ირმა გიგანი - "ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან" - კვირის პალიტრა

ირმა გიგანი - "ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ის პირები დაასახელა, რომელთა გამოც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ შორის არიან პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალი ბორის ბედია... ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა ახალგაზრდა, წარმატებული პიანისტი  ირმა გიგანი.

- ძალიან მომწონს და ვემხრობი ამ კანონპროექტს... ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან. ჩვენ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ბავშვები გვყავს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გააქვთ ქვეყნის სახელი. ამ ბავშვებს წელიწადში შეიძლება ათასი კონცერტი, გამოფენა თუ სპექტაკლი ჰქონდეთ და ვეღარ მოასწრონ ზოგადი უნარებისთვის მომზადება. ამისთვის არ სცალიათ.  ისინი თავიანთ სპეციალობას ასი ქულით აბარებენ, და საბოლოო შედეგს უნარები არ უნდა განსაზღვრავდეს, ეს უსამართლობაა... ახალი კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილებას მივესალმები.

- თქვენ უკვე მოიპოვეთ აღიარება და გინდათ თქვათ, რომ წარმატებისთვის დღესაც იმდენი შრომა გიწევთ, რომ ზოგად უნარებში მოსამზადებლად ვერ მოიცალეთ?

- ძალიან ბევრი შრომა მჭირდება ყოველდღიურად... 5 წლიდან ვმართავ კონცერტებს შეუჩერებლად და წლის განმავლობაში აუარებელი კონცერტები მაქვს საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც ძალიან ბევრ რამეს ვერ ვასწრებ, რადგან სულ კონცერტებში და კონკურსებში ვარ. წელს, კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ჩემი სპეციალობა ასი ქულით ჩავაბარე. ასეთ ბავშვებ, ვინც ასი ქულა ავიღეთ სპეციალობაში და დრო არ გვქონდა უნარებში მოსამზადებლად, პრობლემები შეგვექმნა. იქაც ორ ქულაზეა სულ საუბარი, რის გამოც მეტად წარმატებულ ბავშვებს შეიძლება შეფერხება ჰქონდეთ. ამიტომაც გაიგზავნა წერილები კონსერვატორიიდან და სამხატვრო აკადემიიდან, აბსოლუტურად სწორი ახსნით. ზოგადი უნარები თან მხოლოდ საქართველოშია მისაღებ გამოცდებზე. მე პირადად ძალიან ბევრ მიწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორიიდან და ზოგადი უნარები უცხოეთში საერთოდ არ იციან, რა არის.  ვინც თავის პროფესიას ას ქულაზე ასრულებს, ასახელებს ქვეყანას საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, არ შეიძლება, სწავლის საშუალება არ ეძლეოდეს. ამიტომაც ძალიან დიდ მადლიერებას გამოვთქვამ, არა მარტო ჩემი სახელით, ბატონი ვანო კიღურაძის მიმართ.

- პარლამენტში საკმაოდ აღმოჩნდა ხალხი, ვინც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება... ითქვა ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიადასა თუ კონკურსებში გამარჯვება ძალიან ადვილია...

- ამაზე ცუდი რა შეიძლება იყოს, ზოგიერთი მათგანი თუ არაფრად აგდებს, ქართველი ბავშვი რომ თავის სპეციალობას ასი ქულით აბარებს და მსოფლიო აღიარება აქვს?!... უნიჭიერესი ბავშვები შეიძლება დაიჩაგრონ. ვინც იცის ხელოვანის გრაფიკი, ის ყველაფერს მიხვდება. თუნდაც მისაღებ გამოცდებზე სრულიად ორიენტირებული ხარ შენ სპეციალობაში უმაღლესი დონე აჩვენო. ასევე ინგლისურსა თუ ქართულში მაღალი ქულები მივიღე. როგორ შეიძლება შენი მშობლიური ქართული ენა უმაღლეს დონეზე არ იცოდე?!... მაგრამ ეს ზოგადი უნარები უკვე სასაცილოა, თუნდაც იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანაში არ ბარდება. წარმატებებსაც თუ არაფრად აგდებენ, ეგეც სასაცილოა უკვე... ახალი კანონპროექტი ძალიან კარგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, რაც ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალოს... მე პირადად ძალიან ბევრი მიწვევები მაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩემი სურვილი იყო საქართველოს კონსერვატორიაში ჩამებარებინა, არაჩვეულებრივ პედაგოგთან, ქალბატონ - მანანა დოიჯაშვილთან.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)