დიანა ღურწკაია: "ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე!"(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

დიანა ღურწკაია: "ვამაყობ, რომ ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე!"(ექსკლუზივი)

"ძალიან ბედნიერი ვარ, სოჭის ოლიმპიადაზე რომ ვიღებ მონაწილეობას როგორც ელჩი, დამსახურებული არტისტი, მომღერალი... იმედი მაქვს დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გავართმევ"... - ამბობს ცნობილი ქართველი მომღერალი - დიანა ღურწკაია... სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ საპატიო ელჩად და მეჩირაღდნედ არჩეული მომღერალი მოსკოვიდან გვესაუბრა.

დიანა ღურწკაია:

- მე ვარ ელჩი როგორც ოლიმპიადის, ასევე პარაოლიმპიადის, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერში რომ ვიღებ მონაწილეობას, როგორც ელჩი, დამსახურებული არტისტი, მომღერალი... იმედი მაქვს, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გავართმევ.

- ანუ თქვენ სოჭის ოლიმპიადაზე  მეჩირაღდნე არ იქნებით?

- ამ ოლიმპიადაზე მე და ჩემი კოლეგები მივიღებთ მონაწილეობას იმ მხრივაც, რომ პარაოლიმპიადის ფარგლებში გვექნება ჩვენი ფესტივალი, "თეთრი ჯოხი". ძალიან დიდი სამზადისი მიმდინარეობს ამ ფესტივალთან დაკავშირებით. ფესტივალი პარაოლიმპიადის ფონზე ჩატარდება. ასევე ვარ ოლიმპიადის მეჩირაღდნე, დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.

- საქართველოში ძალიან დიდი აჟიოტაჟი გმაოიწვია იმ ფაქტმა,რომ სამხედრო მფრინავი ნეჩაევი, რომელიც ცხინვალში გვებრძოდა, ასევე  მეჩირაღდნე იქნება... ალბათ იცით, რამხელა აგრესია მოჰყვა ამას საზოგადოებაში...

- რა აგრესია? ვერაფერს ვხვდები. მაგ ნეჩაევზე არაფერი მსმენია ამ წუთამდე... იცით რას გეტყვით? - მე ვარ მეჩირაღდნე. როგორც მეჩირაღდნე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აბსოლუტურად აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები... ისევ ვიმეორებ, რომ ნეჩაევზე პირველად თქვენგან მესმის... მე სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვაკეთებ ისე, როგორც მე შემეფერება. ამ შემთხვევაში რაც შემეფერება ,პირველ რიგში ჩემი ქვეყნის სიყვარულია. საქართველოს სიყვარულია ჩემთვის მთავარი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა... რაც შეეხება სხვა მეჩირაღდნეებს, ეს უკვე მე აღარ მეხება! მინდა მკაფიოდ დაწეროთ: ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე, ელჩი ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის! სხვა მეჩირაღდნეებს მე რაში მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მიყვარს ქართველი ხალხი და ქვეყანა და მსურს ქართული სული, ქართული საქმე ვაჩვენო, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე.

- საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, უნდა გამოვიდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე... თქვენ რას იტყოდით?

- ყველა სპორტსმენს და საერთოდ ადამიანს თავისი ინდივიდუალური აზრი აქვს. ამიტომ არ შემიძლია რამე ვთქვა. მთავარია, რომ ყველგან ისე უნდა გამოვიდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაზე თქვან, მართლაც რა კარგი და ლაღი ქვეყანა აქვთო. გამიგეთ, მე არ მაქვს უფლება, რაღაც განსჯა დავიწყო და ვთქვა, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა როგორ უნდა იყოს და ასე შემდეგ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)