულას, რომელშიც მხოლოდ ორი ჭუჭყიანი საწოლი და ასევე ჭუჭყიანი საბავშვო ეტლი ძლივს ეტევა. ეტლში, ძველ საფენებში გახვეული პატარა იწვა, - ჯიხვაძეების უმცროსი შვილი, დათო. ის სულ სამი კვირის წინ დაიბადა. ჩვილის გარშემო კოღოების მთელი გუნდი დაფრინავდა, რომელებიც აქ ნესტიან ნანგრევებში ბუდობენ. გარშემო ყველგან მომწამვლელი სუნი იდგა, - ოჯახის დიასახლისმა, რომელსაც სუნთქვა ისედაც უჭირდა ”ეზოში” მდგარ დამწვარი პოლიეთილენისგან ანთებულ ”ფეჩზე” ჩვილისთვის ფაფის მომზადება დაიწყო!

მეც იქვე დაგდებულ ხის ნაჭერზე ჩამოვჯექი, სადაც ბავშვები ისე ამეწეპნენ, ხელის განძრევის საშუალება აღარ მომცეს, - ჩემზე მოკრულები ჩემი ჩანთისკენ ისე ხარბად იცქირებოდნენ, სასწრაფოდ ფული ამოვიღე და მივეცი. ბიჭმა გოგონას ფული არ დაანება, ეს უკანასკნელი კი ისტერიკულად ატირდა. ბავშვს ისტერიკამ დიდხანს არ გაუარა. ამ დროს შიმშილისაგან გაძვალტყავებული დედამისი მშვიდად მეუბნეოდა, - ნევროზი აქვს, ასეთი ისტერიკა ხშირად ემართება, მალე გადაუვლისო. პატარა ნიკაც ”მაიმედებდა”, - ნუ გეშინია, იტირებს, იტირებს და გაჩუმდებაო და... იცინოდა. მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ორივე ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში ორივენი უბრალოდ, არაბავშვური, სასტიკი გარემოსა და შიმშილის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. ამით შეძრწუნებულმა ბავშვების დედას პირდაპირ ვკითხე, - ნუთუ ვერ აცნობიერებ, რომ აქ შენი შვილები იღუპებიან. როგორ ვერ მოახერხე, რომ რომელიმე ბავშვთა სახლი მოგეძებნა( თუმცა, ასეთი ბავშვთა სახლის მოძებნაც პრობლემაა, - გასულ წლებში ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო ბავშვთა სახლი დახურა), ბავშვები მიგეყვანა და არაადამიანურ გარემოში განადგურების საფრთხეს აგერიდებინა-მეთქი?! მან დაფლეთილ საფენებში გახვეული ჩვილი მუხლებზე დაიწვინა და მიპასუხა:

- მაგას ვერ ვიზამ!

- კი მაგრამ რატომ?

- იმიტომ რომ თავად ინტერნატში ვარ გაზრდილი, - ოთხი და-ძმა ვართ, მამამ მიგვატოვა, დედამ ბინა გაყიდა და ჩვენ ინტერნატში შეგვიყვანა, - აფრიკა რომ ჰქვია, იქ იყო ის ინტერნატი. რა სიბინძურე აღარ ხდებოდა, ვინ ვის ”ეზასავებოდა” ყურადღებასაც აღარავინ აქცევდა. სულ მშიერი ვიყავით. მაშინ გათბობა არ იყო და ”ფეჩით” ვთბებოდით. ცეცხლის დასანთებად თხილის ნაჭუჭები მოჰქონდათ... ღამღამობით იმ ნაჭუჭებში დარჩენილ თხილს ვეძებდით და ვჭამდით. ისე მოვიწამლე, ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი.

- ინტერნატის შემდეგ როგორ ცხოვრობდი?

- ინტერნატი ათი წლის წინ დავამთავრე. სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება. დედამ, - ტყუილად არ სცადო, ფული არ მაქვს და ვერ შეგინახავო, ამიტომ ჭრა-კერვის კოლეჯში შევედი. ამასაც აზრი არ ჰქონდა, სახლში რომ მივდიოდი, ჩემები სულ ჩხუბობდნენ, - არც საჭმელი გვქონდა, არც სამუშაო. ნევროზი დაამემართა, ქუჩაზე ვეღარ გადავდიოდი, მეგონა, მანქანა დამეჯახებოდა. ერთხელ ასე რომ ვიდექი, ერთი ბიჭი მოვიდა და გადამიყვანა. ის ბიჭი შემიყვარდა და სამ დღეში ცოლად გავყევი.

- როგორც ვხვდები, არც ასეთმა ნაჩქარევმა ქორწინებამ გაგიმართლა.

- უფრო დავიღუპე. ჩემი ქმარი ჯანმრთელი არ არის. ერთხელ ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მოხვდა.

- ახლა სად არის შენი ქმარი?

- ფეხმძიმე დამტოვა და მშობლებთან, ბაღდათში წავიდა. ვერ ვიტყვი, რომ შვილები არ უყვარს. რამდენჯერმე ჩამოვიდა და ნახა, მაგრამ ჩვენთან ცხოვრება არ უნდა. თან ცეროზიც აქვს....

- თავად რა გაწუხებს, გამხდარი ხარ, სუნთქვაც გიჭირს...

- ჭლექი მაქვს. ვმკურნალობდი. მესამე შვილზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, კავერნაც დახურული მქონდა. ახლა აღარ ვიცი, ფილტვები რა მდგომარეობაში მაქვს. ჯერ ბავშვია გამოსაკვლევი, რომ ჭლექი არ ჰქონდეს, მერე მეც უნდა მივიდე ექიმთან.

- ჭლექი უფროს შვილებს ხომ არ გადასდებიათ?

- ჯერ არა. მაგრამ ექიმებმა მითხრეს, საშიშია, რომ გადაედოსო.

- ნათესავებიდან ვინმე გეხმარება? თავს რითი ირჩენ?

- ჩემს ნათესავებს ფული თავად არ აქვთ. ახლოს ეკლესია გვაქვს და მისმა მოძღვარმა კურთხევა მომცა, - ჩვენს ეკლესიასთან დადექი, იქნებ ვინმემ მოწყალება გაიღოსო. თავადაც მეხმარება.

- შეუძლებელია, შენს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა შენს გარემოში დიდხანს იცოცხლოს!

... ამ უბედურ ქალს ესეც პირდაპირ მივახალე, - ან დამალვას რა აზრი ჰქონდა, მართალია თავად ვერაფერზე ფიქრობს, გარდა იმისა, შვილებს რა აჭამოს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რაც ელის თუ გარემოს თავი ვერ დააღწია. რაც ემუქრება დედას, ზუსტად იგივე ემუქრება, მის სამ მცირეწლოვან შვილს. თუმცა, ჯერ კიდევ შეიძლება გვიანი არ იყოს და ისინი გარემოს სისასტიკეს გამოვტაცოთ და გადავარჩინოთ. ამით სამი ქართველი გადარჩება.

დღეს, ამ საათში კი, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, ისინი დამპალ ხახვსა და გამხმარ პურს ჭამენ! ნამდვილად არაფერი მეშლება, - წლებია მათი ძირითადი საკვები ეს არის. ამიტომაც ახლა მათი ანგარიშს გთავაზობთ, - ვისაც რა შეუძლია იმის გაღებით, ჯიხვაძეებს შიმშილით სიკვდილისაგან იხსნის. თუმცა ამასაც პირდაპირ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ დროებითი იქნება, - თუ ჯიხვაძეებზე განგაში არ ატყდა, მათ უბედურება ელით!

საქართველოს ბანკი: BAGAGE22

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE94BG0000000307741900

მიმღები: ბასილაშვილი ნატალია

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)