"ოღონდ დაბრუნდი, ნინო!" - კვირის პალიტრა

"ოღონდ დაბრუნდი, ნინო!"

"მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ" - დაკარგულ გოგონას მთელი საქართველო ეძებს

პირველად მინდა, რომ გაზეთის გამოსვლის დროს ჩემი მომზადებული წერილი უინტერესო აღმოჩნდეს მკითხველისთვის, აღარ არსებობდეს პრობლემა, რომელმაც მისი დაწერა გადამაწყვეტინა და ბედნიერი დედა გულში იკრავდეს საღ-სალამათ გოგონას, რომელსაც ახლა, სავარაუდოდ, მთელ საქართველოსთან ერთად ეძებს.

17 ოქტომბერს, საღამოს, სოციალური ქსელით ლალი ცინცაძემ გაავრცელა ინფორმაცია დაკარგული ქალიშვილის, ნინო გვასალიას შესახებ. 22 წლის გოგონა დღის პირველ საათზე სახლიდან გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. სახლთან ძალიან ახლოს - თელავის, გუთნისა და ხახანაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე იკარგება ნინოს კვალი. სავარაუდოდ, გოგონა ტაქსიში ჩაჯდა და არავინ იცის, საით წავიდა. სახლიდან გასვლისას არ წაუღია არც ერთი მნიშვნელოვანი ნივთი, მაგრამ როგორც დედა ამბობს, წაიღო ტკივილებით და უსიამო ფიქრებით დამძიმებული გული და გონება, მშობლებს კი სამყაროსთან პროტესტის ნიშნად დაუტოვა წერილი ავის მომასწავებელი შეტყობინებით: "აღარ მინდა, თქვენი ნაწილი ვიყო. ჩემი წერილი არის პინქ ფლოიდის ცნობილი სიმღერის "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ" საუნთრეკი".

ნინოს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ სამართალდამცველები და მეგობრები. უცნობი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ მის ოჯახს, დროდადრო ატყობინებენ, რომ გოგონა ნახეს რომელიღაც ბაღთან, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, სადღაც ქუთაისში და ა.შ. სამწუხაროდ, სათვალთვალო ვიდეოკამერები ამ ადგილებში მის ყოფნას არ ადასტურებს.

ლალი ცინცაძე, ნინოს დედა: - 17 ოქტომბერს, დილით, ძაღლი გაასეირნა. მერე ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა. სად მიდიხარ-მეთქი? რეესტრშიო, დამცინავად მიპასუხა და დააყოლა, აკადემიაში მივდივარო. თვალებში არც შემომხედა. რაღაცნაირი იყო, წინააღმდეგობა ვერც გავუწიე, თუმცა, აზრადაც არ მომსვლია, რატომ უნდა გამეწია წინააღმდეგობა?! ის ყოველთვის ისეთი მოწესრიგებულია, რომ არავის მეთვალყურეობა არ სჭირდება და თვითკონტროლსაც მშვენივრად ახერხებს. ამიტომაც 9 საათამდე არ დამირეკავს, არ მომიკითხავს. რომ დააგვიანდა, შევეხმიანე. ტელეფონი გამორთული იყო. მის ოთახში შევედი, იქ კი წერილი ვნახე: "დედიკო და მამიკო, აღარ მინდა, თქვენი ნაწილი ვიყო, ამიტომაც მივდივარ"... კინაღამ გული გამისკდა. ავწრიალდი, ავტეხე განგაში, დავიწყე ძებნა. გული ცუდს მიგრძნობს. ის არ ჰგავს ორი-სამი დღით სადმე წასულს. თან არაფერი წაუღია. ყველა მისი მნიშვნელოვანი, მანამდე განუყრელი ნივთი სახლშია, ტელეფონიც, აიპადიც... ტელეფონის სიმ-ბარათიდან ყველა ინფორმაცია წაუშლია. მხოლოდ 50 ლარი აქვს წაღებული.

- გგონიათ, რაღაც საბედისწერო გადაწყვიტა?

- წინა დღით უმცროსი ძმისთვის უთქვამს, ყველაფრით დავიღალე და თავი უნდა მოვიკლა, ოღონდ ისე, რომ ვერავინ მნახოსო.

ბიჭი ბიძასთან, ჩემს ძმასთან იყო წუხელ. დღეს რომ მოვიდა და ეს ამბავი გაიგო, თქვა, ნინო თავის მოკვლას აპირებდაო(!). იმდენად სისულელედ მიიჩნია დის ნათქვამი, რომ ყურადღება არ მიუქცევია და ჩემთვისაც არაფერი უთქვამს.

- რატომ დაღალა ცხოვრებამ, რითი იყო უკმაყოფილო? იქნებ სადმე წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის პრობლემები მოაგვაროს, აქ რომ აწუხებდა?

- პირადი პრობლემები არ ჰქონია, მხოლოდ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აშფოთებდა გამუდმებით. ბევრი რამ გადავიტანეთ წინა ხელისუფლების დროს, მამამისმა ყველაფერი დაკარგა, მერე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ნინოს გაუჭირდა ამ ამბების გადატანა. ძალიან განიცდიდა ოჯახურ მდგომარეობას. ფაქტობრივად, ათი წელია, მუდმივ სტრესში არიან ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კურსის სტუდენტია, მუშაობის დაწყება უნდოდა, ვერაფერი ვუშოვეთ. ამასაც განიცდიდა...

- იცით, ბოლოს ვინ ნახა, საიდან გაუჩინარდა?

- სამართალდამცველებმა და კინოლოგებმა ძაღლს აძებნინეს და კვალი აქვე, მეზობელ,  ხახანაშვილის ქუჩაზე მთავრდება. სახლიდან გასვლის შემდეგ სავარაუდოდ, ტაქსიში ჩაჯდა და ისე წავიდა სადღაც, საიდანაც შეძლებდა თბილისისგან შორს წასვლას. ვფიქრობ, ასე ცოტა თანხა რომ წაიღო, შეიძლება თავს რაღაც აუტეხოს. არ ვიცი, როგორ მოვახერხო, რომ ყველა ტაქსის და "მარშრუტკის" მძღოლს მივაწოდო ფოტო, ინფორმაცია, ხომ არსად უნახავთ ჩემი შვილი, იქნებ მის გზაზე დამაყენონ.

- იქნებ სასწავლებელში ჰქონდა პრობლემები და თქვენ არ იცით?

- ძალიან ნიჭიერია. 53-ე სკოლა დაამთავრა წარმატებით და საგანგებო მომზადების გარეშე ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, სადაც 12 საუკეთესო სტუდენტს შორის ირიცხება და სტიპენდიაც აქვს. წიგნი და მარტო ყოფნა უყვარდა, სულ კითხულობდა, ორიგინალში კითხულობდა ინგლისურ და რუსულ ლიტერატურას. უსმენდა მუსიკას... ვფიქრობ, 12 ოქტომბერს რაღაც ისეთი მოხდა, რამაც მასზე გავლენა მოახდინა. საღამოს ვიღაცამ რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ხასიათი გაუფუჭდა და მთელი ღამე არ უძინია. 13 ოქტომბერს საშინელ ხასიათზე იყო. მთელი ღამე აიპადში იქექებოდა. იქაც ყველაფერი წაუშლია. "ფეისბუკის" გვერდიც გააუქმა წასვლამდე სამი დღის წინ. მისი კლასელები მოვიდნენ, ვისთანაც მეგობრობდა და თქვეს, რომ ორი კვირის წინ ნახეს და შესანიშნავ ხასიათზე იყო - ცუდი არაფერი შეგვინიშნავსო.

- იქნებ უბრალოდ, გადაწყვიტა, რამდენიმე დღე თავის თავთან მარტო დარჩეს...

- ის ღამეს გარეთ არ გაათევდა. ძალიან მოწესრიგებული და სუფთა გოგოა. არც საცვლები აქვს წაღებული, ტანსაცმელიც სპორტული აცვია, საშინაო.

გემუდარებით, ამობეჭდეთ ფოტოები და დაურიგეთ ყველას, იქნებ ვიღაცამ ნახა ჩემი შვილი, იქნებ მივუსწრო, სანამ გამოუსწორებელ ნაბიჯს გადადგამს. ვთხოვ შს  სამინისტროს, იქნებ დაათვალიეროთ წყალსაცავები, ტბები, მდინარეები, ზღვისპირეთი, გააფრთხილოთ სამაშველო სამსახური... გთხოვთ, დამეხმარეთ!

ნინოს გაუჩინარება უკვირს მის უფროს მეგობარს, ოჯახის ახლობელს, მუსიკოს გოჩა ყაჭეიშვილს, რომელსაც სახლიდან წასვლამდე რამდენიმე დღის წინ ჯერ სტუმრად ეწვია, შემდეგ კი თავად უმასპინძლა და შეუთანხმდა, რომ გიტარაზე დაკვრას ისწავლიდა. გოჩამ პირობა მისცა, ჩემი მეუღლე 19 ოქტომბერს მოსკოვიდან ჩამოდის, ვეტყვი, ჩემი საუკეთესო გიტარა წამოგიღოსო. ნინო ამ ამბავმა აღაფრთოვანა. ილაპარაკეს მუსიკაზე, მის საყვარელ ჯგუფ "პინქ ფლოიდზე", ბევრ კომპოზიციას მოუსმინეს, თუმცა, მათ შორის, არ იყო "მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ!”მეტიც, გოჩას თქმით, ნინო ძალიან ბედნიერი ჩანდა და მისთვის პროტესტის განცდა არ შეუმჩნევია. მაგრამ მეორე მეგობართან, ნათიასთან ნინოს დაუჩივლია, ძალიან გადავიქანცე, თითქოს ემოცია აღარ მაქვს, გრძნობები დამიჩლუნგდაო...

"მას სჭირდებოდა ვინმე დამლაპარაკებელი, ისეთი, ვინც მოუსმენდა და დაეხმარებოდა იმ ტკივილების დაძლევაში, რასაც მასში გარე სამყარო იწვევდა.

ვერ ეგუებოდა უსამართლობას, რომელიც ამ სამყაროში მეფობს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო ძალადობის მსხვერპლი - ქვეყანა თუ მისი ოჯახი, ყველაფერი ერთნაირად მიჰქონდა გულთან.

ძალიან ფაქიზი და უკომპრომისო აღმოჩნდა ჩემი შვილი. ვერ გავზარდე სხვანაირი. ის ყველაფერს განიცდიდა და როდესაც დაწერა, რომ ჩვენი - მისი მშობლების - ნაწილად ყოფნა აღარ უნდოდა, ამით პროტესტი გამოუცხადა სწორედ სამყაროს, რომელსაც, მისი აზრით, ჩვენ შევეგუეთ. მე მადანაშაულებდა და გამირბოდა, რადგან ამ სამყაროს ნაწილად მთვლიდა", - ამბობს დედა.

"მშვიდობით, სასტიკო სამყაროვ, დღეს გტოვებ, მშვიდობით, ხალხო, რა უნდა მითხრათ, რომ აზრი შევიცვალო? კარგად იყავით!" - "პინქ ფლოიდის" სიმღერის ეს პატარა ტექსტი მხოლოდ ნინოსთვის არ ყოფილა აქტუალური. "კვირის პალიტრის" საიტზე ნინოს ამბავს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - გოგონას თანატოლებიც, რომლებიც შინიდან გაქცეულს დაბრუნებას სთხოვენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მათთვისაც მტკივნეულია სასტიკ სამყაროში ცხოვრება(!!!).

www.kvirispalitra.ge

სალომე: "არ ქნა, ნინ! როგორ ვთქვა, მესმის შენი-მეთქი, მაგრამ მესმის და რა ვქნა... მეც შენხელა ვარ და 3-ჯერ ვცადე თვითმკვლელობა... ძალიან მინდა, გაგიცნო და  ბევრი ვისაუბროთ... როცა მეუბნებოდნენ, გამოსავალი ყველა მდომარეობიდან არისო, მიკვირდა და მწყინდა, გიჟად მთვლიან და მაწყნარებენ, ეგოისტები არიან, უბრალოდ, უნდათ, დიდხანს მიყურონ-მეთქი... გადაიარა ყველაფერმა, მოგვარდა ყველა პრობლემა, გაჩნდა ახალიც, მაგრამ ამ ახალ პრობლემებს მე თვითონ ვებრძვი... ახლაც მძიმე პერიოდი მაქვს, ძალიან მძიმე, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... იფიქრე დედაზე... ყველაფერს დაანებე თავი და მხოლოდ დედაზე იფიქრე... შეიძლება მშობლებზე ნაწყენი ხარ, მეც ვყოფილვარ, მაგრამ მშობელს ამას ნუ გაუკეთებ!..

...ბოდიში, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ნინოს რომ ერთი ნამდვილი მეგობარი ჰყოლოდა, ყველა პრობლემის მიუხედავად, ეს არ მოხდებოდა... ბევრი მყავდა მეც, დღემდე ძალიან მიყვარს ყველა, მაგრამ მხოლოდ ერთმა გადამარჩინა და მასწავლა ცხოვრება... მეგობრობა ყავის სმა და სხვისი გაჭორვა არ არის... მძიმე, სტრესული ფონია საზოგადოებაში... დავიღალეთ უკვე, 20-21-22 წლის ასაკში

დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"

აქვთ თუ არა ახალგაზრდებს იმის საბაბი, რომ გარე სამყაროს, საზოგადოებას გულგრილობაში დასდონ ბრალი? ისინი ამბობენ, რომ ნინოს ამბავზე საზოგადოების რეაქციამაც დაანახათ სიცივე, რომელიც ადამიანის გრძნობებს კლავს, "შევძრავთ ქვეყანას, ვიპოვით და დავუმტკიცებთ, რომ სამყაროს მხოლოდ მახინჯი კი არა, ლამაზი მხარეც აქვს, რომელიც უფრო ძლიერია და თუ პროტესტს უცხადებ სიმახინჯეს, ეს მისი დათრგუნვით უნდა შეძლო და არა - თვითგანადგურებით, ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით, ოღონდ დაბრუნდი, ნინო!" - აცხადებენ გოგონას თანატოლები.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ნინო გვასალიას მოსაძებნად მობილიზებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და შსს-ს ყველა დანაყოფი, სასაზღვრო გამშვები პუნქტები. შეამოწმეს საავადმყოფოები. სამაშველო სამსახურმა დაათვალიერა მტკვრის ზედაპირი და მიმდებარე ტერიტორია, გაიხსნა ნინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურების - "300 არაგველისა" და "ავლაბრის", 112-ის, ახლომდებარე აფთიაქებისა და ლომბარდების სათვალთვალო კამერები, მაგრამ ნინო არ ჩანს... შეიძლება იმიტომ, რომ სულაც არ აპირებს საშინელების ჩადენას და მალე დაბრუნდება... ვინ იცის, იქნებ გაზეთის ამ ნომრის გამოსვლამდეც...

ნინოს დედა: "გემუდარებით, ამობეჭდეთ ფოტოები და დაურიგეთ ყველას, იქნებ ვიღაცამ ნახა ჩემი შვილი, იქნებ მივუსწრო, სანამ გამოუსწორებელ ნაბიჯს გადადგამს. გთხოვთ, დამეხმარეთ!

ნინოს მხრებამდე შეჭრილი მუქი ფერის თმა აქვს, აცვია სპორტულად - მუქი ლურჯი ფერის, ბაიკის "კაპიუშონკა" (მაისურს მკერდზე ლათინური ასოებით აწერია "ჩემპიონი"), ყავისფერი ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი, დააქვს წითელი ნაჭრის ზურგჩანთა...

ჩვენო მკითხველო, თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ნინოს ადგილსამყოფლის შესახებ, ან ვინმესგან საგულისხმო  დეტალს შეიტყობთ, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ მითითებულ ნომრებზე, ან მოგვწერეთ საიტზე, კომენტარების გრაფაში! იქნებ ერთად დავაბრუნოთ ნინო!