"გეუბნებით, რომ რუსეთის ფილმია, მაგრამ ჩემს გამო გადაიღეს ერევანში, ვაა!" - კვირის პალიტრა

"გეუბნებით, რომ რუსეთის ფილმია, მაგრამ ჩემს გამო გადაიღეს ერევანში, ვაა!"

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბუბა კიკაბიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთში ჩასვლაზე უარს აცხადებს და მიუხედავად აუარებელი შემოთავაზებისა, თავის პრინციპული გადაწყვეტილების ერთგული რჩება... სწორედ ამიტომ, სახტად დაგვტოვა გავრცელებულმა ინფორმაციამ- ცნობილმა ქართველმა კინომსახიობმა და მომღერალმა ფილმში - "პაპა 005" მთავარი როლი შეასრულაო. ფილმის შესახებ ინტერნეტში ასეთი ცნობები მოვიპოვეთ - მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი, გახმოვანება რუსული, ფილმის რეჟისორები - არკადი გრიგორიანი, მგერ მკრტიჩიანი... როლებში - სერგეი შაკუროვი, ანდრის ბულისი, ვახტანგ კიკაბიძე, ანა პოპოვა, გრანტ ტოხატიანი, კონსტანტინ იუშკევიჩი, სერგეი სტეპანჩენკო და სხვები... ამ საკითხზე თავად ბუბა კიკაბიძე გვესაუბრა...

ბუბა კიკაბიძე:

- დიახ, როდესაც გადაღებები დაიწყო, დამირეკეს ამ ფილმთან დაკავშირებით რუსეთიდან და ვუთხარი მათ, რომ თუ სხვა ქვეყანაში გადაინაცვლებდა გადაღებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდი. შემდეგ სომხეთში მიმიწვიეს და ჩემი გმირის გადაღებები იქ მიმდინარეობდა... თქვენ ახლა იმისთვის მიტრიალებთ, რომ გაიგოთ, მე რუსეთში ჩავედი თუ არა ხომ? არ ჩავსულვარ. რაც შეეხება ფილმს, მე მგონი რუსეთის არის.

- და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რუსეთში ჩასვლა-არჩასვლას, თუკი ფილმი რუსულია?

- მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მე არ მინდა რუსეთში ჩასვლა!!!... ესე იგი, რახან რუსეთის საკუთრებაა ფილმი, მე რა, ბომბები უნდა ვესროლო?! მეტი რა გითხრათ, გეუბნებით, რომ რუსეთის ფილმია, მაგრამ ჩემს გამო გადაიღეს ერევანში ვაა!

- ფილმი რამდენად მოგწონთ?

- ჯერ მე არ მინახავს. გუშინ დამირეკეს ოდესიდან, არაჩვეულებრივი ფილმიაო.

ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი სოსო აბზიანიძე:

- ბუბა არ ჩადის რუსეთში რატომ ვეღარ გაიგო ამ ხალხმა?!

- დიახ, მაგრამ მთავარი როლი შეარულა რუსულ ფილმში...

- არ არის ეს რუსული ფილმი, ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ?! თქვენ გენაცვალეთ, ნუ საუბრობთ ასე რა. ეს ფილმი გახლავთ მგერ მკრტიჩიანის გადაღებული. მართალია, მოსკოვიდან დაურეკეს ბუბას, მაგრამ ასე შეიძლება ესპანეთიდან დაერეკათ. რუსეთს არ აქვს საკუთრების უფლება ამ ფილმზე. ძალიან ცნობილი რუსი მსახიობი სერგეი შაკუროვი თამაშობს და იმიტომ იფიქრეს ალბათ ასე. ბატონმა ბუბამ მოთხოვნა წაუყენათ, რომ რუსეთში არ ჩავიდოდა და სადმე კავკასიაში გადაეღოთ. ამის გამო გადაინაცვლეს ერევანში და რაღაც ნაწილი საქართველოშიც კი არის გადაღებული. ღმერთო ჩემო, საიდან მოიტანეს რომ რუსული ფილმია?!

- ფილმის ოფიციალურ მონაცემებში ყველგან რუსეთია მითითებული..

- შეიძლება კინორეჟისორი ცხოვრობდეს მოსკოვში, მაგრამ ეროვნებით რუსი არ იყოს. რეჟისორიც და მთავარი პროდიუსერიც სომხები არიან. თქვენ რომ რუსეთს იძახით, შეიძლება რუსეთმა უბრალოდ შეისყიდა ეს ფილმი. კომერციული ფილმია და ამიტომ. ასე რუსები ყველაფერს იბრალებენ, მაგრამ ყველა ინტრიგას კი არ უნდა აყვეთ! იმას რატომ არ კითხულობთ, რატომ არ ჩავიდა ბუბა კიკაბიძე მოსკოვში ფილმის პრემიერაზე?! მოსკოვში იყო პრემიერა და არ ჩავიდა. ახლა კომერციულად სად გაყიდიან ფილმს, ჩვენ რა ვიცით, შეიძლება ავღანეთშიც გაყიდონ, მაგრამ ეგ უკვე ჩვენი საქმე აღარ არის. ბუბამ განაცხადა უარი 2008 წელს რუსეთში ჩასვლაზე, იმის მერე არ ჩასულა და არც აპირებს, თორემ ერთი თვის წინაც უზარმაზარი მოსაწვევი წერილი მივიღეთ კრემლიდან.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)