თამარ ივერი – არავითარი კომუნიზმში დაბრუნება! - კვირის პალიტრა

თამარ ივერი – არავითარი კომუნიზმში დაბრუნება!

"მსოფლიოსთვის "სოვეცკაია კომუნისტიჩესკაია რესპუბლიკა გრუზიი" არ უნდა გავხდეთ"

"ადამიანი და ვინჩის "მონა ლიზა" კი არ არის, სახელმწიფომ საზღვრებს გარეთ გასვლა აუკრძალოს"

"უკვე ზედმეტი მოგვდის რუსებთან "ბაბაიას" ძახილი"

"გარეთ არგაშვების" კანონი "რკინის ფარდის" დროს მაგონებს, როცა ხოში ქონდათ და გტოვებდნენ"

"საქართველოდან ევროპაში ძირითადად მიდიან მომავალი ვარსკვლავები და მომავალი კრიმინალები"

დღემდე საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარს ეუბნებოდნენ მხოლოდ მაშინ, თუ იგი იძებნებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან თუ ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს წარადგენდა. დეპუტატების, ირინე იმერლიშვილის და ზურაბ აბაშიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით კი, მოქალაქეს საქართველოს დროებით დატოვების უფლებას სახელმწიფო და ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეც არ მისცემენ...

ამ ინიციატივას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და კომუნისტურ ეპოქაში დაბრუნებაც კი უწოდეს... ამავე თემაზე გვესაუბრა მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი - თამარ ივერიც, რომელიც ახალი კანონის შემოღებით ერთობ უკმაყოფილო გვეჩვენა.

თამარ ივერი:

- საკონსულოები იმისთვის არსებობენ, რომ გამოიკვლიონ - ვინ ვინ არის და უცხოეთში წასვლას რატომ აპირებს. არ დავმალავ და ესპანეთში, იტალიაში, ავსტრიაში და ა.შ ქართველთა ყაჩაღური ბანდები უკვე ამ ქვეყნების პოლიციებისთვის მთავარ თავის ტკივილად იქცა. არ მინდა, ასეთი "გმირობებით" ვითქვამდეთ სახელს საზღვარგარეთ. მახსოვს, ერთმა ავსტრიელმა იურისტმა მითხრა.....რა უცნაური ერი ხართ ეს ქართველები, ორ უკიდურესობაში ჩავარდნილები, ვისაც ვიცნობ, ან ცნობილი, წარმატებული ვარსკვლავია, ან გასადეპორტებელი კრიმინალი... მოსახლეობის რაღაც "ოქროს შუალედი" საერთოდ გაგაჩნიათო?.. დაანანია, რომ ასე ფიქრობენ ჩვენზე მაგრამ, სიმართლესთან ახლოა. რატომღაც ეს 2 კატეგორია ჩანს: ევროპაში საქართველოდან მიდიან ან მომავალი ვარსკვლავები, ან მომავალი კრიმინალები. თავის დროზე ხომ ჩვენც ასევე გავედით ქვეყნიდან? მაგრამ ასე განურჩევლად ყველა "გამსვლელის" ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. ეს კანონი არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება სახელმწიფო ინტერესებში, რატომ შეიძლება არ გაგიშვას სახელმწიფომ. ადამიანი რა, და ვინჩის "მონა ლიზა" ხომ არ არის, განუცხადო, სახელწიფომ გადაწყვიტა საზღვრებს გარეთ არ გაგიშვათო?! ასე განუკითხავად ყველა მოქალაქის ერთ ჩარჩოში მოქცევით უფრო სავალალო და არადემოკრატიულ შედეგებს მივიღებთ. ეს კანონი "არგაშვების შესახებ" "რკინის ფარდის" დროს მაგონებს, როცა უბრალოდ "ხოში ჰქონდათ" და გტოვებდნენ. ასეთი მიდგომა უკან დაგვხევს და წარსულში დაგვაბრუნებს.

- უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ.. ამ შემთხვევაში რომელი ქვეყანისგან სჯობს ავიღოთ მაგალითი?

- მთელ მსოფლიოში მიმოგზაურია და ვიტყვი, რომ ზოგ ქვეყანას მთლად "ლაითი" შესვლა-შემოსვლა და ნარკოტიკების და პორნოინდუსტრიისთვის სასათბურე პირობები აქვს, რითიც ხშირად პრობლემებს "იკიდებს", (ძირითადად ბენელუქსის ქვეყნები) ზოგ ქვეყნებში კი მართლაც აბსურდამდე მიდიან აეროპორტში შესვლის მხრივ.. ამერიკაში საათობით დგახარ რიგში და ხალხს სათითაოდ ეკითხებიან, რა მიზნით ჩამოვიდნენ, უნდა გაიარო ყველაფერი, თითის ანაბეჭდებით დაწყებული, სპეციალური ფასიანი ანკეტების შევსებით დამთავრებული. იაპონიაში, შვეციაში, ავსტრალიაში ცხოველის შეყვანისთვის თქვენი ოთხფეხა მეგობარი 6 თვით უნდა დატოვოთ კარანტინში და მისი კვების და გამოკვლევის სოლიდური ხარჯებიც თავად გაიღოთ. ავსტრალიაში საერთოდ, ბეწვეულის, საჭმლის, ნაკეთობის და ლამისაა ყველაფრის შეტანა იკრძალება. რაც შეეხება მიბაძვას... ვთვლი, რომ ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე ღირსეულად ინგლისი გამოიყურება. ისე, უმიზნოდ, საეჭვოდ და არალეგალურად "სალაყუნოდ" იქ ვერ ჩახვალ. ეს ქვეყანა საეჭვო და უსაქმურ ხალხს არ "იხუტებს".

- სოციალურ ქსელში ამ ახალ კანონს, რუსეთთან ტონის შერბილების ფონზე, დიდ საბჭოეთში დაბრუნება უწოდა ბევრმა...

- მე მაინც ოპტიმისტი ვარ. ასე შავთეთრად ვერ ვიფიქრებ. არავითარი კომუნიზმში დაბრუნება! პროცესები წინ მიდის, მსოფლიო უკვე სხვა დონეზეა, დღეს ჩვენ მსოფლიოსთვის დამოუკიდებელი საქართველო ვართ და უნდა ვეცადოთ, არ გავხდეთ "სოვეცკაია კომუნისტიჩესკაია რესპუბლიკა გრუზიი". ხალხი უკუსვლას არ დაუშვებს. შერბილებული ტონი კი ამ ბოლო ტერიტორიული ინციდენტების შემთხვევაში ნამდვილად უნდა გამაგრდეს, თორემ ძალიან ზედმეტად გვიწევს უკვე რუსებთან "ბაბაიას" ძახილი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)